მინო რაიოლას კლიენტები იოლად არასოდეს აჰყავს. დონარუმა მისი კლიენტია და ამით ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო აგენტი დონარუმას ფენომენს უწოდებს.
"მსოფლიოში არაერთი ნიჭიერი მეკარეა, მაგრამ ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ დონარუმა აშკარად გამორჩეულია მათ შორის.
16 წლის და 242 დღის იყო დონარუმა, როცა "მილანის" ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. იტალიის ჩემპიონატების ისტორიაში ის გახდა რიგით მეორე ახალგაზრდა დებიუტანტი მეკარეებს შორის.
საინტერესოა, რომ ის მალევე დამკვიდრდა "მილანის" ძირითად შემადგენლობაში, მოუგო რა კონკურენცია დიეგო ლოპესსა და კრისტიან აბიატის.
"ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ წონასწორობა არ დაკარგო. გუშინ შენ ბავშვი იყავი, დღეს კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მეკარე ხარ. მე შევძელი და დავრჩი ისეთივე შრომისმოყვარედ, როგორიც აქამდე ვიყავი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყოველი დღე ფეხბურთით იწყება და სრულდება." - ამბობს დონარუმა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დიეგო ლოპესთან და კრისტიან აბიატისთან კონკურენციაში მოიპოვა. აბიატი ახალგაზრდა მეკარეს აქებს.
"ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დონარუმა ნამდვილი პროფესიონალია. უყურებ საქმისადმი მის მიდგომას და ფიქრობ: ღმერთო ჩემო, ის ხომ ბავშვი არ არის. ის უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ დონარუმა იმთავითვე თავისუფალი ყოფილიყო იმ დიდი წნეხისგან, რასაც დიდი გუნდის პირველ ნომრად ყოფნა ჰქვია, მაგრამ მან ძირითადად თვითონ შეძლო ყველაფრის მიღწევა.
ვუყურებ მის თამშს და ასე მგონია, ამ ბიჭს ნერვები საერთოდ არ აქვს. მის ასაკში ამხელა თავდაჯერება? ეს რაღაც სასწაულია." - ამბობს აბიატი.
როგორც იტალიური საინფორმაციო საშუალებები წერენ, "მილანი" ახალ, მრავალწლიან კონტრაქტს უმზადებს დონარუმას. ამაში გასაკვირი არაფერია - სწორედ ჯანლუიჯი ითვლება ახალი "მილანის" სიმბოლოდ.
საინტერესოა, რომ დონარუმა ნეაპოლში დაიბადა. შესაბამისად, ფეხბურთის ანბანს ის სწორედ ამ ქალაქში ეზიარა. და მაინც, ის დღეს მხოლოდ და მხოლოდ "მილანთან" ასოცირდება.
"ვამაყობ, რომ დიდი გუნდის წევრი ვარ. საკუთარ თავზე საუბარი კი ძალიან არ მიყვარს. ამას მირჩევნია, ზოგადად ფეხბურთზე და დიდ მეკარეებზე ვიაუბროთ. მაგალითად, ჯიჯი ბუფონზე, ვინც მთელი იტალიის სიამაყეა." - მიიჩნევს დონარუმა.
ჯანლუიჯი უკვე შემდგარი მეკარეა. რა არის მისი ძლიერი მხარე? "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ვიჩენცო მონტელა ამბობს, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის თითქოს რკინისაა.
"მას ნამდვილი ჩემპიონის ხასიათი აქვს. მე ვიტყოდი, რომ ის რკინასავითაა. არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ის შეიძლება შეუშინდეს. ამიტომ ვამბობ, რომ მსოფლიო ფეხბურთში მომავალი მისია".
2016 წლის 1 სექტემბერს დონარუმას დებიუტი ჰქონდა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში. ეს მოხდა საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში. დონარუმამ ჯიჯი ბუფონი შეცვალა. სიმბოლური ცვლილება იყო.
ჩვენი გმირი შეიქმნა ყველაზე ახალგაზდა მეკარე, ვისაც იტალიის ნაკრებში ოდესმე უთამაშია. იმ დროისათვის ჯანლუიჯი დონარუმა 17 წლის და 189 დღის იყო.
"მე იტალიის ნაკრებში ვითამაშე და ეს უკვე ოცნების ასრულებას ჰგავს, მაგრამ მთავარი ახლა იწყება. ეს ხომ დიდი გზის დასაწყისია. შენი ფეხბურთი მაშინ მთავრდება, როცა მიღწეულით კმაყოფილდები." - ამბობს ის.
რთული გამოსაცნობი არაა, ვინ არის დონარუმას კერპი. რა თქმა უნდა, ჯიჯი ბუფონი. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წარმოშობით ნეაპოლელი დონარუმა ბავშვობიდან "მილანის" დიდი გულშემატკივარია. მისი ძმაც მეკარეა და ერთ დღეს მანაც შეაღო "მილანის" კარი.
ანტონიო დონარუმა 26 წლისაა. მან "მილანში" ფეხი ვერ მოიკიდა და რამდენიმე გუნდში განათხოვრებით ითამაშა. ახლა ბერძნული "ასტერასის" ღირსებას იცავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"