ლონდონის "არსენალი": არსენ ვენგერი მალე წავა?

AutoSharing Option
"არსენალი" არსენ ვენგერის შეცვლის სათადარიგო გეგმას განიხილავს. ლაპარაკია შესაძლო მყისიერ ცვლილებაზე. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა მას მერე, რაც 66 წლის ფრანგი სპეციალისტი "სამი ლომის" პირველკაცობაზე ერთ-ერთ კანდიდატად დასახელდა.

ცნობილია, რომ ვენგერი თანახმაა, დაიკავოს ინგლისის "ცხელი სავარძელი", თუმცა მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ. მან ჯერ კიდევ აგვისტოში (როცა სემ ელარდაისის თავზე შავი ღრუბლები ჯერ კიდევ არ ჩანდა) თქვა, რომ მიმდინარე კამპანია, უდიდესი ალბათობით, მისთვის უკანასკნელი იქნებოდა "არსენალის" მწვრთნელის პოსტზე.

ამავე დროს, მან დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდად არ იქნებოდა დამოკიდებული საბოლოო
შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ მან დაიტოვა დარჩენის ძალიან მცირე შანსი, მაინც მიანიშნა, რომ მაისში ყველაფერს თავად გადაწყვეტს.

ამდენად, "არსენალის" ხელმძღვანელობამ აქედანვე უნდა დაიჭიროს თადარიგი. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, არ არის გამორიცხული მოვლენათა ფორსირება, რადგან თავიდანვე ითქვა, რომ გარეთ საუთგეიტი ნაკრებში დროებითი კაცია.

პარალელურად, "მეთოფეთა" აღმასრულებელი დირექტორი ივან გაძიდისი მზადაა (და მიიჩნევს, რომ ვალდებულიცაა), ვენგერს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, გამომდინარე მისი დამსახურებებიდან, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

ვარაუდობენ, რომ გარდა ინგლისის ნაკრებისა, გამოცდილ სპეციალისტს სამსახური შეიძლება "პარი სენ-ჟერმენმაც" შესთავაზობს. თუმცა მის ასაკში მწვრთნელები ამჯობინებენ, საკლუბოდან სანაკრებო ფრონტზე გადაინაცვლონ, სადაც დატვირთვა გაცილებით მცირეა.

რაც შეეხება გაძიდისის უახლოეს თუ შორეულ გეგმებს, "არსენალთან" დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავს ვენგერის შემცვლელი. ლაპარაკია "ბორნმუთის" თავკაც ედი ჰაუზე.

ერთი შეხედვით, გასაკვირია, რა კრიტერიუმებით შეიძლება გახდეს "არსენალის" მწვრთნელი უსახელო "ბორნმუთის" ახალგაზრდა დამრიგებელი მოკრძალებული კარიერით, თუმცა აქ ხაზს უსვამენ ჰაუს საფეხბურთო ფილოსოფიას, რომელიც ახლოსაა ვენგერის ხედვებთან და იდეებთან.

ჰაუ 38 წლისაა. 2012 წელს ის მეორე ვადით მივიდა "ბორნმუთში". 2014/15 წლების სეზონში მან გუნდს ჩემპიონშიპი მოაგებინა და პრემიერლიგაში აღაზევა. შარშან "ბორნმუთმა" გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეინარჩუნა ადგილი ელიტაში, დღეს კი, 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-13 ადგილზეა.

თავის მემკვიდრეზე საუბრობს ვენგერიც, ოღონდ - ზოგადად. ის მიიჩნევს, რომ "არსენალის" ახალ მწვრთნელს ნოყიერი ნიადაგი ხვდება:

"ყველა მწვრთნელს აქვს გავლენა სამ კრიტერიუმზე. პირველი, ეს არის ფეხბურთელების ინდივიდუალური კარიერა, რომელიც არ შეიძლება ყველასთვის წარმატებული იყოს; მეორე - თამაშის სტილი და შედეგი; და მესამე - კლუბის სტრუქტურა და ფინანსური სტაბილურობა. მიმაჩნია, რომ "არსენალი" დღეს ყველა ამ კრიტერიუმით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე 20 წლის წინ, ჩემი მოსვლის დროს იყო. ამაყი ვიქნები, თუკი ჩემი მემკვიდრე კლუბისთვის კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.

სულ მცირე, ახალ მწვრთნელს ექნება ჩინებული სასტარტო პირობები მომავალი წარმატებებისთვის. უმნიშვნელოვანესია ასევე ღირებულებები და აუცილებელია, ამ ღირებულებებს, რაც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და თანადგომაზე, ჩემმა მემკვიდრემაც უერთგულოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული