გასულ ტურში 23 წლის თავდამსხმელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, 24 თამაშში 22 გოლს მოუყარა თავი და ხსენებულ ფორვარდებს: ჯეკოს და იგუაინს 3-3 შედეგიანი დარტყმით გაასწრო.
იტალიაში ბელოტიმანიაა - სპორტული ჟურნალისტები, ექსპერტები და ანალიტიკოსები სწორედ ანდრეას შედეგიან თამაშზე ლაპარაკობენ. "ტორინოს" ფორვარდი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და მის შესახებ არაერთი საინტერესო კომენტარი გავრცელდა...
ურბანო კაირო ("ტორინოს" პრეზიდენტი): "ბელოტი ფენომენალური ტალანტის ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის იქაა, სადაც გუნდს სჭირდება და შესაბამისად, ურიცხვი რაოდენობის გოლი გააქვს. ანდრეასთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე უცხოური კლუბი 100 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი ტრანსფერი მხოლოდ ფეხბურთელის ხელში იქნება და მას წინ ვერ აღვუდგები.
თუმცა, ვიტოვებ უფლებას, რომ უარი ვუთხრა იტალიურ კლუბს ნებისმიერი თანხის შემთხვევაში. დღეს რომ ვაფორმებდე ხელშეკრულებას, ბელოტის გამოსასყიდ თანხას 150 მილიონ ევროდ განვსაზღვრავდი, მაგრამ რას ვიზამ, დროს უკან ვერ დავაბრუნებ".
სანაკრებო ჭრილში
ბუნებრივია, რომ ანდრეა ბელოტის შედეგიან ასპარეზობას იტალიური სპორტული მედია სანაკრებო ჭრილში აქტიურად განიხილავს. ბელოტი "სკუადრა აძურას" აწმყო და მომავალია, 24 მარტს კი იტალიის ეროვნული გუნდი ჯერ ალბანეთს უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, შემდეგ კი, სამ დღეში, ჰოლანდიას ესტუმრება ამხანაგურად. ჯამპიერო ვენტურას, ბელოტის სახით, ბრწყინვალე ფორვარდი ჰყავს და ზოგადად, ბოლო პერიოდში, იტალიელი თავდამსხმელები შედეგიანად ათამაშდნენ, რაც "აძურას" თავკაცს ნებისმიერი მწვრთნელისთვის ასე სასიამოვნო არჩევანის წინაშე აყენებს...
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას ანდრეა ბელოტი ლიდერობს 22 გატანილი გოლით და იქვე ახლოა ჩირო იმობილე, რომლის ანგარიშზეც 16 შედეგიანი დარტყმაა. გასულ უქმეებზე, იმობილემ დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში ის "ლაციოს" მთავარი დამრტყმელი ძალაა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბელოტიმ და იმობილემ ერთად უკვე 7 გოლი გაიტანეს და საფუძვლიანად ამოაგდეს ძირითადი შემადგენლობიდან ის ფორვარდები, რომლებსაც ანტონიო კონტე ენდობოდა:
მარტინს ედერი და გრაციანო პელე. მოკლედ, ვენტურამ უფრო ახალგაზრდა და უფრო შედეგიანი ფორვარდები იპოვა და ბუნებრივია, რომ აქცენტს მათზე აკეთებს.
ვენტურა მაშინაც იძახებდა მანოლო გაბიადინის, როდესაც ის "ნაპოლის" სათადარიგოთა სკამზე იჯდა და რადგან 25 წლის თავდამსხმელი "საუთჰემპტონში" ბრწყინვალედ ათამაშდა, ბუნებრივია, რომ მწვრთნელის კიდევ უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს. მანოლომ ინგლისური გუნდის შემადგენლობაში 4 მატჩი გამართა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის, 2 "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.
გაბიადინი ბრწყინვალე ფორმაშია და "საუთჰემპტონის" მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა. არ უნდა დაგვავიწყდეს ლორენცო ინსინიე, რომელიც მუდმივად "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაშია და მთლიანობაში, ძალიან კარგი სეზონი აქვს.
წინ ალბანეთთან მატჩია და ჟურნალისტები ვენტურას შეტევაში არსებულ კონკურენციაზე დაეკითხნენ: "ყველა კონკრეტულ შეხვედრაში ითამაშებენ ის თავდამსხმელები, რომლებიც უკეთეს ფორმაში იქნებიან. ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანია გუნდის ტაქტიკური მონახაზი და მეტოქე გუნდის თამაშის სტილიც. მე იმ მწვრთნელთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც მოწინააღმდეგეს დეტალურად სწავლობენ. იმობილე და ბელოტი ბრწყინვალე ფორმაში არიან, თუმცა გვყავს სხვა თავდამსხმელებიც, რომლებსაც შეუძლიათ გუნდისთვის სარგებლის მოტანა. ყოველთვის მომწონდა სიმონე ძაძას თამაში, რომელიც ესპანეთში უკეთ ირჯება და იმედია, უფრო მოუმატებს.
გვყავს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი, მათ შორის, ფედერიკო ბერნარდესკი, რომელსაც მიმდინარე სეზონში დიდი პროგრესი აქვს. ვაკვირდები დომენიკო ბერარდის, ფედერიკო კიეზას და კიდევ რამდენიმე ნიჭიერ ახალგაზრდას. ეს არის რესურსი, რომელიც ნაკრებს აუცილებლად გამოადგება. ალბანეთთან მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ჰოლანდიასთან კი გარკვეული ექსპერიმენტების საშუალება გვექნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"