მარჩელო ლიპი: ჩემი სოლიდარობა კოლეგებს!

AutoSharing Option
ლეგენდარული მწვრთნელი მარჩელო ლიპი იტალიელი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ რესპოდენტად რჩება - მაესტრო ხშირად აფიქსირებს მოსაზრებებს აპენინურ ფეხბურთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამჯერად, ლიპიმ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე გაამახვილა ყურადღება და დროა, სიტყვას მას გადავცეთ...

ჩემპიონატის საერთო დონე
სერია A-ს საერთო დონე საკმაოდ მაღალია და მნიშვნელოვან პროგრესსაც ვხედავ. სატურნირო ცხრილის აუტსაიდერები რეგულარულად უგებენ ფავორიტებს და ეს ცალსახად დადებითი ფაქტია.

მაგალითად, ბოლო ტურებში "კროტონემ" არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, მაგრამ "ემპოლიმაც" ივარგა და შედეგად, ელიტაში
დარჩენის უკეთეს შანსს ტოსკანელები ინარჩუნებენ. ისეთი ძლიერი გუნდები, როგორებიც "ტორინო" და "სამპდორიაა", ცხრილის შუაში არიან და ევროარენაზე გასვლის შანსიც კი არ აქვთ.

სერია A-ს მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ "იუვენტუსი" სხვა გუნდებს აღემატება და ჩემპიონატს განსაკუთრებული პროლემების გარეშე იგებს. მილანური და რომაული გუნდები, ასევე "ნაპოლი" კიდევ უფრო უნდა გაძლიერდნენ, რომ "იუვეს" რეალური კონკურენცია გაუწიონ.

სოლიდარობა კოლეგებს
მწვრთნელებს სულ უფრო ცოტა დრო ეძლევათ იმისთვის, რომ შესაძლებლობები წარმოაჩინონ და გუნდს თავისი ხელი დაატყონ. ამიტომ, კოლეგებს მუდმივად ჩემოდნებზე უწევთ ჯდომა, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია.

დარწმუნებული ვარ, ზაფხულში "ინტერის" მესვეურები მწვრთნელს შეცვლიან - არადა, სტეფანო პიოლი შესანიშნავი სპეციალისტია და პირადად მე მას დროს მივცემდი. შეიცვლება ლუჩანო სპალეტიც, რომელსაც "იუვეს" ჰეგემონიის დამხობას უმოკლეს დროში სთხოვენ. ამიტომ, მინდა კოლეგებს სოლიდარობა გამოვუცხადო - ეს მაქსიმუმია, რაც დღეს შემიძლია გავაკეთო.

პერსპექტიული მწვრთნელები
ყველა გაგვაოცა სიმონე ინძაგიმ, რომლის "ლაციო" შესანიშნავად ასპარეზობს. რომაულ დერბიში "ლაციოს" მთავარი ფორვარდი, ჩირო იმობილე აკლდა, მაგრამ ინძაგიმ აქაც იპოვნა გამოსავალი და უმნიშვნელოვანესი დუელი მოიგო.

ვფიქრობ, ეუსებიო დი ფრანჩესკო დაწინაურდება, რომლის "სასუოლო" წლებია, მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. იტალიაში ბევრი ნიჭიერი მწვრთნელია, რომლებსაც დაფასება სჭირდებათ. სიმონე ინძაგის მაგალითზე ჩანს, რომ აქცენტი ადგილობრივ კადრებზე უნდა გაკეთდეს და არა უცხოელებზე.

ახალი თაობა
ბოლო პერიოდში, ბევრს ლაპარაკობენ იტალიური ფეხბურთის ახალ თაობაზე, რომელმაც დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს. ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მათ მშვიდად მუშაობის და განვითარების საშუალება უნდა მივცეთ.

ამ თაობას წინ ბევრი გამოცდა ელის, მთავარი კი ის გახლავთ თუ როგორი ფსიქოლოგიური მზადყოფნა ექნებათ დიდი ბრძოლებისთვის. პირადად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ზედმეტი ქება საქმეს არ წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული