ვნახოთ, ვის ექნება მაგარი კვერცხები - პოლ სქოულზი რუნიზე, "მანჩესტერზე" და სხვებზე

AutoSharing Option
პოლ სქოულზი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, ვინც არასოდეს ერიდება საკუთარი აზრის დაფიქსირებას მწვავე თემებზე. დღეს ახლო წარსულის ჟღალი ვარსკვლავი არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს... ზოგი მოსაზრება ახალია, ზოგი ძველი, მაგრამ საინტერესოა.

მანჩესტერის თამაშზე...
ბურთის ფლობის მაჩვენებელი გუნდს უბრალოდ საშინელი აქვს. მე არ მესმის, რა გააკეთა ისეთი კერიკმა, რომ მას საერთოდ არ ეძლევა სათამაშო პრაქტიკა. იმედის ერთადერთი სხივი დღევანდელი გუნდის თამაშში არის მარკუს რაშფორდი. მას თუ არ ჩავთვლით, გუნდი საცოდავად გამოიყურება.

მე დაცვაში ბაილისთან ერთად დავაყენებდი სმოლინგს და არა ბლინდს. ინგლისის კვალობაზე მისი
ფიზიკური შესაძლებლობები აშკარად შეზღუდულია. ყველა ელის მის გაბრწყინებას, მაგრამ ჯერ ეს არ ხდება. ის კარგად უგებს ბაილის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სმოლინგი უფრო საიმედოა.

პოლ პოგბაზე...
ვიცი, რაოდენ ნიჭიერია ის. მე მასთან ერთად ვთამაშობდი. ის რამდენჯერმე გამოვიდა ცვლილებაზე და მერე წავიდა. როგორც მახსოვს, მან ძალიან ბევრი ფული მოითხოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არ ღირს 100 მილიონი ევრო.
მას გვერდით ჭკვიანი პარტნიორი სჭირდება.

"იუვენტუსში" მას გვერდით ჰყავდა ანდრეა პირლო. "იუნაიტედში" მას სჭირდება კერიკის ტიპის ფეხბურთელი. იქნებ, მოურინიო სატრანსფერი ბაზარზე გავიდეს? ლუკა მოდრიჩი პოგბას მაგრად შეეშველებოდა.

მოურინიოზე და მსაჯებზე
მოურინიოს ჯერ არ აქვს იმხელა გავლენა მსაჯებზე, რამხელაც ჰქონდა სერ ალექს ფერგიუსონს. მას შეეძლო პარასკევ საღამოს ეთქვა, თუ რამდენი ტურია, "იუნაიტედს" არ დაუტყამს პენალტი, ან როგორი მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ისეთი ფეხბურთელების ჯანმრთელობას, როგორიც არის კრიშტიანო რონალდო.

ეს მუშაობდა ბოლომდე. მოურინიო იმავეს აკეთებს, მაგრამ არ გამოსდის. პირიქით, მსაჯები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მოურინიოსთან მიმართებაში მართლები არიან. ამით გუნდი ზარალდება.

პრემიერლიგაზე...
ყველა ამბობს, რომ ინგლისური ფეხბურთი საუკეთესოა. რა, თქვენ ამას სერიოზულად ფიქრობთ? ჩვენ ვაკრიტიკებთ სხვა ლიგებს, მაგრამ განა საფუძვლიანად ვიცით, ამ ლიგებში რა ხდება?

ჩემი აზრით, "იუვენტუსს" შეუძლია დაამარცხოს პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდი. ეს არამხოლოდ იმიტომ, რომ "იუვე" თავს კარგად იცავს. თუ ევროტურნირებით ვიმსჯელებთ, მაშინ საუკეთესო კლუბები ესპანეთს ჰყავს.
"ბარსელონა" ამ მხრივ მაგალითია. ამ კლუბში იდეალურადაა დაცული ბალანსი ფეხბურთსა დაბიზნესს შორის. ინგლისში ეს ასე არ არის. ჩვენთან წინა პლანზე ფულია, ფეხბურთი კი მხოლოდ ამის მერეა.

არსენალზე...
არ მინდა, "მანჩესტერი" "არსენალი" გახდეს. არ მინდა, მეოთხე ადგილი პრემიერლიგაში გახდეს წარმატებისა და სტაბილურობის გარანტი. ეს "იუნაიტედია" და აქ ყოველთვის აფასებენ უმაღლეს შედეგს.

"არსენალი" ყოველთვის იკავებს მაღალ ადგილს, მაგრამ მენტალურად მილიონი კილომეტრით უკან არიან. საკმარისია, მათ წინააღმდეგ ხისტად ითამაშო, რომ ეგრევე იმარჯვებ. "არსენალში" ფეხბურთელები განვითარებას წყვეტენ. ავიღოთ ვილშირი. ის ეგრეც ვერ გავიდა ახალ დონეზე...

რუნიზე...
მე არ ვამბობ, რომ რუნი აღარ უნდა იყოს ინგლისის ნაკრებში. უბრალოდ, მე ვფიქრობ: მოიძებნება კი ინგლისის ნაკრებში მწვრთნელი, რომელიც გარისკავს და სათადარიგოთა სკამზე დატოვებს ცუდ ფორმაში მყოფ რუნის?

ვიცი, ამის გაკეთება იოლი არ არის. უბრალოდ, ამას შესაბამისი გამბედაობა სჭირდება. ვნახოთ, ვის ექნება მაგარი კვერცხები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული