იშვიათია შემთხვევა, როცა ავანსცენაზე არიან არა იმდენად კლუბები, თავიანთი უმდიდრესი ისტორიითა და ტრადიციით, რამდენადაც მათი მწვრთნელები და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამ ორი ფიგურის მასშტაბურობას...
მათ შორის მეტოქეობა 2008 წლიდან დაიწყო. მერე იყო "ბარსელონა"-"ინტერის" საჩემპიონთალიგო ნახევარფინალი, აღარაფერს ვამბობთ "რეალისა" და კატალონიური გრანდის ისტორიულ დაპირისპირებებზე, შაბათს კი ბრძოლის ეპიცენტრი მანჩესტერი იქნება, დიდი დერბი, საიდანაც პეპი და ჟოზე ბრძოლის ახალ ციკლს დაიწყებენ...
სპეციალურად დერბის
"არიან ადამიანები, ჩემზე მეტად ინტელიგენტები, რომელთაც კარგად ეხერხებათ საკუთარი იმიჯის გაყიდვა. მაგრამ გულის სიღრმეში ისინიც ჩემნაირები არიან", - თქვა ერთხელ ჟოზე მოურინიომ, როცა პეპ გვარდიოლაზე ჰკითხეს.
"რეალის" ბაზაზე, თავის ოფისში, მოურიონიოს ჰქონდა მუყაოზე გამოჭრილი ნატურალური ზომის ფოტო, რომელზეც ის (მაშინ ჯერ კიდევ "ინტერის" მწვრთნელი) გარბის ზეაღმართული საჩვენებელი თითით და ზეიმობს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გვარდიოლას "ბარსელონას" დამარცხებას.
ყველა ხვდება, რომ ეს ერთი კონკრეტული ზეიმის ამსახველი ფოტო არ არის, მთავარი აქ სხვა რამაა - ჟოზე უშულოდ პეპის ძლევას აღნიშნავს.
ეს გამარჯვება მოურინიოსთვის ერთგვარად მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდა. მან იგრძნო უპირატესობა და გადაწყვიტა, გვარდიოლასთან ქიშპი სხვა საფეხურზე აეყვანა. ამიტომაც მივიდა იმ ზაფხულს "რეალის" სათავეში. მისთვის ლამის საკრალურ მიზნად იქცა, ესპანურ ფეხბურთში გვარდიოლასა და "ბარსას" დომინაციისთვის წერტილი დაესვა.
თავის მხრივ, პეპსაც პროფესიული ფაქტორებიდან გამომდინარე არ მიუღია ერთობ უცნაური გადაწყვეტილება 2012 წლის ზაფხულში. გვარდიოლამ დატოვა "ბარსელონა" და ერთწლიანი პაუზა გამოაცხადა. ვინც ახლოს იცნობს მას, იცის, რომ ამის მიზეზი სწორედ მოურინიოსთან დაუნდობელი ქიშპით გადაღლა, სტრესი და გარემოს შეცვლის სურვილი იყო.
როცა ის "ბარსადან" წავიდა, მოურინიოსთან "ელ კლასიკოში" ასეთი სტატისტიკა დატოვა - 5 მოგება, 2 მარცხი და 4 ფრე. მაგრამ მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სწორედაც სტატისტიკა იყო მხოლოდ, მაგრამ შინაარსით:
"მე შეიძლება ბევრი ბრძოლა მოვიგე, მაგრამ ომში მოურინიომ გაიმარჯვა", - თქვა მან პრივატულ წრეში.
* * *
1997 წლის მაისი. ბობი რობსონის "ბარსელონა" თასების მფლობელთა თასის ფინალში ამარცხებს "პარი სენ-ჟერმენს". ფინალისშემდგომი ღრიანცელი მოედანზე. აქ ორი კაცი იქცევს ყურადღებას: ერთია გვარდიოლა - "ბარსელონას" ნახევარდაცვის ვარსკვლავი, და მოურინიო - რობსონის თარჯიმანი და თანაშემწე. ისინი ერთმანეთს ეხვევიან. მოურინიო სპეციალურად უხმობს ფოტოგრაფს, რათა ეს მომენტი აღბეჭდოს...წლების შემდეგ ის აღიარებს, რომ ამ ფოტოს დღემდე ინახავს თავის არქივში და იქვე დასძენს: "ჩვენ მაშინ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან".
"ბარსას" იმ თაობის ფეხბურთელები იხსენებენ, რომ რობსონს ხშირად ზუსტად ვერ მიჰქონდა იდეები მოთამაშეებამდე და თუ რამ გაუგებარი იყო, ამას მოურინიო და გვარდიოლა თურმე წუთში აგვარებდნენ.
ლეგენდადაც კია შემონახული ისტორია, თითქოს 1997 წელს, სამეფო თასის ფინალში, "ბარსელონამ" ახალგაზრდა მოურინიოსა და გვარდიოლას ინსტრუქციებით გაიმარჯვა...
* * *
იყო შანსი, 2012 წელს მოურინიო "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო. რობერტო მანჩინის მაშინ პოზიციები შეერყა და ჟოზეს აგენტი ჟორჟე მენდეში აქტიურად მუშაობდა "სიტის" უფროსებთან...გავიდა ამ ამბებიდან ერთი წელი და მოურინიო კინაღამ სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრე გახდა მეორე მანჩესტერულ გრანდში...
მაგრამ იყო ერთი სამსახური, სადაც ამბიციურ მოურინიოს ძალიან უნდოდა მუშაობა. ეს იყო "ბარსელონა", საიდანაც 2008 წელს ფრანკ რაიკაარდი გაათავისუფლეს, გვარდიოლა კი იმ მომენტში "ბარსელონა B"-ს ავარჯიშებდა, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ გამოუცდელი იყო კატალონიის მთავარი გუნდის თავკაცობისთვის. თუმცა ერთი კაცი ყოველთვის მზად იყო...
2000 წელს, როცა მოურინიომ "ბარსელონა" დატოვა, სამშობლოში დაბრუნების წინ ჟურნალისტებს უთხრა: "დღესაც და სამუდამოდაც "ბარსელონა" დარჩება ჩემს გულში".
მას იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღესაც ამ გუნდის მთავარ სამწვრთნელო სავარძელს მოირგებდა...
* * *
...და ეს დღე ახლოს იყო. 2008 წელს, უკვე "ჩელსიდან" წასულ მოურინიოს, ლისაბონში ჩააკითხეს "ბარსელონას" დირექტორებმა - ჩიკი ბეგირისტაინმა (დღეს "სიტიში" მუშაობს) და მარკ ინგლამ. მოურინიომ სტუმრებს უთხრა, რომ თუ რაიკაარდის შემცვლელად მას დანიშნავდნენ, გვარდიოლას ასისტენტად აიყვანდა...
სხვათა შორის, აწ განსვენებული ბობი რობსონი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, რომ მოურინიო გვარდიოლას ყოველთვის მიიჩნევდა "ბარსაში" უმნიშვნელოვანეს ფიგურად...
მაგრამ დავუბრუნდეთ 2008 წლის ზაფხულს. "ბარსელონას" დირექტორატი მთავარ მწვრთნელზე სამსჯელოდ იკრიბება. მოურინიო ფავორიტია არსენ ვენგერისა და მაურისიო პელეგრინის კანდიდატურებს შორის...
მაგრამ ბეგირისტაინი და ინგლა ითვალისწინებენ იოჰან კრუიფის (რომელსაც "ბარსელონაში" უზომოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა) რჩევას თუ, გნებავთ, დირექტივას: "მოურინიო წინააღმდეგობრივი ტიპია, სკანდალური, მაგრამ არც ვენგერი და პელეგრინი გვინდა... მაშინ, მოდით, ისევ სულით და ხორცით ბარსელონელი დავაწინაუროთ"!..
ასე გახდა "ბარსას" რეზერვისტთა მწვრთნელი გვარდიოლა მთავარი გუნდის დამრიგებელი. თავად პეპიც და ბევრი სხვაც გაკვირვებული იყო ამ არჩევანით. მოურინიოს კი ამით ცხვირწინ წითელი ნაჭერი აუფრიალეს.
"ჟოზე უზომოდ გაამწარა მისი კანდიდატურის უარყოფამ", - იტყვის მოგვიანებით მარკ ინგლა. ეს ომის დაწყების ნიშანი იყო...
* * *
როცა მოურინიო 2010 წელს "რეალში" მივიდა, ომის ცეცხლი უკვე გიზგიზებდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას" დამარცხება მისთვის, პირველ რიგში, პირადი შურისძიება იყო არა მარტო გვარდიოლაზე, არამედ მთლიანად "ბარსაზე", კლუბზე, რომელიც თითქოს მის გულში სამუდამოდ დარჩა 10 წლის წინანდელი განშორების შემდეგ...ჰკითხეთ თეორეტიკოსებს და გეტყვიან - მოუს იმიჯი შექმნა გვარდიოლასა და "ბარსელონასთან" დაპირისპირებამ. ასეთი რამ იოლად არ ქრება ან საერთოდ არ ქრება.
მოურინიო "რეალის" ფეხბურთელებს შთააგონებდა, რომ თითოეული ბარსელონელი, დაწყებული რიგითი მოთამაშით და დამთავრებული თვით უმაღლესი ჩინოსნით, მათი მტერი იყო. ეს აშკარად იგრძნობოდა მოედანზე, იგრძნობოდა ფეხბურთელების განწყობებში - პირველ ოთხ "კლასიკოში" ჟოზეს ერთ შეგირდს მაინც უფრიალებდნენ წითელ ბარათს. არადა, "ბარსას" და "რეალის" ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების ბირთვს ქმნიდნენ და იმ პერიოდში მათ ერთად ყველაფერი მოიგეს.
პეპმა გამოწვევა მიიღო და ჟოზეს პირველი მძიმე დარტყმა პირველივე "კლასიკოში" მიაყენა - 5:0. ერთხელ უეინ რუნიმ გაიხსენა, რომ ამ თამაშს შინ უყურა და მისი დასრულების შემდეგ, ფეხზე წამომდგარი, როგორც თეატრში, დიდხანს უკრავდა ტაშს "ბარსელონას" მიერ დადგმულ სპექტაკლს...
დღეს რუნი და მოურინიო ერთ ბანაკში არიან. ეს ისე, შეხსენებისთვის...
* * *
შაბათს გვარდიოლასთვის უთანასწორო ბრძოლა იქნება. ერთია, რომ პრემიერლიგაში ის ჯერ კიდევ ახალი კაცია და ეჩვევა გარემოს. მეორე მხარეს კი სწორედაც პრემიერლიგაში გამობრძმედილი და გაქნილი მოურინიოა, მისი დაუძინებელი მტერი, მაგრამ დაგავიწყდათ კიდევ ერთი კაცი?ზუსტად ეგ - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც გვარდიოლამ 2009 წელს "ინტერისგან" 60 მილიონ გირვანქად იყიდა სამუელ ეტო'ოს შემცვლელად. მაგრამ ორი განსხვავებული ხასიათი ერთმანეთს ვერ შეეწყო და ზლატანი მალევე აიბარგა.
"ეს იყო ომი და მე ვიყავი მის წინააღმდეგ, - წერს ზლატანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. - მახსოვს, შეშინებული გვარდიოლა როგორ ვერ მისწორებდა თვალს და თვეობით არ მესალმებოდა.
დღესაც ვფიქრობ, რომ ის დამოკიდებულია მოურინიოზე. მაგრამ მისგან განსხვავებით, მოურინიო დიდი ვარსკვლავია. თუ ჟოზე ოთახს ანათებს, გვარდიოლა შავ ფარდებს აფარებს და აბნელებს".
34 წლის იბრაჰიმოვიჩს დღესაც არ დაუკარგავს მოტივაცია:
"ზიზღი და რევანში, ეს არის ის, რაც მოტივაციასა და ძალას მმატებს", - აღიარებს ზლატანი.
* * *
მოურინიო და გვარდიოლა მანჩესტერში ჩასვლის შემდეგ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ამას წინათ, სტოკში პრემიერლიგის კლუბების მწვრთნელები შეიკრიბნენ. თვითმხილველი აღწერს ჟოზესა და პეპის შეხვედრას - იყო თურმე ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი-ორი ხუმრობაც.მაგრამ ამ შემთხვევაში სტოკი არ იყო საომარი ადგილი, ომი შაბათს, "ოლდ ტრაფორდზე" განახლდება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"