აი, როგორ შეიძლება გახდეს "ჩელსი" ჩემპიონი

AutoSharing Option
ბოლო დროს "ჩელსი" შეიცვალა. ბევრი წუწუნის შემდეგ ანტონიო კონტემ თითქოს მიაგნო რაღაც გასაღებს და ეს ნათლად გამოჩნდა "მანჩესტერთან" საკვირაო მატჩში (4:0). თუმცა ახლა ადრეა დასკვნების გაკეთება, "არისტოკრატებმა" სტაბილურობას უნდა მიაღწიონ, თან კონტეს ჯერაც არ აუღია ხელი იმ იდეაზე, რომ ზამთარში შემადგენლობას გარკვეული კორექტივები დასჭირდება...

ასეა თუ ისე, ბრიტანეთში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ "ჩელსი" მყარად იქნება ტიტულის მაძიებელთა შორის და სულაც არ აქვს ნაკლები შანსი (თუ მეტი არა), ვიდრე მანჩესტერულ გრანდებს, "არსენალსა" და "ლივერპულს".

ვნახოთ, რა არგუმენტები მოქმედებს "ჩელსის" სასარგებლოდ...

მწვრთნელი
საუკეთესო,
რაც შეიძლებოდა მოეფიქრებინა "ჩელსის" უპირველეს ბოსს გასულ ზაფხულს, ეს იყო მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დაქირავება. ჟოზე მოურინიოს შემდეგ რომან აბრამოვიჩს გუნდში სწორედ კონტესნაირი კაცი სჭირდებოდა - თავდაჯერებული, ჯიუტი და ცოტათი "შეშლილიც".

როცა "ჩელსიმ" "არსენალთან" და "ლივერპულთან" საერთო ანგარიშით 1:5 წააგო, ინგლისში უმალ დაიწყეს ლაპარაკი კონტეს გადადგომაზე. ბუქმექერებმა ფსონების მიღებაც გამოაცხადეს იმაზე, რომ იტალიელი გუნდს ახალ წლამდე დატოვებდა. მაგრამ კონტე ისტერიკაში არ ჩავარდნილა და, მაგალითად, ლუი ვან გაალის სტილში არ დაუწყია ირგვლივ შეთქმულთა ძებნა. "ლესტერთან" შთამბეჭდავი გამარჯვების (3:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან დასცინა იმ ხალხს, ვინც მის გადადგომაზე ფული დადო...

ის, რომ თითქმის შეუძლებელია, კონტე მოთმინებიდან გამოიყვანო ან აზრი შეაცვლევინო, ინგლისელ ჟურნალისტებს იტალიელი კოლეგებიც დაუდასტურებენ. გაიხსენეთ, როცა კონტე ჯერ კიდევ "სკუადრა აძურას" მწვრთნელი იყო, თანამემამულე ჟურნალისტები გაკვირვებულები ეკითხებოდნენ, თუ რატომ მიჰყავდა ევროპის ჩემპიონატზე ემანუელე ჯაკერინი.

ეს კითხვები თითქმის ბოლომდე მოიხსნა მაშინვე, როგორც კი ჯაკერინიმ ბელგიას გამარჯვების დამადასტურებელი გოლი გაუტანა, ხოლო, როცა ესპანეთთან ჯორჯო კიელინის ასისტენტობა გაუწია და ერთ მატჩში დაფარული დისტანციის (12,97 კმ) მხრივ ევროპის ჩემპიონატის რეკორდსმენიც გახდა, კითხვები საერთოდ გაქრა.

"კონტე გენიოსია და ისევე, როგორც ყველა ასეთი ხალხი, ცოტა შეშლილიც. მასში თითქოს ცხოველი ზის", - ასე დაახასიათა თავისი ყოფილი მწვრთნელი ანდრეა პირლომ. მოგონებების წიგნში ის აღწერს, თუ როგორ ისროდა კონტე პლასტმასის ბოთლებს "იუვენტუსის" გასახდელში, როგორ გადააყირავა მასაჟისტის მაგიდა და ასე შემდეგ...

როცა გუნდში ასეთი ფიგურა მოდის, მას შიგნიდან ვერ დაანგრევ, შენს ჭკუაზე ვერ ატარებ. კლასიკური მაგალითი - "ლესტერთან" მატჩში დიეგო კოშტამ ჩვეულებისამებრ გადაწყვიტა, რომ ის არის იქ ბოსი და კონტეს ანიშნა - შემცვალეო. მაგრამ კოშტამ მოედანი დატოვა მხოლოდ თანაგუნდელებთან ერთად, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ.

მერე კონტემ ესეც განმარტა: "კოშტა დარჩა მოედანზე იმიტომ, რომ ცვლილებებს გუნდში აკეთებს მწვრთნელი და არა - ფეხბურთელი".

ცალკე საკითხია კონტეს სიგიჟეები ტექნიკურ ზონაში... თუმცა რომელ ზონასა და საზღვრებზეა ლაპარაკი? გოლის სიხარულს ის აბსოლუტურად გამოჰყავს "რადარებიდან". მისმა ამგვარმა ქმედებამ ჟოზე მოურინიოც კი გააღიზიანა. ამ შემთხვევაში, პორტუგალიელი მორალურად მართალი იყო - წაქცეულს წიხლი აღარ უნდა მიაყოლო. ინგლისში მუშაობა ჯენტლმენობასაც ითხოვს. უბრალოდ, მოურინიო არ უნდა გასწავლიდეს ამას...

ტაქტიკა
ბოლო მატჩებში "ჩელსი" 3 მცველით თამაშობს. კონტემ ამ გზას პირველად "არსენალთან" შეხვედრაში მიმართა და ვნახეთ, როგორ დაარბიეს "მეთოფეებმა" "ლურჯების" უკანა ხაზი. მერე იყო საგარეო გამარჯვება (2:0) "ჰალთან", რომელიც ბოლომდე ვერ გამოდგება საკუთარი ძალის საზომად.

ამას მოჰყვა საშინაო 3:0 "ლესტერთან", რომლის შემდეგაც კონტემ თქვა, რომ ეს იყო "ჩელსის" საუკეთესო მატჩი მის ხელში. მაგრამ არა მხოლოდ "ჩელსის", არამედ უშუალოდ - მისიც. თუმცა "შეშლილმა" იტალიელმა იქვე დასძინა, რომ მის გუნდში ჯერ ყველაფერი ვერ არის რიგზე.

სამმცველიანი უკანა ხაზი ახალი მოვლენაა ინგლისისთვის, სადაც ამგვარ ტაქტიკას, უბრალოდ, არ სცნობენ. თავის დროზე, ეს სტივ ბრუსმა სცადა "ჰალში", მაგრამ ჩემპიონშიფში გავარდა. ბრუსისგან განსხვავებით, კონტე სახელგანთქმული კოვერჩანოს აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო კურსდამთავრებულია. იმისთვის, რომ გაიგო, როგორ აღუდგე წინ კონტეს "ჩელსის", მეტოქეები ბევრ დროს დაკარგავენ და ეს უკვე უპირატესობაა.

იგივე ხდებოდა სერია A-შიც 2011 წელს, როცა კონტე "იუვენტუსში" მივიდა და მაშინვე გადააწყო უკანა ხაზი სამ მცველზე. "ბებერი ქალბატონი" იმ სეზონშივე ჩემპიონი გახდა, მაშინ, როცა წინა კამპანია მე-7 ადგილზე დაასრულა.

თავისუფლება ევროთასებისგან
ამას წინათ, ჟოზე მოურინიო პრემიერლიგის გადატვირთულ კალენდარზე ჩიოდა. ეს პრობლემა ყველა იმ მწვრთნელს აღელვებს, ვისი გუნდიც ევროტურნირზე თამაშობს, თუმცა ამაზე ხმამაღლა მხოლოდ "მანჩესტერის" მწვრთნელი ლაპარაკობს. მისი იდეაა, პრემიერლიგის მატჩები პარასკეობითაც გაიმართოს, როგორც ეს, ვთქვათ, გერმანიაშია.

ისე, მოურინიოს ბრალიცაა, რომ ამ სეზონში "ჩელსი" ევროთასებზე არ თამაშობს, მაგრამ ეს ერთი ნეგატიური მხარეა, თუმცა ამაში არის პოზიტივიც - ასეთ ვითარებაში კონტეს გუნდი მხოლოდ პრემიერლიგაზე იქნება კონცენტრირებული.

ამ ეტაპზე ეს შეიძლება არ იყოს იმდენად გადამწყვეტი ჰანდიკაპი, მაგრამ მარათონის მეორე ნახევარში "ჩელსის" კონკურენტები გადატვირთული გრაფიკისგან "სიამოვნებას" აშკარად იგრძნობენ. სწორედ ამით შეიძლება ისარგებლოს კონტემ...

ტრანსფერები
ახალ სქემაზე გადასვლა ახალ შენაძენებსაც გულისხმობს. კონტეს ტყუილად არ დაუწყია ლაპარაკი 3-4-3 სისტემაზე მაშინვე, როგორც კი პსჟ-დან დავიდ ლუიზი დაბრუნდა. თუ გავითვალისწინებთ ბრანისლავ ივანოვიჩის დაბალ სათამაშო კონდიციებსა და ჯონ ტერის ასაკს, ასევე იმასაც, რომ იმავე ტერისა და გარი კეჰილს სამკაციანი დაცვის პირობებში ერთად არასოდეს უთამაშიათ, ზამთარში აუცილებლად დადგება უკანა ხაზის გადახალისების აუცილებლობა.

ადრეც ვწერდით, რომ უპირველესი სამიზნეა ლეონარდო ბონუჩი, ვისაც კონტე საკუთარი ხუთი თითივით იცნობს "იუვენტუსიდან" და იტალიის ნაკრებიდან. ზაფხულში, თითქოს, არაფერი ედგა წინ ბონუჩის ლონდონურ ტრანსფერს, მაგრამ "იუვენტუსი" გაჯიუტდა. ექსპერტების აზრით, ბონუჩი იმაზე მეტად სჭირდება კონტეს, ვიდრე მოურინიოს - პოლ პოგბა.

ახალი მოდელისგან ყველაზე მეტად სესკ ფაბრეგასი დაზარალდება. მან ჩააგდო "არსენალთან" მატჩი, რითიც გამოჩნდა, რომ არ შეუძლია საჭირო მოცულობის დაცვითი სამუშაო ჩაატაროს 4-3-3 სისტემის პირობებში. არადა, ახალ მოდელში ეს სამუშაო გაცილებით მეტი იქნება. ამიტომაც ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული ფაბრეგასისა და მატია დე შილიოს ("მილანი") გაცვლა.

კონტემ მარცხენა ფლანგის პრობლემა უკვე მოაგვარა მარკოს ალონსოს საშუალებით, დე შილიოს კი მარჯვნივ შეუძლია ანალოგიური სიკეთის მოტანა. მაგრამ ერთიცაა - თუ ვიქტორ მოზესი (2 გოლი 7 მატჩში) გააგრძელებს ასე თამაშს, კონტემ ამ გაცვლაზე შეიძლება აღარც იფიქროს.

სპეციალისტების აზრით, ევროპის ბოლო ჩემპიონატზე მოთამაშე იტალიის ნაკრები ყველაზე ღარიბი იყო მოთამაშეთა ხარისხით "სკუადრა აძურას" მდიდარ ისტორიაში. მაგრამ ამ პირობებშიც კი კონტემ გუნდი მეოთხედფინალამდე მიიყვანა, მერვედფინალში კი ტოლ-სწორად ეთამაშა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას. "ჩელსიში" მას გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს...

კონტე სხვა დანარჩენშიც გაერკვევა. მაგალითად, მან თითქმის ისწავლა ინგლისური (ვალტერ მაძარისგან განსხვავებით, უკვე თარჯიმნის გარეშე არიგებს ინტერვიუებს), რაც ადაპტაციის პრობლემას საბოლოოდ მოხსნის. ესეც არ იყოს, იტალიელი მწვრთნელები პრემიერლიგაში ცუდად არ გამოიყურებიან. ამას კლაუდიო რანიერისა და კარლო ანჩელოტის "საქმენი საგმირონიც" ადასტურებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული