იტალიის თასი. 1/4-ფინალი: მესამე და სამართალი?

AutoSharing Option
გამოვლინდა იტალიის თასის კიდევ ერთი ნახევარფინალისტი. ტურინში "იუვენტუსმა" "მილანს" უმასპინძლა, მინიმალური სხვაობით სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩი 20 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ტურინელები უკვე ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, გოლები კი პაულო დიბალამ და მირალემ პიანიჩმა მიითვალეს აქტივში. "იუვემ" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და სტარტზევე გადადგა დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ.

დარჩენილ დროში ბურთს უფრო მეტად "მილანი" ფლობდა, სახიფათოდაც უტევდა, რაც ერთ გატანილ გოლში აისახა - მეორე ტაიმის დაწყებიდან 8 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც კარლოს ბაკამ გაიბრწყინა. თითქოს, ინტრიგა დაბრუნდა, მაგრამ მალევე,
მსაჯმა მანუელ ლოკატელი გააძევა, "მილანი" კაცნაკლული დარჩა და ნათელი გახდა, რომ თამაშს ვეღარ გადაარჩენდა.

თუ ტურინელთა მეკარეს, ნეტოს არ ჩავთვლით, რომელიც ჯიჯი ბუფონს ცვლიდა, ორივე გუნდის მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგელობა დააყენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იტალიის თასი გუნდებისთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. "იუვე" ნახევარფინალშია და განაგრძობს ბრძოლას მორიგი ტიტულის მოსაპოვებლად.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ჩვენ ვიცოდით, რომ "მილანი" არასდროს ნებდება და ყველაზე რთულ ვითარებაშიც ცდილობს თავისი ფეხბურთი ითამაშოს. მეორე ნახევარში ძალიან დავიხიეთ უკან და მეტოქეს გატანის საშუალება მივეცით. იყო შეცდომები, რომელთა გაანალიზება გვმართებს. იტალიის თასის ბოლო ორი გათამაშება მოვიგეთ და დიდი სურვილი მაქვს, რომ ამჯერადაც მივაღწიოთ წარმატებას".

ვინჩენცო მონტელა (მილანი): "მეტოქემ მძლავრად დაიწყო თამაში და სტარტზევე გაგვიტანა ორი გოლი. შემდეგ დათმო მოედნის ცენტრი და ამიტომ ბურთს ხშირად ვაკონტროლებდით. უნდა ვაღიარო, რომ თამაში "იუვენტუსის" კარნახით წარიმართა და შედეგიც ლოგიკურია. ჩვენ არასდროს ვნებდებით და ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, მაგრამ ხარვეზი ჯერ კიდევ ბევრია და მარცხისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული