ექსპერტები: მოურინიოს ადგილას, გვარდიოლა რუნის საერთოდ არ ათამაშებდა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო წარუმატებლობები ინგლისურ მედიაში განხილვის მთავარ თემად რჩება. "დეილი მეილმა" რამდენიმე კითხვით მიმართა თავის ექსპერტებს - ჯეიმი რედნაპს, მარტინ კიოუნსა და კრის სატონს. საინტერესოა, რას ფიქრობს ეს ხალხი და რა რჩევებს აძლევს ჟოზე მოურინიოს...

- როგორ უნდა გააცოცხლოს მოურინიომ თავისი ქარიზმა?
რედნაპი:
- ჩემი აზრით, მოურინიოს მთავარი პრობლემაა, იპოვოს ზუსტი ბალანსი ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას. გუნდში არიან ახალგაზრდა და გამოცდილი ვარსკვლავები, ამიტომ, მას უძილო ღამეები ელოდება სწორი რეცეპტის ძიებაში... მის გარშემო ყოველთვის განსაკუთრებული აურა იყო. მას არასოდეს რცხვენოდა, მუდმივად
შეეხსენებინა ჩვენთვის, რომ აი, რა კარგია, რომ ის არსებობს! მას თავიდან აქვს მოსაპოვებელი ავტორიტეტი და ამას დროზე უნდა მიხვდეს.
კიოუნი: - მან თავი უნდა დაანებოს მუდმივად სხვების დადანაშაულებას. ფეხბურთელებთან განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა დაამყაროს, რათა მეტი თავდაჯერება მისცეს მათ. მოურინიომ საკუთარი "მე" გვერდით უნდა გადადოს, რადგან როცა სხვებისკენ იშვერს ხელს, ამით პრობლემის გადაჭრის გზებს სცილდება.
სატონი: - ჟოზემ უნდა მონახოს თამაშის ის სისტემა, რომელიც "იუნაიტედს" ამ კონკრეტული მომენტისთვის მოერგება, სწორად განსაზღვროს პოგბასა და რუნის ადგილი... მოკლედ, მას უნდა მიეცეს დრო, რათა ახალი გუნდი "ააშენოს". ფეხბურთში ეს აუცილებელია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გეგმის მაგვარი უკვე გამოჩნდა.

- მართალია ის, როცა ფეხბურთელებს საჯაროდ აკრიტიკებს?
რედნაპი
: - მე მისი საქციელი არ მომწონს და არც არასოდეს მომწონდა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ელოდა მკაცრ რეაქციას ლუკ შოუსგან, როცა სკამზე დასვა. ჩემი აზრით, ისეთი საკითხები, როგორიც იყო შოუს გაკრიტიკება იმ კონკრეტული ეპიზოდის გამო, შინაურ წრეში უნდა იხილებოდეს და არა - საჯაროდ. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მოურინიო იმავეს გააკეთებდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მიმართებაში.
კიოუნი: - ეს ნამდვილად არ იყო სწორი საქციელი, რადგან მარტო შოუ არ ყოფილა დამნაშავე "უოტფორდთან" მარცხში. უბრალოდ, ის 21 წლისაა და ადვილი სამიზნეა. სწრაფი შეცვლით, მოურინიომ ახალგაზრდა ფეხბურთელი დაამცირა. შოუს აქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველი გახდეს.
სატონი: - გამიკვირდა, როცა მოურინიომ მხოლოდ შოუს შეცდომაზე ილაპარაკა. როცა "ბლექბერნში" ვიყავი, კენი დალგლიში ბევრს მაკრიტიკებდა, მაგრამ არა - საჯაროდ. გამიხმობდა გვერდით და დიდხანს მიხსნიდა ჩემს შეცდომებს. აი, ეს არის სწორი მიდგომა და არა ის, რაც მოურინიომ გააკეთა. შეიძლება, ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელზე ამან დამღუპველადაც იმოქმედოს.

- სად არის რუნის ზუსტი ადგილი მოედანზე?
რედნაპი:
- არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - რუნი ჩემთვის არის ფორვარდი, ან საერთოდ არაფერი არ არის. მოურინიომ ყველა ფეხბურთელი უნდა დააყენოს იმ პოზიციაზე, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ ავლენს. მას აქვს როტაციის და ძიების საშუალება. საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, როგორ შეძლებს მოურინიო იმგვარად ცვალოს შემადგენლობა, რომ "დიდი ბიჭები" არ გააბრაზოს.
კიოუნი: - ჩემი აზრით, რუნიმ დაკარგა ძველებური ნაპერწკალი და შეიძლება, ეს სწორედ იმითიც იყოს გამოწვეული, რომ მისთვის ოპტიმალურ ადგილას არ თამაშობს. ხომ გახსოვთ, კარიერის ბოლო წლებში პოლ სქოულზიც საკმაოდ ღრმად იხევდა ნახევარდაცვაში. სეზონის დაწყების წინ მოურინიომ თქვა, რომ მისთვის რუნი თავდამსხმელია, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ რუნისთან მიმართებაში მოურინიო საბოლოოდ ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
სატონი: - დღეს "იუნაიტედის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა რომ ყოფილიყო, რუნის საერთოდ არ ათამაშებდა. აშკარაა, რომ რუნი პრობლემაა როგორც მოურინიოსთვის, ისე სემ ელარდაისისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, კლუბშიც და ნაკრებშიც მასზე უკეთესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ჟოზეს დიდი სითამამე დასჭირდება, რუნიმ რომ შემადგენლობის მიღმა დატოვოს.

- როგორ უნდა გამოიყენოს "იუნაიტედმა" პოგბა უფრო ეფექტურად?
რედნაპი:
- მას შეუძლია, იყოს ერთ-ერთი საყრდენი წყვილში, მაგრამ ეს არ არის მისი პოზიცია. მასში 20-30 მილიონი რომ იყოს გადახდილი, გასაგები იქნებოდა, მაგრამ როცა მოთამაშე 89 მილიონი ღირს, მისგან მეტი დივიდენდი უნდა მიიღო და ამიტომ, ჯობია, პოგბამ უფრო წინ ითამაშოს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მოურინიოც უნდა მოერგოს მას და პოგბაც უნდა მოერგოს "იუნაიტედს". მწვრთნელმა ისეთი სათამაშო სისტემა უნდა შექმნას, რომ პოგბასგან სრულად მიიღოს ის სარგებელი, რასაც ელოდება.
კიოუნი: - გაიხსენეთ, როცა მარსიალმა დაკარგა ბურთი "უოტფორდთან" მატჩში და ამას პირველი გოლი მოჰყვა, პოგბა მისგან ერთი მილის მანძილზე იდგა. უფრო კეთილსინდისიერი ნახევარმცველი გაცილებით ღრმად იქნებოდა ჩასული საჯარიმოსკენ. მაგრამ მისი ადგილი მაინც უფრო წინ არის, უკან კი ორი საყრდენი უნდა ჰყავდეს. თუმცა მას და რუნის ერთად არ შეუძლიათ ორი "ათიანის" როლში თამაში. ასე რომ, მოურინიომ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
სატონი: - მოურინიომ ის უფრო წინ უნდა წასწიოს და არ მოაქციოს მარწუხებში. დღეს პოგბა თამაშობს იქ, სადაც ეს მოურინიოს აწყობს, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. ფეხბურთელი უნდა დააყენო იმ ადგილას, სადაც მისთვისაა უკეთესი, საიდანაც გუნდმა მეტი სარგებელი შეიძლება მიიღოს.

- შეუძლია ქერიკს მოედნის ცენტრში წესრიგის დამყარება?
რედნაპი:
- ახლა კი, მაგრამ არა - გრძელვადიან პერიოდში. მე ვთვლი, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში, მაგრამ არ აფასებდნენ. მასზე ასე ხუმრობდნენ კიდეც - საუკეთესო თამაშები მაშინ ჰქონდა, როცა... საერთოდ არ თამაშობდაო... მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მოურინიომ ქერიკი ახლავე უნდა დააყენოს საყრდენად. მარუან ფელაინი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა იმდენად კარგი, რომ "იუნაიტედში" საყრდენ ნახევარმცველად ითამაშოს.
კიოუნი: - ქერიკი კარგი ვარიანტია, მაგრამ აქ არიან ასევე ერერა, შვაინშტაიგერი, შნეიდერლინი... მათაც შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა ნახევარდაცვის გაძლიერებაში. მაგრამ მე მგონი, მოურინიომ უბრალოდ ჩამოწერა ისინი. არადა, ნებისმიერი მათგანი მოიტანდა გაუმჯობესებას დღევანდელ სიტუციასთან შედარებით.
სატონი: - უცნაურია, რომ სუპერთასის შემდეგ ქერიკს არ უთამაშია. მოურინიომ მასაც უნდა მოუძებნოს გასაღები, რადგან მარუან ფელაინი, ჩემი აზრით, ანელებს თამაშის ტემპს. ქერიკს კი უზარმაზარი გამოცდილება აქვს პრემიერლიგაში. შესაძლოა, მისი ფეხები ისე ვეღარ მოძრაობენ, როგორც 10 წლის წინ, მაგრამ მას შეუძლია ზუსტი პასის გაკეთება.

- მოურინიოს ადგილას რომ იყოთ, რა შემადგენლობას დააყენებდით მომდევნო მატჩში?
რედნაპი:
- დე ხეა; ვალენსია, ბლინდი, ბაილი, შოუ; ქერიკი, პოგბა, მხითარიანი; რაშფორდი, იბრაჰიმოვიჩი, რუნი.
კიოუნი: - დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, შოუ; შნეიდერლინი; რუნი, პოგბა; მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი, რაშფორდი.
სატონი: - დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ბაილი, შოუ; ქერიკი; პოგბა, მხითარიანი, იანგი, რაშფორდი; იბრაჰიმოვიჩი.

- შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედს" ტიტულის მოგება?
რედნაპი:
- შეუძლია, მაგრამ "სიტიმ" ისე კარგად დაიწყო... რჩება შთაბეჭდილება, რომ "იუნაიტედმა" უკანმოუხედავად დახარჯა დიდი ფული მოთამაშეებში, ისე, რომ არც არავის უფიქრია, როგორ ჩაეწერებოდნენ ისინი საერთო ჯგუფში. ახლა მოურინიო უნდა დაჯდეს და იფიქროს, როგორ გადაჭრას შეთამაშების პრობლემა.
კიოუნი: - რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ მე არ მგონია, "იუნაიტედი" ჩემპიონი გახდეს. თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ველოდები, თუმცა ჩემპიონობას... "სიტის" მოთამაშეების კლასი გაცილებით მაღალია და არ ვიცი, როგორ შეძლებს "იუნაიტედი" ამ სხვაობის კომპენსირებას.
სატონი: - ჩემპიონობა? არანაირად! "მანჩესტერ სიტი" გაექცათ უკვე და მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი სეზონია, "იუნაიტედი" ჩემპიონი ვერ გახდება! ახლა მოურინიო უნდა ელოდოს, როდის წააგებს "სიტი" კვირაში ორ თამაშს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველას თავის აზრი აქვს,მაგრამ მე იბრაგიმოვიჩს ამოვაგდებდი და რუნის ცენტრალურ თავდამსხმელად დავაკენებდი,რაც მთავარია გაუშვებდი მაურინიოს და მის ადგილზე ისევ მოიესს დავაბრუნებდი,არ ჭირდება ინგლისსს და არც გერმანიას უცხოელი მწვრთნელიიი
vasikobasiladze
12:03 21-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული