სპეციალისტის სამომავლო ნავსაყუდელად ყველაზე ხშირად ლონდონის "არსენალზე" მიუთითებენ, სადაც, როგორც ჩანს, არსენ ვენგერის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. "იუვეს" თავკაცი შეეცადა მედიასთან საუბარში სიცხადე შეეტანა ამ საკითხთან დაკავშირებით...
7-ქულიანი ფორა
უახლოეს მდევარს 7 ქულით ვუსწრებთ და ეს კომფორტული უპირატესობაა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკუდეტო უკვე მოგებულია და უნდა მოვდუნდეთ. "რომა" და "ნაპოლი" შესანიშნავ ფორმაში არიან და ჩვენ წაფორხილებას ელოდებიან. სეზონი ისე ფეხბურთელებს მაქსიმალური მობილიზება მართებთ ნებისმიერ მეტოქესთან, მათ შორის, აუტსაიდერებთან, რაც ვნახეთ კიდეც "კროტონესთან" შეხვედრაში. დიდი ენერგიის დახარჯვა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩემპიონატის აუტსაიდერი გაგვეტეხა და სამი ქულა მოგვეპოვებინა, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.
პორტუს ვაფასებთ, მაგრამ...
ბევრმა ჩათვალა, რომ გაგვიმართლა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პორტუ" გვერგო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. პორტუგალიელებს გამოცდილი გუნდი ჰყავთ, რომელსაც ნებისმიერ მეტოქის დამარცხება შეუძლია. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და შესაბამისად, ეს ბარიერი უნდა გავიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ სერია A ჩვენთვის პრიორიტეტულ ტურნირად რჩება, ვამჩნევ, რომ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ბატალიებს განსაკუთრებულად ელოდებიან. არ მიკვირს, რადგან ამ ტურნირზე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ და იქ თავის გამოჩენა სხვანაირად ფასობს. პირველი მატჩი პორტუგალიაში გვაქვს და უნდა შევეცადოთ, რომ ტურინში სასურველი შედეგით დავბრუნდეთ. შედეგიანი ფრე და გამარჯვება ნებისმიერი ანგარიშით, ჩვენთვის სასურველი იქნება.
ახალი ტაქტიკა კარგად მუშაობს
ბოლო თამაშებში მუდმივად 4-2-3-1 ტაქტიკას ვიყენებ, რაც კარგად მუშაობს. დღეს ეს მოდელი აქტუალურია და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. საერთოდ, არსენალში რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი უნდა გქონდეს, რადგან სეზონი გრძელია და ურთულესი ამოცანების გადაჭრა გიწევს. ფეხბურთელებმა კარგად აუღეს ალღო ახალ ამპლუებს და ეს ძალიან მახარებს. გამთამაშებლის პოზიციაზე პაულო დიბალამ ახალი თვისებები გამოავლინა, მარიო მანჯუკიჩი კი ფლანგზე ძალიან პროდუქტიულია. ხუან კუადრადო და გონსალო იგუაინი ოპტიმალურ ფორმაში არიან და პროგრესირებენ. გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან, ეს მოთამაშეები ჩაანაცვლონ. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც იმავეს ვიტყვი, რომ ჩემთვის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი თანაბრად მნიშვნელოვანია.
რა მინდა ინგლისში
როდესაც სეზონის დასკვნითი ეტაპი იწყება, რატომღაც ყოველთვის საუბრობენ ჩემი ინგლისში შესაძლო გადაბარგების შესახებ და თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში "იუვენტუსს" ჩავარდნა აქვს თუ ყველაფერი კარგად მიდის. სერია A-ში პირველ ადგილზე ვართ, იტალიის თასისთვის ვიბრძვით და ჩემპიონთა ლიგაზეც ვასპარეზობთ - ასეთ დროს, რატომ უნდა ვფიქრობდე სხვა გუნდზე ან სხვა ქვეყანაში გადაბარგებაზე? - არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ დღეს მხოლოდ "იუვენტუსზე" ვარ კონცენტრირებული.ინტერმა წაგება უნდა ისწავლოს
ამასობაში, პრესას "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტაც გაესაუბრა და დიდი იტალიური დერბის პერიპეტიებს გამოეხმაურა. უფრო სწორად, იმ პროტესტს, რომელსაც "ინტერის" წარმომადგენლები და ფეხბურთელები დღემდე გამოთქვამენ მატჩის არბიტრის მიმართ, რომელსაც მილანელთა სასარგებლოდ ორი თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეეძლო:"მილანელებმა წაგება უნდა ისწავლონ და ეს ჩემი მეგობრული რჩევაა. "იუვენტუსი" დღეს უფრო ძლიერია და თამაშმა ეს დაგვანახა, მსაჯისთვის მარცხის გადაბრალება კი, უბრალოდ, არასწორია. მიმდინარე სეზონში იყო არაერთი ეპიზოდი, როდესაც მსაჯს ჩვენ სასარგებლოდ შეეძლო და მართებდა კიდეც გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, რადგან მსაჯების შეცდომები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"