ჟოზე მოურინიო: ასეთი მშვიდი "ენფილდი" არ მახსოვს

AutoSharing Option
AUTO PLAY
* იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს დუელში ანგარიში ახლა ასე გამოიყურება - კლოპმა 3 მატჩი მოიგო, მოურინიომ - 1, 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

* ჯორდან ჰენდერსონმა ამ სეზონში 603 პასი გააკეთა, რაც პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

* ანდერ ერერამ 11-ჯერ ჩაჭრა ბურთი თამაშში. ეს ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია ერთ შეხვედრაში.

* 35% - ასეთი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ბურთის ფლობა, ბოლო 13 სეზონში არასოდეს დაფიქსირებულა ასეთი დაბალი მაჩვენებელი, მანამდე კი ბურთის ფლობას ვერ ითვლიდნენ.

* უეინ რუნის უკვე 17 მატჩია გოლი არ
გაუტანია მას მერე, რაც შეცვლაზე შედის. ბოლოს ასეთი რამ 2009 წელს მოხდა.

პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი სანახაობრივი კუთხით ბოლომდე ვერ გაამართლა, მაგრამ ძალიან საინტერესო ტაქტიკური დუელი და დაძაბული შეხვედრა კი ვიხილეთ. საბოლოო ჯამში, "ლივერპულმა" და "მანჩესტერმა" ქულა გაიყვეს (0:0) და ეს ფრე უფრო ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის უნდა ყოფილიყო მისაღები.

ჯერ ერთი, მატჩის მიმდინარეობის გათვალისწინებით და მერე მეორე, იმ კუთხით, რომ მისი გუნდი გასვლაზე თამაშობდა.

უნდა ითქვას, რომ მოურინიომ მატჩი უფრო თავისი სცენარით წაიყვანა და მერსისაიდელებს თავისი თამაში არ ათამაშა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დებიუტში. ბოლო 30-35 წუთი კი "ენფილდის" ბინადრებმა შედარებით უკეთ ჩაატარეს, მაგრამ არასაკმარისად იმისთვის, რომ მოეგოთ.

კარში სიმონ მინოლეს ნაცვლად დაწინაურებულმა ლორის კარიუსმა ბოლომდე დამაჯერებლად ვერ ითამაშა და იყო მომენტი, როდესაც მან ბურთი მეტოქეს ჩააბარა, რის მერეც მანჩესტერელები სიტუაციაში კარგად ვერ გაერკვნენ, თორემ თავისუფლად შეიძლებოდა, გოლი გასულიყო.

ცოტა ხანში, პოლ პოგბამ კარგად ითამაშა და ბურთი ზლატანს დაასვა თავზე, რომელმაც შორეულ კუთხეში ვერ ჩაჭრა. ამის მერე, მერსისაიდელებმა ტერიტორიული უპირატესობის სათამაშოში გამოკვეთა მოახერხეს, მაგრამ აქ უკვე დავიდ დე ხეას გენიამ იჩინა თავი. ესპანელმა ჯერ ემრე ჯანს აუღო ახლო მანძილიდან დარტყმული დაბალი ბურთი, მერე კი, როდესაც ფილიპე კოუტინიომ ერთი თავისებურად მაინც გაისროლა და შორეულ მაღალ კუთხეში გაჰქონდა, დე ხეა "გაფრინდა" და ეს ბურთიც მოიგერია.

არადა, მოგების შემთხვევაში "ლივერპული" თავის ყველაზე უხერხულ მეტოქესთან წარუმატებელ სერიას შეწყვეტდა და თან ქულებით ლიდერებს უთანაბრდებოდა. ეს ჟოზემ არ დაუშვა და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 3 ქულაში დარჩა.

"ეს არის ქულა, რომელმაც მეტოქეს მოგებების სერია შეუწყვიტა. მთლიანობაში მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით და ბიჭებით თამაშით კმაყოფილი ვარ.

სიტუაციას ტაქტიკურზე მეტად შესაძლოა, ემოციური კუთხით ვაკონტროლებდით, რადგან ასეთი, შედარებით მშვიდი "ენფილდი" ჯერ არ მახსოვს. მატჩი ორივე გუნდისთვის რთული გახლდათ. კონკურენტებს ამ პერიოდისთვის შედარებით ადვილი მატჩები ჰქონდათ და მნიშვნელოვანი იყო, მათთან ახლოს დავრჩენილიყავით. ჩვენი მომენტიც დადგება, როდესაც 5-6 მატჩს ზედიზედ მოვიგებთ და იქ აღმოვჩნდებით, სადაც ყოფნისთვის ვიბრძვით" - განაცხადა "განსაკუთრებულმა".

"პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ. ძალიან სწრაფად ვცდილობდით თამაშს, მოთმინება დავკარგეთ და პასები არ გამოგვდიოდა. მეორე ნახევარი უკეთესი იყო. თუმცა მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა. მთლიანობაში ეს არ იყო ის თამაში, რომლის ჩვენებაც გვინდოდა და რომელსაც ველოდით. თუმცა ბევრი პოზიტიურიც დავინახე. როდესაც მანჩესტერის დარი გუნდი თავს ასე იცავს, რასაკვირველია, რთულია, მაგრამ მომავალში მსგავსი სიტუაციებისთვის უფრო მზად უნდა ვიყოთ და ცოტა უკეთ ვითამაშოთ " - განაცხადა იურგენ კლოპმა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 35% ჰქონდა. მას მერე, რაც მსგავს სტატისტიკას ითვლიან (2003/04 წლების სეზონი), ასეთი დაბალი მაჩვენებელი "წითელ ეშმაკებს" აქამდე არ ჰქონიათ, მაგრამ მოურინიოს ამაზეც ჰქონდა პასუხი:

"ამის გამო უფრო "ლივერპული" უნდა გააკრიტიკოთ, გუნდს ბურთის ფლობა 65% ჰქონდა და კარში მხოლოდ 2-ჯერ დაგვირტყა. ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი" - დაამატა ჟოზემ.

მიუხედავად, დე ხეას, ანტონიო ვალენსიას, ემრე ჯანისა და სხვათა კარგი თამაშისა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ანდერ ერერა დასახელდა. იგი ნახევარდაცვაში ყველაფერს აკონტროლებდა და მანჩესტერელებს ძალიან დაეხმარა.

"ჩვენ ფანტასტიკურად ვიმუშავეთ და ამიტომ უნდა ვიამაყოთ, ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და ჩანს, რომ მზად ვართ დიდი მატჩების ჩასატარებლად" - განაცხადა ბასკმა.

"ლივერპულის" კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი: "თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ შეტევაში ჩემი აზრით, ცოტა უფრო მეტი უნდა შეგვექმნა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული