"იუვენტუსი": ბენტანკური ტურინშია, დე შილიო სამიზნეში

AutoSharing Option
"მილანის" მესვეურებმა მატია დე შილიოს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ფეხბურთელმა თანამშრომლობის გახანგრძლივება არ ისურვა. იტალიურ სპორტულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ 24 წლის მცველი "იუვენტუსში" ლამობს გადაბარგებას და მისი უარიც ამით გახლავთ განპირობებული.

ზაფხულში ტურინულ გრანდს პატრიკ ევრა დატოვებს, "იუვეს" მესვეურებს კი ახალი განაპირა მცველი სჭირდებათ - თანაც, დე შილიო უნივერსალია და თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე.

ამ თემაზე მოკლე კომენტარი "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა: "ზაფხულში აუცილებლად გავძლიერდებით და ბუნებრივია, რომ მცველის გადმობირებასაც ვაპირებთ. მართალია,
ერთ-ერთი უძლიერესი უკანა ხაზი გვყავს ევროპაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ფეხბურთელების დამატებას არ ვფიქრობთ. უკვე გავიფორმეთ როდრიგო ბენტანკური, რომელიც "ბოკა ხუნიორსში" შესანიშნავად ასპარეზობდა და მას დიდი ხანი ვაკვირდებოდით".

როგორც მაროტამ აღნიშნა, "იუვენტუსმა" "ბოკა ხუნიორსიდან" 19 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი, როდრიგო ბენტანკური გადაიბირა, რომელზეც ტურინში დიდ იმედებს ამყარებენ. როდრიგო უკვე იტალიაშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კომენტარიც გააკეთა:

"ეს ახდენილი ოცნებაა, რადგან როდესაც ბავშვობაში "იუვენტუსის" თამაშებს ვუყურებდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე აქ მოვხვდებოდი. ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. "იუვე" ევროპული ფეხბურთის გრანდია და ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტი. ვამაყობ, რომ იმ გუნდის ნაწილი გავხდი, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს. ბედნიერი ვარ, რომ ტურინში არგენტინელები დამხვდნენ - პაულო დიბალასთან და გონსალო იგუაინთან ერთად, გაცილებით უფრო გამიადვილდება ახალ გარემოსთან შეგუება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევრამიანვარში დატოვა გუნდი და მარსელში გადავიდა. ასევე ბენტაკურის გარდა იუვემ ცალდარა ცენტრალყრი მცველი და ფლანგის შემტევი ორსოლინი გაიფორმა.)
dato
17:51 28-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული