ლონდონის "არსენალი" - მძიმე ნოემბრის მოლოდინში

AutoSharing Option
დადგა ნოემბერი და "არსენალის" ფანები, ალბათ, ერთგვარმა შიშმა შეიპყრო. რა ხდება ასეთიო, იკითხავს გაკვირვებული მკითხველი? საქმე ისაა, რომ არსენ ვენგერის ეპოქაში ნოემბერი "მეთოფეთათვის" ყოველთვის ნეგატიური თვე იყო...

1.59 ქულა
პირველ რიგში, მოვუხმოთ სტატისტიკას. 1996 წლიდან მოყოლებული, როცა არსენ ვენგერი სათავეში ჩაუდგა "არსენალს", ნოემბრის თვეში მისმა სამწყსომ 78 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ თამაშში 1.59 ქულა დააგროვა. ცოტათი უკეთესია შედეგები აგვისტოში (1.88 ქულა), ხოლო დანარჩენ 9 თვეში ჩრდილოლონდონელები საშუალოდ 2.03 ქულას უყრიდნენ თავს.

"არსენალისთვის" ტრადიციულად ნაყოფიერი თვეებია სექტემბერი
და ოქტომბერი - შესაბამისად, 2.14 და 2.15 ქულა საშუალოდ მატჩში.

საინტერესოა, რა არის საფუძველი ამხელა დისბალანსის?

ტრავმები
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტრავმებია. გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი ნოემბერი, როცა თვის დასაწყისისთვის "არსენალის" ლაზარეთში მკურნალობდნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, თეო უოლკოტი, ჯეკ უილშირი, აარონ რემზი, დენი უელბეკი, ტომაშ როსიცკი, მიკელ არტეტა და დავიდ ოსპინა. ამის შემდეგ სერიოზულად დაშავდნენ სანტი კასორლა და ალექსის სანჩესიც.

რა თქმა უნდა, ტრავმები მხოლოდ "არსენალის" პრობლემა არ არის და ვერც ნოემბერზე ვიტყვით, რომ ამ მხრივ უნიკალური თვეა. მაგრამ ეს ის დროა, როცა ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდისა და სეზონის სტარტის შემდეგ, ფეხბურთელები გადაღლისგან პირველ "ნაყოფს იმკიან".

შესაძლებელია, ანალოგიური რამ ახლაც განმეორდეს. სწორედ ტრავმების გამოა, რომ ვენგერს ხშირად უწევს შემადგენლობის როტაცია. ალექსის სანჩესმა, მესუთ იოზილმა და თეო უოლკოტმა ჯერ მხოლოდ თითო მატჩი გამოტოვეს პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 დაპირისპირებაში.

კალენდარი
საშუალოდ, "არსენალს" მეტი მატჩის ჩატარება უწევს აპრილსა და დეკემბერში, ვიდრე ნოემბერში და ესეც შეიძლება ერთ-ერთი "ხელისშემწყობი" ფაქტორი იყოს. ცხადია, ამ დროს არც მისი ოპონენტები არიან უქმად, მაგრამ "მეთოფეთა" ნოემბერი შეიძლება იყოს მძიმე იმ მხრივ, რომ ჯანმრთელი ფეხბურთელების მცირე რაოდენობამ ვენგერს არ მისცეს როტაციის საშუალება, რაც თავისთავად გაზრდის ტრავმების რისკს.

ოპონენტები
კიდევ ერთი მიზეზი სანოემბრო ტანჯვისა, შეიძლება, იყოს ის, რომ ბოლო წლებში "არსენალს" ამ პერიოდში ყოველთვის უწევს თითო მატჩი მაინც კონკურენტებთან, რაც გუნდს დამატებით ენერგიას ართმევს.

მოყოლებული 2006/07 წლების სეზონიდან, ვენგერის შეგირდები ნოემბერში თითქმის ყოველთვის ატარებდნენ თუნდაც ერთ მატჩს "ჩელსისთან", "მანჩესტერ სიტისთან", "ტოტენჰემთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ლივერპულთან".

ბოლო დეკადაში, მხოლოდ 2011 წლის ნოემბერში მოხდა, რომ "არსენალი" კონკურენტებთან დაპირისპირებას ასცდა და იმ თვეში, საშუალოდ მატჩში, 2.33 ქულას აგროვებდა.

ამჯერად, ფორტუნამ აღარ გაუღიმა "არსენალს", რომელსაც ნოემბერში "ტოტენჰემთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

საკვანძო მატჩები
ნოემბერში "არსენალს" ყოველთვის უწევდა აუცილებლად მოსაგები თამაშები ჩემპიონთა ლიგაში, რაც მომავალში ამცირებდა შემადგენლობის როტაციის შანსს. სწორედ იმის გამო, რომ ბოლო რამდენიმე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ეს მონაკვეთი პრიორიტეტული ხდებოდა ლონდონელებისთვის, იკლებდა კონცენტრაცია პრემიერლიგის ფრონტზე.

სტატისტიკა აქაც არ ტყუის. თუ გადავავლებთ თვალს ნოემბერში პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 8 მატჩს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თამაშს მოსდევდა, "არსენალმა" ამათგან მხოლოდ 2 მოიგო.

რას ველოდოთ?
გამომდინარე "ტოტენჰემთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი ურთულესი მატჩებიდან, ასევე იმ ფონზე, რომ ჩემპიონთა ლიგაში "არსენალს" პოტენციურად გადამწყვეტი ბრძოლა ელის "პარი სენ-ჟერმენთან", შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ვენგერის კრებულს მორიგი რთული ნოემბერი უდევს წინ.

ჯერჯერობით, მწვრთნელი შედარებით მშვიდად არის ტრავმების მხრივ. თეო უოლკოტი და სანტი კასორლა მალე უნდა დაბრუნდნენ, ოლივიე ჟირუმ უკვე ითამაშა ლაზარეთიდან გამოსვლის შემდეგ და ეგრევე დუბლი შეასრულა, ფეხზე დადგა აარონ რემზიც...

"ჩვენ ახლა რთული ნოემბერი გველოდება, - ამბობს ვენგერი, - თვის ბოლოს შევაჯამებთ შედეგებს და გამოჩნდება, რა გვექნება ხელთ. ერთი რამის მჯერა: დღეს ბევრად გამოცდილები და დაბრძენებულები ვართ, ვიდრე წინა სეზონში ვიყავით. მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ გრძელ დისტანციაზე და არა - ლოკალურად. თუმცა არსებობს რისკიც და საფრთხეც".

"არსენალის" მორიგი ნოემბერი გუშინ, "ლუდოგორეცთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩით დაიწყო...

არსენალი ნოემბერში 1996 წლიდან
Sportall.Ge


არსენალის ნოემბერი
1 ნოემბერი. ჩ/ლიგა. ლუდოგორეცი (სტუმრად)
6 ნოემბერი. პ/ლიგა. ტოტენჰემი (შინ)
19 ნოემბერი. პ/ლიგა. მანჩესტერი (სტუმრად)
23 ნოემბერი. ჩ/ლიგა. პსჟ (შინ)
27 ნოემბერი. პ/ლიგა. ბორნმუთი (შინ)
30 ნოემბერი. ლ/თასი. საუთჰემპტონი (შინ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული