მეკარეები
ხოსეპ გვარდიოლას მისვლის დღიდან ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ის გახლავთ, თუ ვინ უნდა იდგეს "სიტის" კარში და რამდენად სწორად მოიქცა პეპი, როდესაც "ქალაქელთა" საყვარელი გოლკიპერი ჯო ჰარტი ჩამოიშორა. ეს გვარდიოლას მხრიდან ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი გახლდათ. პეპი საკუთარი სურვილის სისწორეში დარწმუნებული რომ არ გახლდეთ, ამას არ გააკეთებდა, მაგრამ… კლაუდიო ბრავოს დებიუტი ჩაუვარდა: ჩილელი აშკარად ნერვიულობდა. მართალია, გვარდიოლამ თავისი კადრი დაიცვა, მაგრამ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ბრავოს წუნი საგრძნობი იყო.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ შეცდომების გარდა, ბრავო ერთ-ორ ეპიზოდში კარგი იყო და, რაც მთავარია, "სიტის" პირველ გოლში დიდი როლი ითამაშა. მთავარია, კლაუდიო ნერვებს არ აჰყვეს და დალაგდეს. მერე გვარდიოლასაც აღარ მოუწევს თავის მართლება ჟურნალისტებთან.
დავიდ დე ხეაზე ახალს ვერაფერს ვიტყვით, ესპანელი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ სეზონშიც არაერთ ქულას გადაურჩენს "მანჩესტერ იუნაიტედს".
დაცვა
დეილი ბლინდმა რამდენიმე კარგი პასი კი მიითვალა, მაგრამ მისი და ერიკ ბაილის წყვილი დაცვის ცენტრში დიდად საიმედოდ გამოიყურებაო, რომ ვთქვათ, ტყუილი იქნება. ბლინდის ეს პასები კი უფრო გვარდიოლას მოეწონებოდა. დეილი ლუი ვან გაალის კადრი უფროა და ხომ არ მოვიდა დრო, ჟოზე მოურინიომ ძირითადში კრის სმოლინგი დააბრუნოს? ფეხბურთელი, რომელიც წინა სეზონში დე ხეასთან ერთად საუკეთესო გახლდათ თავის კლუბში. გადახედვა სჭირდება ფლანგებსაც - მხოლოდ ანტონიო ვალენსიას პერიოდული აფეთქებებისა და ლუკ შოუს ფორმაში შესვლის იმედად ყოფნა არ ღირს.
უშეცდომოდ არც "სიტის" უკანა ხაზი გამოიყურება, თანაც ამ ექსპერიმენტების ფონზე, რომლებსაც გვარდიოლა ატარებს. დერბიში ჯონ სტოუნსიც მშვენივრად გაისარჯა და ნიკოლას ოტამენდიმაც დაამტკიცა, რომ მეტ ნდობას იმსახურებს. ფლანგზე დაბრუნებულ ალექსანდრ კოლაროვსაც არაფერი უჭირდა, ისევე, როგორც საპირისპირო ფრთაზე მობურთალ ბაკარი სანიას.
ნახევარდაცვა
ერთი შეხედვით, " იუნაიტედის" ძლიერი მხარე სწორედ მძლავრი შუა ხაზი უნდა იყოს - მყვირალა სახელ-გვარები და სოლიდური, ძვირფასი კონტინგენტი, მაგრამ… რეალობაში საქმე ცოტა რთულადაა. ახლა, ალბათ, ასმაგად უფრო კმაყოფილია ყველა, ვინც პოლ პოგბას ტრანსფერს აკრიტიკებდა. "მამლაყინწა" თავისი სიყრმის კლუბში გაცილებით უკანდახეული და შებოჭილია, ვიდრე ტურინის "იუვენტუსში" გახლდათ და თითქოს აშვება ესაჭიროება, ეს კი ასეთი ადვილი გასაკეთებელი არ არის, რადგან მაშინ საყრდენის პოზიცია მოშიშვლდება. მარუან ფელაინიმაც "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებიდან დღემდე ვერ იპოვა თავისი ადგილი "მანჩესტერში".
ფელაინის და სხვა ყველა მაღალი ფეხბურთელის გათვალისწინებით, უფრო მეტ ჩაწოდებას ველოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერჯერობით, ანსამბლიდან აშკარად ამოვარდნილია ჰენრიხ მხითარიანიც, რომელსაც გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე აქამდე გვიჩვენა. აღარაფერს ვამბობთ ჯესი ლინგარდზე, რომლის ძირითადში გამწესებაც მოურინიოს მთავარი შეცდომა გამოდგა.
"მანჩესტერის" ნახევარდაცვაში სერიოზული საცობია, რასაც უეინ რუნის უკან დახევაც უწყობს ხელს.
ასეთივე გადატვირთვაა "სიტის" შუა ხაზში, მაგრამ "ქალაქელები" ლავირებას გაცილებით უკეთ ახდენენ და ფუნქციებიც ჭკვიანურად და ეფექტურადაა განაწილებული. ფერნანდინიო ყველგანაა, "შავ სამუშაოს" კარგად ასრულებს და, როცა გამოსდის, წინ წასვლასაც "ბედავს". დავიდ სილვა, როგორც ყოველთვის, სასარგებლოა. კევინ დე ბრუინმა გვიჩვენა, რომ პირველ მატჩებში შედარებითი პასიურობა დროებითი იყო და ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მინდორზე საუკეთესო იყო.
რაჰიმ სტერლინგი მიმდინარე სეზონშია გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. ნოლიტო კი ბევრს შრომობს და ნახევარდაცვასა და თავდასხმას შორის ერთგვარი ხიდის როლს ითავსებს.
თავდასხმა
ზლატანი ზლატანია და ვერაფერს იზამ, ის "ოლდ ტრაფორდზე" სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ გადასულა. იბრაჰიმოვიჩი სუპერვარსკვლავია და ნებისმიერი კლუბისთვის იგი დიდი ძალაა, მაგრამ ამავდროულად, დიდი ტვირთიც. იბრას, ფაქტობრივად, ყველა მატჩში გააქვს, მაგრამ ცოტა შეტევებს ანელებს. როდესაც მოურინიომ მინდორზე ერერა და რაშფორდი გამოუშვა, გუნდის თამაში აშკარად გამოცოცხლდა. პატარა რაშფორდს უკვე დიდი ამბიციები აქვს -მარკუსი მეტ სათამაში დროს იმსახურებს. იმავეს ვიტყოდით ანტონი მარსიალზე, ფრანგი სხარტი და რეაქტიულია.გვარდიოლას აქაც ყველაფერი უკეთ აქვს აწყობილი. მართალია, თითქოს მისი გუნდი ზედმეტადაა სერხიო აგუეროზე დამოკიდებული, მაგრამ აგერ, არგენტინელი არ იყო და… პეპმა სისტემა არ შეცვალა და ახალგაზრდა კელეჩი იჰეანაჩოს ენდო, იგი აგუეროს პოზიციაზე "დასვა". ამან გაამართლა კიდეც, ნორჩმა ნიგერიელმა მინდორი გოლს პლუს პასით დატოვა.
რუნი
უეინ რუნი ახლა იმ პერიოდშია, გუნდის სიხარულიც რომაა და ტკივილიც, პლუსიც და მინუსიც… ის კლუბის ლეგენდაა და მართალია, ბოლო წლებში გრანდებისგან მივეჩვიეთ იმას, რომ თავიანთ თილისმებს ადვილად "იშორებენ" ხოლმე, მაგრამ რუნი ჯერ მხოლოდ 30 წლისაა. მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ იგი ტემპსაც აგდებს, პოზიციაც დაკარგული აქვს. კი, ხანდახან ძველებურად შეუდარებელია, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. მწვრთნელები
არ დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - "სიტი" წლების განმავლობაში იყო პეპ გვარდიოლათი დაინტერესებული. გუნდში მას რამდენიმე ძველი მეგობარი დახვდა და ნიადაგი მომზადებული გახლდათ იმისთვის, რომ გვარდიოლას "ქალაქელები" ჩაებარებინა. მას იქ ელოდნენ და გარდა ამისა, მანუელ პელეგრინის სათამაშო სისტემა პეპის სქემებთან საკმაოდ ახლოს გახლდათ. აი, მოურინიო კი ისე ჩანდა, რომ "იუნაიტედის" პირველი არჩევანი არ გახლდათ. გახსოვთ საუბრები მაურისიო პოჩეტინოზე, მისი შეხვედრა სერ ალექს ფერგიუსონთან და ასე შემდეგ. ჟოზეს "იუნაიტედის" აწყობა სულ თავიდან უწევს და ეს ისეთი ადვილი არ იქნება, როგორც ბევრს შეიძლებოდა ერთი შეხედვით ჰგონებოდა.
სხვადასხვა
კარგად ვხედავთ იმას, რომ მოურინიოს ჯერ ოპტიმალური შემადგენლობა არ უპოვია. საჭიროა გარკვეული წმენდა და იანვარში ალბათ სიახლეებიც იქნება. ჟოზეს გუნდს სტაბილურობა უნდა შეემატოს და თავდაჯერებაც, რომელიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თითქოს, თავად "განსაკუთრებულსაც" აკლია.აი, გვარდიოლა კი "თავისას მიერეკება", ისევ ბურთის ფლობა, ისევ მოკლე პასები, ისევ ექსპერიმენტები და სრულყოფილების ძიება, თუნდაც, ეს ვინმეს ცოტა მოსაწყენად ეჩვენებოდეს. ჯერჯერობით, "სიტის" თამაში მოსაწყენი სულაც არაა.
ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ "სიტიმ" ეს დერბი მეტოქის მოედანზე ორი დიდი ფიგურის - სერხიო აგუეროსა და ვენსან კომპანის გარეშე მოიგო. ამასობაში, მესამე დიდი ფიგურა ბევრს აღარც კი ახსოვს - იაია ტურე, გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც კი არ შეიყვანა...
ცოტაც ციფრები...
* ჟოზე მოურინიოს ხოსეპ გვარდიოლასთან 17 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული - 6 ფრე, 8 წაგება.* 2003/04 წლების სეზონის მერე "იუნაიტედს" საშინაო შეხვედრაში მე-4 ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა ბურთის ფლობის მხრივ - 39,9%.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"