ზაფხულის ტოპ-10 ზამთარში - ვინ გაამართლა ყველაზე მეტად პრემიერლიგაში?

AutoSharing Option
გასული ზაფხული ინგლისურ პრემიერლიგაში სატრანსფერო თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლ პოგბას ყიდვით "მანჩესტერ იუნაიტედმა" სულაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა - საფრანგეთის ნაკრების ლიდერში 80 მილიონი გირვანქა გადაიხადა. ზაფხულის ტრანსფერებიდან ვინ გაამართლა ყველაზე მეტად?

გთავაზობთ ამ თემაზე "დეილი მეილის" მიერ მომზადებულ საინტერესო მასალას. აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემის ტოპ ათეულში თავად რეკორდის მფლობელი ვერ მოხვდა.

10. ჯეფ ჰენდრიკი, ბარნლი
ამ ზაფხულს "ბარნლიმ" საკლუბო რეკორდი დაამყარა, გადაიხადა რა 10,5 მილიონი გირვანქა "დერბის" ყოფილ ფეხბურთელში. ჯეფ ჰენდრიკი ახალ კლუბში ურიგოდ არ
გამოიყურება. მან ახალი გუნდის შემადგენლობაში ორი გოლის გატანა შეძლო, თუმცა მისგან კიდევ მეტს ელიან. საინტერესოა, "ბარნლიმ" ჰენდრიკის საგოლე დარტყმების დროს ორივე შემთხვევაში გაიმარჯვა. დაამარცხა "უოტფორდი" და "ბორნმუთი".

9. ვიქტორ ვანიამა, ტოტენჰემი
"საუთჰემპტონიდან" გადმოყვანილი ფეხბურთელი მოკლე ხანში იქცა "ტოტენჰემის" ერთ-ერთ ლიდერად. საკმარისია აღინიშნოს, რომ ვიქტორ ვანიამას მიერ გაკეთებული ზუსტი პასების მაჩვენებელი 88 პროცენტია. კენიის ნაკრების ლიდერმა "დეზების" მაისურით ორი გოლის გატანაც მოახერხა. ერიკ დაიერთან ერთად პრემიერლიგაში საყრდენი ნახევარმცველების გამორჩეულ ტანდემს ქმნის.

8. ჟოელ მატიპი, ლივერპული
მთავარ კაცად ყალიბდება "ლივერპულის" დაცვაში. იურგენ კლოპის დიდებული შენაძენი. საინტერესოა, რომ ზაფხულზე ჟოელ მატიპს "შალკესთან" კონტრაქტი ამოეწურა და ინგლისურმა გრანდმა ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაიგდო ხელში ისე, რომ ცენტიც კი არ გადაუხდია. 25 წლის ფეხბურთელი კიდევ და კიდევ უმატებს.

7. შკოდრან მუსტაფი, არსენალი
ლორან კოსიელნის სჭირდებოდა სტაბილური პარტნიორი დაცვის ცენტრში. პერ მერტეზაკერი ბოლო დროს ტრავმებისგან იტანჯება, გაბრიელს კი რეგულარულად მაღალ დონეზე სათამაშოდ კლასი არ ჰყოფნის. არსენ ვენგერმა "ვალენსიადან" 35 მილიონ გირვანქად შეიძინა გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი. "ევერტონთან" და "მანჩესტერ სიტისთან" წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ექსპერტები მუსტაფის ტრავმას ასახელებენ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შკოდრანის მნიშვნელობას "მეთოფეთათვის", ის შეუცვლელი "მეთოფე" ხდება.

6. იდრისა გეიე, ევერტონი
იდრისა გიე "ევერტონს" პრემიერლიგიდან გავარდნილი "ასტონ ვილადან" 7,1 მილიონ გირვანქად შეუერთდა. გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. რონალდ კუმანი მისი თამაშით ძალიან კმაყოფილია. აფრიკელ ნახევარმცველს თითქმის არ აქვს შეცდომა. მის მიერ გაკეთებული პასების სიზუსტის მაჩვენებელი 86 პროცენტია.

5. ჯო ალენი, სტოკი
2012 წელს, როცა "ლივერპულში" მივიდა, მას მერსისაიდელთა დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა ჯო ალენს "უელსელი ჩავი" უწოდა. ამის მიუხედავად, "ენფილდზე" ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში ჯომ მაინც ვერ მოახერხა, გუნდისათვის საკვანძო ფეხბურთელი გამხდარიყო. სეზონში ხუთი გოლი - "სტოკში" ის ბოლომდე გაიხსნა. გარდა ამისა, დაეხმარა გუნდს ძალიან ცუდი სტარტის დავიწყებაში.

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მანჩესტერი
11 გოლი ამ მომენტისათვის - ზოგი შეიძლება მეტსაც ელოდა დიდი შვედისაგან, ვინც ჟოზე მოურინიოს სამარკო ნიშნად იქცა "მანჩესტერ იუნაიტედში". იბრაჰიმოვიჩი თანდათან გაუშინაურდა "მანჩესტერს" და ის უფრო და უფრო სახიფათო ხდება ინგლისური გრანდის მეტოქეთათვის. აღსანიშნავია, რომ ზლატანის მინდორზე ყოფნა დადებითად მოქმედებს მის ახალგაზრდა პარტნიორებზე, ჯესი ლინგარდსა და მარკუს რაშფორდზე. ბოლო შვიდ თამაშში რვა გოლი გაიტანა.

3. სადიო მანე, ლივერპული
როცა სადიო მანე 34 მილიონ ევროდ მივიდა "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში", ბევრმა ძალიან სკეპტიკურად შეხედა ამ ტრანსფერს. რვა გოლი თექვსმეტ პრემიერლიგურ შეხვედრაში - ეს მართლაც რომ შესანიშნავი შედეგია ფლანგელი შემტევისათვის. რობერტო ფირმინოსთან და ფილიპე კოუტინიოსთან ერთად ის შესანიშნავ სამკუთხედს ქმნის "ლივერპულის" შეტევაში. ორშაბათ ღამით სწორედ მან გაუტანა გამარჯვების გოლი "ევერტონს".

Sportall.Ge

2. დავიდ ლუიზი, ჩელსი
ბევრი არ ელოდა, რომ "ჩელსი" თავის ყოფილ ფეხბურთელში 34 მილიონ ევროს გადაიხდიდა. 29 წლის ფეხბურთელი ანტონიო კონტეს ხელში გაცილებით საიმედოდ ათამაშდა, ვიდრე ადრე თამაშობდა. თუ იტალიელმა ის ბოლომდე მოთოკა, მას შეუძლია, კიდევ მეტი სარგებლობა მოუტანოს გუნდს.

1. ნგოლო კანტე, ჩელსი
უმოკლეს ხანში "ჩელსის" ლიდერად იქცა. ჩემპიონი "ლესტერიდან" ლონდონურ კლუბში 30 მილიონ გირვანქად მივიდა. ზეშთამბეჭდავი სეზონი აქვს. "ჩელსის" დაცვა პრაქტიკულად გაუვალია და ამაში კანტეს წვლილი უდიდესია. მხოლოდ დაცვითი ფუნქციებით როდი შემოიფარგლება. დიდებული იყო მისი საგოლე დრიბლინგი "მანჩესტერთან" მოგებულ შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული