შოტლანდია და ესპანეთი - გარეთ საუთგეიტის ბოლო ორი შანსი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებს 11 ნოემბერს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ელოდება შოტლანდიის ნაკრებთან, ხოლო 4 დღეში ამხანაგური შეხვედრაა ესპანეთთან.

გარეთ საუთგეიტის ბედიც, წესით, "უემბლიზე" გასამართავ ამ ორი მატჩის მერე უნდა გადაწყდეს. 46 წლის სპეციალისტმა თავის რჩეულებს უხმო და, რასაკვირველია, ისე როგორ იქნება, ინგლისში ამას დიდი მითქმა-მოთქმა არ მოჰყვეს.

მოლოდინი, სიახლე და იმედგაცრუება, როგორც ძველი მიდლსბროელისგან ელოდნენ, რომ საუთგეიტი ნაკრებში რივერსაიდელთა 23 წლის მცველ ბენ გიბსონს დაუძახებდა.

ეს უკანასკნელი მართლაც კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ… ნაკრებში ახლად მოპოვებულ ადგილს ინარჩუნებს "ბარნლის" მაიკლ
კინი. საუთგეიტმა არც კიდევ ერთი მიდლსბროელისკენ, 25 წლის ადამ ფორშოუსკენ გაიხედა. 25 წლის შუახაზელი ასევე არ გამოიყურება ცუდად, მაგრამ ნახევარდაცვაში ინგლისის ნაკრებში იმხელა კონკურენციაა, რომ ამ შემთხვევაში, მისტერ გარეთს შეიძლება გავუგოთ.

"მიდლსბროს" ფანები კი გაბრაზდნენ და სოციალური ქსელები გადატვირთეს კრიტიკითა და მწარე კომენტარებით. ამაზე შეგვიძლია, ხუმრობით ერთი გამოთქმაც გავიხსენოთ და გადავაკეთოთ, შინაური გარეთი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო.

ნახევარდაცვაში მთავარი სიახლე ის არის, რომ ნაკრებში ვეღარ მოხვდა მაიკლ ანტონიო, არადა, იგი კვლავაც "ვესტ ჰემის" საუკეთესო ბომბარდირია, ამპლუით შუახაზელი, საჭიროების ჟამს მცველიცაა და, როგორც ხედავთ, თავდამსხმელიც.

სამაგიეროდ, დააბრუნეს ჯეკ უილშირი. ტყუილად არ ხუმრობენ, უილშირს, როგორც ჩანს, რაღაც ისეთი კომპრომატები აქვს და ისე აშანტაჟებს ინგლისური ფეხბურთის მამებს, რომ მათ სხვა გზა არ რჩებათო. აბა, ავტორიტეტებთან რომ მეგობრობს და ხულიგანი ბიჭი რომაა, ეს უილშირზე ისედაც ვიცით. სწორედ უხასიათობა და ტრავმებია იმის მიზეზი, რომ იგი "არსენალმა" "ბორნმუთში" გაანათხოვრა. "ალუბლებში" მან კარგად ერთი მატჩი ჩაატარა და, როგორც ჩანს, ეს საკმარისია - Jack is Back.

ახლა, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდით, შანსი ისევ მიიღო დენი დრინკვოტერმა. "ლესტერის" საქმე პრემიერლიგაში იდეალურად არ მიდის. ბედად, გასულ უიქენდზე დრინკვოტერმა უხეში შეცდომაც დაუშვა, რასაც მეტოქის გოლი და "მელიების" მარცხი მოჰყვა, მაგრამ იმ დროისთვის საუთგეიტს გადაწყვეტილება, ალბათ, უკვე მიღებული ჰქონდა და ამის გარეშეც, დრინკვოტერზე ალალი იყოს, შანსს ის ნამდვილად იმსახურებს და ვისაც არ მოსწონს - წყალი დალიოს.

მივადექით თავდასხმასაც, სადაც ფრიად უცნაური სიტუაციაა - ველოდით, რომ ჩარლი ოსტინი ამჯერად მაინც მიიღებდა მიწვევას, ჰარი კეინი ახლა დაბრუნდა გოლით და კეინია, კი ბატონო. სტარიჯიც სტარიჯია, მაგრამ პრემიერლიგაში ამ სეზონში ჯერ არ გაუტანია.

მარკუს რაშფორდი "მანჩესტერის" ძირითადში ვერ ხვდება, სასტარტოში ადგილი დაკარგა ჯეიმი ვარდიმაც, მაგრამ ისინი განაცხადში მოხვდნენ, "საუთჰემპტონის" ფორვარდი კი - არა. სტარიჯის არც ერთს კეინის სამი, რაშფორდის სამი და ვარდის ორი რომ მივუმატოთ, 8-ს მივიღებთ, ხოლო მარტო ოსტინს 5 გოლი აქვს გატანილი და აშკარად მშვენიერ სეზონს ატარებს, მაგრამ… ჩარლის და ანგელოზების ადგილი "სენტ მერიზე" და "წმინდანებში" კი არის, მაგრამ საუთჰემპტონელს სანაკრებო კარიბჭე ისევ არ შეუხსნეს.

მეკარეები
ამ პოზიციაზე სიახლე არ არის. გარეთ საუთგეიტმა ის გოლკიპერები გამოძახა, ვისაც ველოდით. ჯეკ ბატლენდი ტრავმირებულია, ხოლო "ვესტ ბრომვიჩის" ბენ ფოსტერს შანსი საკმაო ხანია, აღარ ეძლევა. პეპ გვარდიოლას მიერ გარიყული ჯო ჰარტი "ტორინოში" ალაგ-ალაგ შეცდომებს უშვებს და ამის გამო, შესაძლოა, მითქმა-მოთქმა გამართლდეს და საუთგეიტმა კარში ჰიტონი დააყენოს, რომელიც მშვენიერ ფორმაშია და "ბარნლის" კარის დარაჯს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი "სეივი" აქვს.

თუმცა ინგლისელები კონსერვატორი ხალხია და ცვლილებებს ნელ-ნელა და მტკივნეულად ეგუებიან, ჰარტს კი ახლა ისედაც სტკივა და სიტუაციის დამძიმებას შეიძლება არც იმსახურებს.

მცველები
"მანჩესტერის" კრის სმოლინგი არ იქნება, "სიტის" ჯონს სტოუნსს კი ძირითადში მოხვედრა, ალბათ, გარანტირებული აქვს. შეუწყვილებს მას საუთგეიტი გამოცდილ ფილ ჯაგიელკას და ძველ ევერტონულ დაცვის ცენტრს გააცოცხლებს? არა, სავარაუდოდ, მაინც გარი კეჰილს ვიხილავთ სასტარტოში. ფლანგები სავარაუდოდ, ტოტენჰემური იქნება - აქეთ უოკერი, იქით როუზი…

"ლივერპულის" კლაინს თავისი პრეტენზიები აქვს და არც რაიან ბერტრანს უნდა სათადარიგოთა სკამზე უქმად ჯდომა.

ნახევარდაცვა
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სტერლინგიც, რუნიც, ლინგარდიც, უოლკოტიც, თაუნსენდიც… ნახევარმცველებში გადიან და აშკარად შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელები არიან, კლასიკური საყრდენი ან ფეხბურთელი, რომელსაც ამ პოზიციაზე თამაში კარგად შეუძლია, ბევრი არ რჩება. ამიტომაც ერიკ დაიერი ალბათ, აუცილებლად უნდა ვიხილოთ ძირითადში.

"ლივერპული" ინგლისის ჩემპიონატში გალიდერდა და, როგორ გინდა, ამ კლუბის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დასვა? დენი დინკვოტერი თადარიგში იჯდება და ვინძლო, უეინ რუნის დაუმშვენებს გვერდს, რომელსაც საუთგეიტი ალბათ, ძირითადში ისევ არ დააყენებს. ზოგადად, ნახევარდაცვაში ისეთი გადატვირთვაა, გარეთს ბევრი საფიქრალი ექნება.

თავდამსხმელები
აქაც ქაოსია. სავარაუდოდ, მომჯობინებული ჰარი კეინი ძირითადში მოხვდება. გამომდინარე იქიდან, რომ "არსენალის" თეო უოლკოტი ძალიან კარგ ფორმაშია და ძირითადში ეკუთვნის შანსი, საუთგეიტი სავარაუდოდ, ორი ფორვარდით თამაშზე უარს იტყვის.

მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), ჯო ჰარტი (ტორინო), ტომ ჰიტონი (ბარნლი)
მცველები: რაიან ბერტრანი (საუთჰემპტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), ფილ ჯაგიელკა (ევერტონი), მაიკლ კინი (ბარნლი), დენი როუზი (ტოტენჰემი), ჯონ სტოუნსი (სიტი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), დენი დრინკვოტერი (ლესტერი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ჯეკ უილშირი (ბორნმუთი), ადამ ლალანა (ლივერპული), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერი), უეინ რუნი (მანჩესტერი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ანდროს თაუნსენდი (კრისტალ პალასი), თეო უოლკოტი (არსენალი)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული