"ტორინომ" ანდრეა ბელოტის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო დაასახელა და როგორც კლუბის პრეზიდენტი ურბანო კაირო ამბობს, ამ თანხას ცენტს არ დააკლებს - თუმცა, სჯობს თავად პრეზიდენტს მოვუსმინოთ:
"ბელოტი ევროპის საუკეთესო ფორვარდების ხუთეულშია და
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ბელოტის სანაცვლოდ "ჩელსიმ" "ტორინოს" 60 მილიონი ევრო შესთავაზა და პლუს, ბონუსების სახით, იტალიურ კლუბს 40 მილიონ ევროს დაჰპირდა - თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ანდრეა ლონდონურ გუნდში თავს კარგად წარმოაჩენს და გარკვეული რაოდენობის გოლებს დააგროვებს.
ტურინელებმა ლონდონელთა შეთავაზებაზე უარი თქვეს. საგულისხმოა, რომ სხვა გუნდში გადაბარგებას არც თავად ბელოტი ჩქარობს, რაზეც მისი მოკლე ინტერვიუ მეტყველებს...
- ელოდით, რომ ასეთი წარმატებული სეზონი გექნებოდათ?
- ოპტიმისტი ვარ და ამ სეზონსაც იმედით შევხვდი, მაგრამ ბომბარდირთა დავაში თუ ლიდერი ვიქნებოდი, არ მეგონა. სერია A-ში ბევრი უმაღლესი კლასის ფორვარდია, რომლებიც უფრო ამბიციურ გუნდებში ასპარეზობენ. მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ მიმდინარე სეზონით, თუმცა ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი შემიძლია.
- თუ შემადგენლობას გავითვალისწინებთ, მეტი შეუძლია "ტორინოს", თუმცა გუნდი სატურნირო ცხრილის შუაგულშია და ევროსაგზურის მოპოვების შანსი არ აქვს...
- გუნდში შესანიშნავი შემადგენლობაა შეკრებილი და გეთანხმებით, რომ გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში. ვფიქრობ, ამ რესურსით "ტორინოს" მინიმუმ ევროპალიგის საგზურის მოპოვება შეეძლო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას ბევრი გაუმართლებელი შეცდომა დავუშვით და ქულებიც უხვად დავკარგეთ.
- ასეთ დროს, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება...
- პასუხისმგებლობა ყველამ ერთად უნდა გავიზიაროთ, რადგან როგორიც არ უნდა იყოს მწვრთნელი, მოედანზე საქმეს მაინც ფეხბურთელი აკეთებს. სინიშა მიხაილოვიჩი ბევრს მუშაობს, თავს არ ზოგავს და ჩემი აზრით, მას უნდა მიეცეს დრო. "ტორინო" პერსპექტიული გუნდია და მიხაილოვიჩთან ერთად, წარმატების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს.
- ანუ მომავალშიც "ტორინოს" ფეხბურთელად მოიაზრებთ თავს?
- არ მივეკუთვნები იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებიც რამდენიმე გოლს გაიტანენ და უმალ იმაზე იწყებენ ფიქრს, რომ რომელიმე გრანდში გადაბაგდნენ და ხუთჯერ მაღალი ხელფასი აიღონ. ვფიქრობ, რომ "ტორინოში" ჯერ კიდევ შემიძლია გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი და შესაბამისად, ტურინში დარჩენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. როგორც მინიმუმ, მომდევნო სეზონს დიდი სიამოვნებით გავატარებ "ტორინოში".
- თქვენი საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა. ხომ არ იწვევს თქვენში ეს გარკვეულ წნეხს?
- ჩემი საქმე გოლების გატანაა, დანარჩენზე კი სხვებმა იფიქრონ. რადგან "ტორინომ" ასე შემაფასა, ე.ი. კლუბს ჩემი გაშვება მხოლოდ ამ თანხად უღირს. პირადად მე, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
- თუ მომდევნო სეზონსაც "ტორინოში" გაატარებთ, ალბათ მუნდიალის შემდეგ დაფიქრდებით უფრო ძლიერ გუნდში გადასვლაზე...
- იქამდე დიდი დროა და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"