ანდრეა ბელოტი: ჯერ მხოლოდ "ტორინოზე" ვფიქრობ

AutoSharing Option
სერია A-ს გასულ ტურში "ტორინო" "ფიორენტინასთან" ორი ბურთის სხვაობით აგებდა, თუმცა ანდრეა ბელოტის დუბლის წყალობით, ქულას გამორჩა. აღსანიშნავია, რომ დუბლამდე ბელოტიმ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

პენალტი იქით იყოს და, 23 წლის ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია, 26 ტურში 19 გოლი აქვს გატანილი და გონსალო იგუაინთან და ედინ ჯეკოსთან ერთად, ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ბელოტის მიმართ ევროპული გრანდები იჩენენ ინტერესს, მისი სატრანსფერო ფასი კი 100 მილიონი ევროა.

სად გააგრძელებს კარიერას ანდრეა მომდევნო სეზონიდან? თუ დარჩება "ტორინოში"? - ბოლო ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ფორვარდზე ნადირობაა გამოცხადებული. თავად
ბელოტიმ ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, გუნდის ასპარეზობით უკმაყოფილო ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთი მწვრთნელით და ასეთი შემადგენლობით, ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია. სეზონის წინ ევროსაგზურის მოპოვება დავისახეთ მიზნად, თუმცა ჯერჯერობით, ამისგან შორს ვართ.

რაც შემეხება მე, უკვე 19 გოლი მაქვს გატანილი და ეს ცოტა მართლაც არაა. მადლობელი ვარ მწვრთნელის და თანაგუნდელების, რომლებიც წარმატებული ასპარეზობისთვის ყველა პირობას მიქმნიან.

სად გაგრძელდება ჩემი კარიერა? - ვერავის შევპირდები, რომ მთელ კარიერას "ტორინოში" გავატარებ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მომწონს. ჩემი სურვილია, რომ იტალიაში დავრჩე, თუმცა არის ევროპული გრანდები, სადაც თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

თუმცა, ჯერ მხოლოდ სეზონის დარჩენილ ნაწილზე ვარ კონცენტრირებული და მსურს, "ტორინომ" ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დაასრულოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული