მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე გაჭედილ "მილანსა" და "ინტერს" უკვე გაუფორმდა მორიგი ჩავარდნილი სეზონი...
"ინტერში" გადაწყვიტეს, რომ დროა და... სტეფანო პიოლის კარისკენ მიუთითეს. "ინტერს" აგერ, უკვე შვიდი ტურია, ვერ მოუგია, გუნდს 35 ტურის მერე 13 მარცხი აქვს და სეზონში მეცამეტე მარცხი ბოლო გამოდგა მთავარი მწვრთნელისთვის,
გახსოვთ, ალბათ, რომ მილანურმა გრანდმა თითქოს, დამაიმედებელი სეზონი ჰოლანდიელ ფრანკ დე ბურთან ერთად დაიწყო, მაგრამ ნოემბერში კლუბის ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ ეს ის არ იყო, რაც "ინტერს" ესაჭიროებოდა და ის 51 წლის პიოლით ჩაანაცვლეს. პიოლიმ თავიდან, თითქოს, გამოასწორა ვითარება, მაგრამ ეს იმედი უბრალოდ მორიგი მირაჟი აღმოჩნდა "ნერაძურისთვის".
რა შეიძლება ითქვას სტეფანო ვეკიზე? ის ამ სეზონში ერთხელ უკვე წვრთნიდა გუნდს, ნოემბერში, როცა დე ბური მოხსნეს და პიოლი ჯერ მოსული არ იყო. სხვათა შორის, სერია A-ში 45 წლის ვეკის ხელმძღვანელობით "ინტერმა" ერთადერთი მატჩი გამართა და "კროტონეს" იოლად მოუგო, თუმცა "საუთჰემპტონთან" ევროთასზე დამარცხდა. პიოლის მოსვლის მერე ვეკი ისევ "ინტერის" პრიმავერას, ანუ ჩვენებურად დუბლებს წვრთნიდა.
სხვათა შორის, პიოლის "ინტერის" ბოსები ცოტა უცნაურად მოექცნენ, "სასუოლოსთვის" მზადება გუნდმა 9 მაისს დაიწყო "სუნინის" ბაზაზე, მთელი დღე გუნდმა პიოლის ხელმძღვანელობით ივარჯიშა, ხოლო შინ წასვლის წინ მწვრთნელი გამოიძახეს და...
კიდევ ერთი ახალი ამბავი "ინტერში" - კლუბს ჰყავს ახალი სპორტული დირექტორი - ვალტერ საბატინი. დიახ, "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი, რომელიც ესპანელმა მონჩიმ ჩაანაცვლა. რომაელთა დაწუნებული კადრი მისაღები აღმოჩნდა ჩინური "სუნინ გრუპისთვის", რომელიც მართავს ლომბარდიულ გრანდს. საბატინი "ინტერის" გარდა ანალოგიურ თანამდებობაზე "ძიანსუ სუნინშიც" დანიშნეს.
"სუნინ გრუპის" წინადადება მივიღე და ორივე გუნდს ჩავიბარებ. უნდა გავაუმჯობესო სიტუაცია "ინტერსა" და "ძიანსუში". მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ჩინური ფეხბურთის განვითარებაში. ჩვენ ერთი, დიდი ოჯახი უნდა ვიყოთ", - განაცხადა საბატინიმ. საბატინის "რომადან" ფეხბურთელებიც მოჰყვებიან. უკვე დარწმუნებით ითქვა, რომ გერმანელმა ანტონიო რიუდიგერმა "ინტერისგან" ოფიციალური წინადადება მიიღო.
თუკი იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ახლა უდიდესი სამუშაო მიდის იმისთვის, რომ როგორმე დაიყოლიონ ლონდონის "ჩელსის" თავკაცი ანტონიო კონტე და ის "ინტერში" გადავიდეს. ამბობენ, რომ კონტეს მოსათაფლად კვირაში 250 ათას გირვანქას სთავაზობენ. პიოლი "ინტერის" მე-9 მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიოს შემდეგ, რომელიც "ჯუზეპე მეაცადან" 2010 წელს წავიდა.
აი, ასეთი სიახლეებია მილანის "ინტერში". სამწუხაროდ, მხოლოდ მას მერე, რაც სეზონის ჩავარდნა გაფორმდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"