სემ ელარდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგა!

AutoSharing Option
სემ ელარდაისი დიდ შარში გაეხვა. 61 წლის სპეციალისტი, რომელიც ორი თვის წინ შეუდგა საქმიანობას ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე, უმუშევარი დარჩა. კონსერვატორი ბრიტანელებისთვის რეპუტაციის შელახვა საბოლოო განაჩენის ტოლფასია და დიდია იმისი ალბათობა, რომ ამის მერე ელარდაისი სათოფეზე აღარავინ გაიკაროს...

მას ძალიან გაუჭირდება თავისი სისუფთავის დამტკიცება იმის მერე, რაც ხალხმა "დეილი ტელეგრაფის" მიერ გაკეთებული ჩანაწერით გაიგო...

მაშ ასე, რა მოხდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები გუშინ...

პოპულარული გამოცემა ბოლტონში მცხოვრებ მწვრთნელის ჯერ კიდევ მაშინ ჩაუსაფრდა, ვიდრე ამ უკანასკნელს სლოვაკეთთან შესარჩევ მატჩში (2:1 ინგლისელთა
სასარგებლოდ) ოფიციალური დებიუტი ექნებოდა. მაგრამ იმ მომენტში არ არსებობდა ფაქტობრივი მტკიცებულება და ამბავი ამიტომაც არ გახმაურებულა.

მტკიცებულების მოსაპოვებლად "დეილი ტელეგრაფმა" ერთგვარი სპეცოპერაცია დაგეგმა და განახორციელა კიდეც - სემ ელარდაისს მიუგზავნა ჟურნალისტები, რომლებმაც თავი ბიზნესმენებად გაასაღეს. "დიდმა სემმაც" გული გადაუშალა ამ "ბიზნესმენებს", რომლებმაც მწვრთნელს, გარკვეულ საფასურად, სამსახური შესთავაზეს, ხოლო ელარდაისმა 400 ათასი გირვანქა მოითხოვა იმაში, რომ სტუმრებს, საფეხბურთო ასოციაციის წესების გვერდის ავლით, მოთამაშეთა ტრანსფერებში დახმარებოდა.

ელარდაისს აუხსნეს, რომ ამ ყველაფრის უკან მავანი ჩინელები და სინგაპურელები იდგნენ. სემმაც მზადყოფნა გამოთქვა, პირადად გამგზავრებულიყო შორეულ აღმოსავლეთში, რათა ამ ხალხთან "ფეხბურთზე ელაპარაკა".

სხვათა შორის, ელარდაისს შეხვედრაზე ახლდა ფინანსური მრჩეველი შეინ მოლონი, რომელმაც აღფრთოვანება ვერ დამალა ამ შეთავაზების გამო და იქვე დასძინა, რომ სემთან ერთად სიამოვნებით იმოგზაურებდა (ცხადია, არა ტურისტად) ჩინეთსა და სინგაპურში...

ეს არის ამ სკანდალური ჩანაწერის ერთი ნაწილი, რომელიც საფეხბურთო ასოციაციას მტკიცებულებად გამოადგება. მაგრამ იქ არის ისეთი დეტალებიც, რომლის გამომზეურება ელარდაისს სხვა მხრივაც დააზიანებს. მაგალითად, ის დასცინის თავის წინამორბედ როი ჰოჯსონს, რომლის ლაპარაკის მანერას "ყმუილს" ადარებს.

ამას გარდა, ელარდაისი აკრიტიკებს ჰოჯსონის ყოფილ ასისტენტ გარი ნევილს და ზოგადად ინგლისის ნაკრების "კატასტროფულ" თამაშს ევროპის ბოლო ჩემპიონატზე. პრინციპში, ამ მოსაზრებას მარტო ელარდაისი კი არა, ალბათ, მთელი ინგლისი იზიარებს...

მაგრამ ეს სხვა თემაა. დავუბრუნდეთ ჩანაწერს და ბოლო ეპიზოდზეც ვთქვათ, როცა ელარდაისი "ბრიყვულს" უწოდებს საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებას, "უემბლის" რეკონსტრუქციაში დახარჯული 870 მილიონი ფუნტის გამო...

მოკლედ, ელარდაისმა გაულანძღავი არავინ და არაფერი დატოვა, ხოლო რას მოიმკის ამით, ამასაც მალე ვნახავთ. ის უკვე ორჯერ შეხვდა საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს მარტინ გლენს, ორგანიზაციის თავმჯდომარე გრეგ კლარკმა კი თქვა, რომ:

"ასოციაცია არ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას. ჩვენ ჩავყვებით ამ საქმეს ყველაზე წვრილმან დეტალებამდეც კი, რათა გავერკვეთ საქმის რეალურ ვითარებაში და მერე გამოჩნდება, რა გზას ავირჩევთ".

* * *
პარალელურად, ინგლისურ მედიას სხვა საქმეც გამოუჩნდა - ვინ შეცვლის ელარდაისს? მედიამ უკვე დაიწყო მსჯელობა ამ საკითხზე, რადგან გუშინ დილიდანვე გამოჩნდა, რომ ძალიან მცირე იყო იმის ალბათობა, "დიდი სემი" ნაკრების მწვრთნელად დარჩენილიყო. "უილიამ ჰილი" 9/4-ად (3,25) აფასებდა შანსს, რომ ელარდაისი მალტასთან მატჩამდე მოეხსნათ (ან თავად წასულიყო), ხოლო დარჩენაზე ფსონი 1/3 (1,33) იყო.

"დეილი ტელეგრაფი" მიიჩნევს, რომ ამ მომენტისთვის ელარდაისის შემცვლელად ყველაზე რეალური ვარიანტი "კრისტალ პალასის" დამრიგებელი ალან პარდიუა, რომლის შანსი 4/1-ად (5,0) ფასდება. "სანდერლენდისა" და "ვესტ ჰემის" ყოფილი ბოსი ამ პოსტზე ერთ-ერთი ფავორიტი იყო ჰოჯსონის გაშვების შემდეგაც, მაგრამ მაშინ არჩევანი ელარდაისზე შეჩერდა.

პარდიუს თავკაცობით, "კრისტალ პალასმა" ცუდად დაიწყო სეზონი, მაგრამ ბოლო პერიოდში "არწივებმა" ფრთები გაშალეს - ზედიზედ 3 მატჩი მოიგეს და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ მე-7 ადგილზე არიან.

შემდეგ მოდის სტივ ბრიუსი, რომელიც ასევე იყო საფეხბურთო ასოციაციის კანდიდატთა სიაში ამ ზაფხულს, როცა ინგლისის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. 6/1 (7,0) - ასეთია შანსი სპეციალისტისა, რომელმაც "ჰალი" პრემიერლიგაში დააბრუნა, მაგრამ კლუბის უფროსებთან სატრანსფერო საკითხებზე უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა.

განიხილება ედი ჰოუს კანდიდატურაც. სხვათა შორის, ამ 38 წლის მწვრთნელს არსენ ვენგერის ერთ-ერთ რეალურ მემკვიდრედ მოიაზრებენ. ახლა კი მისი სანაკრებო შანსები ასეთია - 7/1 (8,0).

წესით, თვალთახედვის არეში უნდა იყოს ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი, 46 წლის გარეთ საუთგეიტიც - 9/1 (10,0).

შედარებით დაბალი შანსები აქვთ იურგენ კლინსმანს (12/1), გლენ ჰოდლს (14/1), გარი ნევილსა (18/1) და "ვესტ ჰემის" მწვრთნელ სლავენ ბილიჩს (20/1), რომელსაც ახლა გუნდში პრობლემები აქვს.

* * *
გუშინ საღამოს ელარდაისი საფეხბურთო ასოციაციის ბოსებმა "უემბლიზე" დაიბარეს. საუბრის დეტალები უცნობია, თუმცა მთავარი საბოლოო შედეგია - შეხვედრის შემდეგ "დიდმა სემმა" პოსტი დატოვა. საფეხბურთო ასოციაციამ კი გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც დაადასტურა ელარდაისთან კონტრაქტის შეწყვეტა.

"სემ ელარდაისის საქციელი შეუფერებელია ინგლისის ნაკრების მწვრთნელისთვის. მან ბოდიში მოიხადა, თუმცა საფეხბურთო ასოციაციის იმიჯი და ინტერესები ითხოვდა იმას, რომ ურთიერთშეთანხმებით მიგვეღო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება", - ნათქვამია პრესრელიზში, საიდანაც ირკვევა ისიც, რომ დროებით ეროვნულ ნაკრებს 21-წლამდელთა თავკაცი გარეთ საუთგეიტი გაუძღვება.

მისი ხელმძღვანელობით "ლომები" უახლოეს ოთხ მატჩს ჩაატარებენ - მალტასთან, სლოვენიასთან, შოტლანდიასა და ესპანეთთან (ამხანაგური). ამასობაში კი, საფეხბურთო ასოციაცია ელარდაისის სრულფასოვან შემცვლელსაც მოძებნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სულელი კონსერვატორები...ხანდახან რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭო.ამაზე უკეთესი ინგლისელი მწვრთნელი დღესდღეობით არაა.ამათ ნაკრებს ყოველთვის გადამეტებული სიამაყე და კონსერვატიზმი ღუპავს.არც არაფერი ეშველებათ არასდროს...
gocha
11:25 28-09-2016
0
ჩვენმა არასამთავროებებმა თუ შეაფასეს ეგ ამბავი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული