ეს დღე ახლოვდება ტერისთვისაც, რომელიც უკვე განიკურნა მუხლის ტრავმისგან და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება, რათა კონტრაქტის ბოლო თვეები პატიოსნად მიიყვანოს ბოლომდე.
ამასობაში კი, "ჩელსის" მწვრთნელი ანტონიო კონტე დაცვის ხაზში ექსპერიმენტებს მიმართავს და არ არის გამორიცხული, მალე მიაგნოს იმ განლაგებას, რომელშიც ტერი აღარ იქნება გათვალისწინებული, უფრო სწორად - მთავარი ფიგურა.
ეს გასაგებიცაა, რადგან
უქმობა არ უშლის ხელს 35 წლის კაპიტანს, პოსტსაფეხბურთო კარიერისთვის მოემზადოს, პირიქით - აგერ, სოციალურ ქსელში გამოფინა ფოტოები, რომელზეც ვხედავთ კონსპექტებს, ტაქტიკურ სქემებს და სხვა ამდაგვარ ჩანაწერებს, რაც მწვრთნელს ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდება. იქვე, ჯონი წერს, რომ ემზადება უეფას A, B და პრო-ლიცენზიების მოსაპოვებლად.
"ეს ყველაფერი ამ წლების განმავლობაში მოვაგროვე. სახლში მაქვს დრო, დავჯდე და ეს ყველაფერი გავაანალიზო", - ამბობს ტერი და იქვე დასძენს, რომ სანამ ბურთს აგორებს, ამ საქმეზე ბოლომდე კონცენტრირებული იქნება.
წლების განმავლობაში მან ბევრი სახელგანთქმული სპეციალისტის ხელში გამოიარა, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში - ჟოზე მოურინიო, გუუს ჰიდინკი, კარლო ანჩელოტი, რაფა ბენიტესი, სვენ-გორან ერიქსონი, ფაბიო კაპელო... რა თქმა უნდა, ესეც სერიოზული კაპიტალია მომავლისთვის. წარმოუდგენელია, ამათგან რამე ისწავლო კაცმა...
სხვათა შორის, მან პირველი რჩევა უკვე მიიღო. "ჩელსის" ყოფილი დამრიგებელი გუუს ჰიდინკი ამბობს:
"მე და ჯონმა უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე. ვურჩიე, რომ არ აჰყვეს ცდუნებას და არ მოიქცეს ზოგიერთი იმ ფეხბურთელივით, ვისაც ჰგონია, რომ ერთ ღამეში ისწავლის მწვრთნელობას. მე არ მჯერა ამის. ამიტომ, ჯონისთვის უკეთესი იქნება, თუ პატარა გუნდებში ჯერ ასისტენტად დაიწყებს მუშაობას, რათა კიდევ უფრო მეტი ისწავლოს, დააგროვოს გამოცდილება და მერე იფიქროს დამოუკიდებელ კარიერაზე. მწვრთნელობა არ არის მხოლოდ ვარჯიშის ჩატარება, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობა და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტის ერთობლიობა. მწვრთნელი უნდა იყო მოწოდებით და არა მხოლოდ პროფესიით".
ალბათ, ტერი გაითვალისწინებს დიდი მწვრთნელის რჩევებს და ერთ დღესაც, შეიძლება, თუნდაც "ჩელსის" თავკაცად ვიხილოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"