ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფრანსესკ ფაბრეგასს შეცდომით გაუუქმეს გოლი, მერე კი შინჯი ოკაზაკიმ ორი იდენტური გოლი გაიტანა - დაცვაში უყურადღებობა და იაპონელის ისეთი დარტყმები, რომლის მერეც მცველებს ბურთი, თითქოს, კარის ხაზიდან გამოაქვთ და თან ვერ გამოაქვთ.
სიტუაციის გამოსწორება სწორედ უკანახაზელებმა ითავეს - გარი კეჰილმა ტაიმის მიწურულს ერთი გაქვითა, მეორე ნახევრის დებიუტში კი სესარ ასპილიკუეტა ვასილევსკის მიერ ცუდად გამოტანილ ბურთს დაუხვდა და უძლიერესი დარტყმით გაიტანა მეტოქის კარში. სწორედ ვასილევსკიმ მიიღო მეორე ყვითელი
კლაუდიო რანიერის გუნდმა ყურები მალევე ჩამოყარა, რადგან 92-ე და 94-ე წუთებზე ფრანსესკ ფაბრეგასმა წყვილი გოლი გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა. სესკი თამაშის მერე ძალზე კმაყოფილი ჩანდა და თან ცოტა გაბრაზებულიც, ჟურნალისტებზე და ექსპერტებზე ჯავრი ამოიყარა.
"პირველ რიგში მიხარია, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. იმედი მაქვს, ეს ზოგიერთ ჟურნალისტს გააჩუმებს და სხვადასხვა გამოცემები სისულელეების წერას შეეშვებიან. დაე, ილაპარაკონ მთავარზე - "ჩელსის" გამარჯვებებზე. მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშო და შანსის მიღების შემდეგ, მინდა ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია. ვიცი, რომ კლუბისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია.
ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ "ლესტერი" კონტრშეტევებზე სახიფათოა და მეოქე ასეც თამაშობდა, მაგრამ მტკიცე ხასიათი გამოვაჩინეთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც მთელი სეზონია" - თქვა ფაბრეგასმა.
* * *
"არსენალმა" "ნოტინგემ ფოტესტი" არ დაინდო - 0:4. მთავარი ის იყო, რომ ახალმა კაცმა, ლუკას პერესმა ორი გოლი გაიტანა, რასაც საგოლე პასიც დაამატა. ისევ შეაგდო გრანიტ ჯაკამ, თანაც კლავ შორიდან და ლამაზად. ამჯერად, მას აღარვისთვის მიუნიშნებია ჟესტებით "მოკეტეთო".გაილაღა "ლივერპულმაც". იურგენ კლოპის ბიჭები ისე დაფარფატებდნენ, როგორც იციან ხოლმე, როცა თამაში მისდით - მერსისაიდელებმა ადვილად წააქციეს "დერბი ქაუნთი" - 0:3.
სახალისო თამაში გამოვიდა "ბორნმუთი"-"პრესტონი". "ალუბლები" უპირობო ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, ბოლოს გაუშვეს და დამატებით დროში კიდევ ერთი უპასუხო გოლი მიიღეს - 2:3. საინტერესო ეს ყველაფერი იმით გახლდათ, რომ პრესტონელთა მხრიდან სამივე ბურთი სახელ-გვარივით აყლაყუდა დანიელმა სიმონ მაკიენოკ კრისტოფერსენმა გაიტანა.
"ევერტონი" "ნორვიჩთან" მატჩში უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ… "გუდისონ პარკზე" "იადონების" დღე გამოვიდა, ისინი ექსევერტონელმა სტივენ ნეისმიტმა დააწინაურა უცნაური და ლამაზი გოლით - შოტლანდიელს დარტყმისას ფეხი გაუსრიალდა და თავისდაუნებურად ეფექტური ბურთის გატანა გამოუვიდა. მეორე გოლის ავტორი ჯოშ მერფი გახდა, რომელმაც შორი დისტანციიდან გაიტანა. რონალდ კუმანის გუნდის მძლავრი სტარტის გათვალისწინებით, ეს ლიგის თასის მესამე ეტაპის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა.
რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლმა" კი მეტ რიტჩისა და იოან გუფრანის კოხტა გოლებით აჯობა ვალტერ ძენგას "ვულვერჰემპტონს". შემდეგ ეტაპზე გავიდნენ "ლიდსი" და "რედინგიც" - პირველმა "ბლექბერნს" აჯობა, მეორემ კი - "ბრაიტონს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"