სავარაუდო ტრანსფერი: ევრა და "იუვე" - განშორება გარდაუვალია

AutoSharing Option
პატრის ევრა "იუვენტუსიდან" მიდის. განშორება გარდაუვალია. ვეტერანი მცველი ტურინში უკვე ზედმეტია და ის იძულებულია, სხვა სათამაშო ადგილი ეძებოს. რა თქმა უნდა, ასაკი ყველას ატყობს კვალს და გამონაკლისი არც ევრაა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ფრანგი ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი იყო მსოფლიოში.

ზედმეტი
უყურებ ევრას თამაშს "იუვენტუსში" და გიჩნდება შეგრძნება, რომ ის ამ შესანიშნავ ანსამბლში ამსოლუტურად ზედმეტია. რომ ის მარტო დარჩა და აღარავის სჭირდება. საამისოდ არგუმენტის მოძებნა ძნელი სულაც არაა.

საკმარისია აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც ახალი წელი დაიწყო, ევრა ერთხელაც არ
ყოფილა "იუვენტუსის" განაცხადში. ეს კი პირდაპირი მესიჯია, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგს უგზავნის. ამ მესიჯის წაკითხვა ძნელი სულაც არაა - წადი და ახალი გუნდი მოძებნეო.

რა თქმა უნდა, ევრა დიდი ფეხბურთელია თავისი სათამაშო კლასით და ტიტულებით, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ძველი დამსახურება არავის ახსოვს. "იუვენტუსში" ბოლომდე თვით ალექს დელ პიერო არ გააჩერეს.

ალბათ, სულ მოგებასა და ტიტულებზე დაგეშილ "ბებერ ქალბატონს" ბოლომდე რომ შერჩე, ჯიჯი ბუფონი უნდა იყო. ასაკი ვერაფერს უნდა გაკლებდეს და გუნდისათვის ისეთივე სარგებლობა უნდა მოგქონდეს, როგორიც ადრე მოგქონდა.

ჩამოწერა ნაადრევია
და მაინც, პატრის ევრა დღესაც რჩება იმ ფეხბურთელად, რომლის ჩამოწერაც ძალიან ნაადრევია. ის, რომ "იუვენტუსში" თავს კომფორტულად ვერ გრძნობ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვაგანაც ასე იქნება. ევროპაში ყველას ყველაფრის მოგება არ უნდა.

ზოგს ლოკალური მიზნები აქვს და უნდა, რომ კრიზისს დაუსხლტეს. ზოგიც დიდი ფულით ძველი დიდების დაბრუნებისაკენ იყურება და ამ გზაზე ძალიან სჭირდება წარსული ვარსკვლავების გამოცდილება.

მოკლედ, ევრასათვის ვარიანტები არის და ის არავითარ შემთხვევაში არ დარჩება უგუნდოდ. მას აღარ ადარებენ რაკეტას, მაგრამ ის ჯერ კიდევ უკეთესია, ვიდრე ბევრი განაპირა მცველი.

ყველაზე რეალური - "მარსელი"
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატრის ევრა სამშობლოში დაბრუნდება და "მარსელის"მაისურას მოირგებს. ბერნარ ტაპის მმართველობის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და "მარსელს" ძალიან უნდა, რომ ძველი, კარგი დრო გაიხსენოს.

ახალი მეპატრონეები გუნდში ფულს დებენ და შედეგსაც ელიან. პირველ რიგში, მათ მწვრთნელით დაიწყეს და ფეხბურთზე გადარეულ საპორტო ქალაქში რუდი გარსია ჩაიყვანეს. გარსია ძალიან კარგი მწვრთნელია და მას შეუძლია, გუნდის თამაში "დააყენოს", მაგრამ ამისთვის მას შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელები სჭირდება.

დიმიტრი პაიე და პატრის ევრა - ეს ორი ფეხბურთელი ყველაზე მიმზიდველი სატრანსფერო ლუკმაა ახლა ველოდრომელთათვის. რა თქმა უნდა, თუ ამ ფეხბურთელების გადაბირება შეძლეს, მათი ამბიციები მნიშვნელოვნად მოიმატებს.

დანარჩენები
მართალია, ევრასათვის ბრძოლაში ფავორიტი "მარსელია", მაგრამ პატრისის გადაბირება სხვა გუნდებსაც სურთ. "ვალენსია", "კრისტალ პალასი" და "ლიონი" მზად არიან, ევრა საკუთარ რიგებში იხილონ.

რა თქმა უნდა, თითოეული გამოწვევა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ წერენ, რომ ვეტერანმა უკვე გააკეთა არჩევანი "მარსელის" სასარგებლოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევრა ახალი წლის მერე იმიტომ არ იყო განაცხადში, რომ იმ დროისთვის იკვე გადაწყვიტა სხვა გუნდში გადასვლა, და არა იმიტომ რომ იუვე ეუბნება "წადი და ახალი გუნდი მოძებნეო". ცოტა გადაამოწმეთ ხოლმე რას წერთ.
ალექს
14:28 26-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული