ტურინის "იუვენტუსის" რეინკარნაცია - ანუ რა უნდა ისწავლონ "ბებერი ქალბატონისგან"?

AutoSharing Option
ერთწლიანი პაუზის შემდეგ "იუვენტუსი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და კვლავ - ესპანური გრანდის წინააღმდეგ. იტალიურ საკლუბო ფეხბურთში არსებული ზოგადი კრიზისის ფონზე, "ბებერი ქალბატონის" ევროწარმატება იმაზე მიანიშნებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ განვითარების სწორი გზა მონახა.

საინტერესო იქნებოდა იმის ანალიზი, თუ რა უნდა ისწავლონ სხვა კლუბებმა "იუვენტუსისგან"?

საკუთარ შეცდომებზე...
"იუვენტუსს" ახლა გაფურჩქვნის დროება უდგას, თან არა მარტო როგორც კლუბს, არამედ, როგორც სისტემას, როგორც ძალას - ევროპულ ფეხბურთში. არადა, ჯერ კიდევ 10 წლის წინათ "იუვე" სერია B-ში იყო და თავიდან იწყებდა ცხოვრებას "კალჩოპოლის" სკანდალის
შემდეგ, უფრო ახლო წარსულში კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ვერ ძლევდა. გახსოვთ მარცხი "გალათასარაისთან" თოვლიან სტამბოლში?..

სიტუაცია შეიცვალა კლუბის სათავეში ანდრეა ანიელის მისვლის შემდეგ, რომელმაც, თავის მხრივ, ძლიერი და გამოცდილი მენეჯერები დაიქირავა - ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი.

დღეს შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მაროტას პირველი შენაძენი იყო მილოშ კრასიჩი, რომელიც მოსკოვის ცსკა-სგან 15 მილიონ ევროდ იყიდეს. მაშინ ეს ამბავი ლამაზად შეფუთეს - სერბ ნახევარმცველს რუსეთის დედაქალაქში სპეციალურმა თვითმფრინავმა ჩააკითხა, ხოლო მოსკოვში მოლაპარაკებებზე თავად მაროტა ჩადიოდა... მაშინ ამ ტრანსფერს "იუვეს" ბოსები ლამის შემობრუნების წერტილად ასაღებდნენ...

ტანდემი
რა თქმა უნდა, "იუვენტუსში" შეცდომებს დღესაც უშვებენ. ან კი სად არსებობს საფეხბურთო კლუბი, სადაც ყველაფერი შვეიცარიული საათივით მუშაობს, მაგრამ მთავარია, რომ მაროტა და პარატიჩი ამ შეცდომებს ხედავენ და სწორად რეაგირებენ.

მათ ასეთი ხაზი აირჩიეს - "იუვემ" უნდა იცხოვროს ისე, რის საშუალებასაც ბიუჯეტი იძლევა. ბოლო წლების მთავარ ტრანსფერად მიჩნეულია კარლოს ტევესის ყიდვა, რაშიც ტურინულმა გრანდმა თავის დროზე 10 მილიონი ევრო გადაიხა. ეს იყო ანტონიო კონტეს დროს.

კონტე იმიტომაც წავიდა "იუვედან", რომ უფროსობასთან უთანხმოება მოუვიდა სატრანსფერო პოლიტიკაზე, თუმცა დღეს ის ლონდონიდან ხედავს, როგორ შეიცვალა ყველაფერი - "იუვენტუსი" ერთ ფეხბურთელში 9 მილიონს კი არა, უკვე 90-ს იხდის...

სწორი ხარჯვა
ანიელის გადაწყვეტილება იყო, რომ "იუვენტუსს" დაეწესებინა ეგრეთ წოდებული სახელფასო "ჭერი" - 4.5 მილიონი ევრო, რაც ევროპული საზომითაც კი ძალზე არასერიოზულად ჩანდა. ასე გაგრძელდა მთელი 5 წლის განმავლობაში და ამ ფონზეც კი, 2015 წელს "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ბევრისთვის ეს სრული ნონსენსი იყო.

როგორც კი ტურინში გვარიანი თანხა გამოიმუშავეს, ხელფასებმაც უმალ მოიმატა. მარტო ამ სეზონში "ბებერმა ქალბატონმა" ჩემპიონთა ლიგიდან უკვე 115 მილიონი ევრო იშოვა და 140-მდეც ავა. დღეს უმაღლესი სახელფასო თამასა 7,5 მილიონი ევროა. ამდენს იღებს გონსალო იგუაინი, ცოტათი ნაკლებს - პაულო დიბალა.

ასე რომ, კლუბი იზრდება თანმიმდევრულად და წარმატებების შესაბამისად.

სწორი სამწვრთნელო სვლები
ადრე "იუვენტუსში", სამწვრთნელო არჩევანის მხრივ, რისკი მეტი იყო. ლუიჯი დელნერი იტალიურ ფეხბურთში პოპულარული სპეციალისტია "კიევოს" აღზევების დროიდან, მაგრამ ტურინში მან სრული კრახი განიცადა, რადგან გრანდებში მუშაობის პრინციპებს არ იცნობდა.

სარისკო იყო კონტეს დანიშვნაც. დელნერისგან განსხვავებით, მას არათუ რომელიმე ტოპ-კლუბში, თვით სერია A-ში საქმიანობის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა...

რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, ის 2014 წელს დაითხოვეს "მილანიდან", თან - გულშემატკივართა აქციების ფონზე. მაშინ ალეგრის ძალიან გაუბრაზდნენ "როსონერიდან" ანტონიო პირლოს გაშვების გამო...

თუმცა ალეგრი "იუვენტუსში" ბრწყინვალედ მუშაობს - ორი სკუდეტო (სადაცაა მესამეც იქნება) და ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალი. მის ხელში "იუვე" მომაგრდა და მომწიფდა ევროტრიუმფისთვის.

თუკი 2015 წელს "ქალბატონის" ფინალში გასვლა ლამის სენსაციად აღიქმებოდა, აგერ, ახლახან, "ბარსელონასთან" მეოთხედფინალში (3:0, 0:0), ტურინელებს ერთი მატჩიც ეყოთ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად.

ყველაზე საიმედო...
"იუვენტუსის" დაცვა მყარი კედელია. ამ რგოლში ტურინელებს თითქოს, არასოდეს უჭირდათ. კონტეს დროიდან ეს იყო შესანიშნავი სამეული - ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის სახით, რასაც წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებს ლეგენდარული და უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი...

მაგრამ ალეგრიმ აქაც შეიტანა თავისი შტრიხი: სამეულს მეოთხე მცველიც დაამატა - ალექს სანდრო, რომელიც მარცხენა ფლანგზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რეალელ მარსელოსთან ერთად.
იტალიური ფეხბურთი შეიძლება კიდევ ბევრჯერ აღმოჩნდეს კრიზისში, მაგრამ ამ ქვეყანას ყოველთვის ეყოლება ძლიერი მცველები და მეკარეები.

არ შეგეშინდეთ ცვლილებების
ვერ ვიტყვით, რომ "იუვენტუსმა" იოლად გადაიტანა პოლ პოგბას წასვლა, მაგრამ ალეგრიმ შეძლო გუნდის გადაწყობა ჯერ 3-5-2-დან 4-3-1-2-ზე, იანვარში კი, "მილანთან" იტალიის სუპერთასზე წაგების შემდეგ, მაქსმა 4-2-3-1-ზე შეაჩერა არჩევანი. მოედნის ცენტრში ორი საყრდენი ნახევარმცველია - მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა და შემტევი კვარტეტი - მარიო მანჯუკიჩი, ხუან კუადრადო, პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი.

ახალი ლიდერები
ახლა ყველა აღფრთოვანებულია დანი ალვეშით, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, რა ხდებოდა ნახევარი წლის წინ - საშინელი არასტაბილურობა, მძიმე ტრავმა, მარცხი შტეფან ლიხტშტაინერთან კონკურენციაში...

მაგრამ 33 წლის მარჯვენა მცველმა ყველა გამოწვევას გაუძლო, ფეხზე დადგა და დღეს "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი, ასეც ვიტყოდით - უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ცოტა ხნის წინათ ტურინში აკლდათ ამ ტიპის ლიდერები...

დაივიწყეთ კონფლიქტები
ახლახან ანტონიო კასანომ თქვა - "იუვენტუსში" ფეხბურთელებს ძალიან ეშინიათ უფროსების და მხოლოდ მათ დაკრულზე ცეკვავენო...

რა თქმა უნდა, კასანოს ტიპაჟისთვის ასეთი ცხოვრება მიუღებელია, მაგრამ "იუვენტუსში" თუ მართლა ასეა საქმე დაყენებული (რა თქმა უნდა, "შიში" გადაჭარბებული შეფასებაა), ამით გუნდი მხოლოდ სარგებლობს.

"ბებერი ქალბატონის" იერარქიაში ყველამ იცის თავისი საქმე, როლი და გაქანების მასშტაბი. ამიტომაც აღარ არის აქ კონფლიქტები. ისწავლეს დამსახურებული ხალხის დაფასებაც - პაველ ნედვედი, "იუვენტუსის" ლეგენდათაგანი, დღეს კლუბის ვიცე-პრეზიდენტია.

გამარჯვებულის მენტალიტეტი
და მაინც, "იუვენტუსის" ფილოსოფია შეცვალა არა ალეგრიმ, არამედ - ანტონიო კონტემ. სწორედ "გრაფმა" დააბრუნა "იუვეში" 90-იანი წლების მენტალიტეტი, ჯილდოებისადმი არა უბრალო ლტოლვა, არამედ - მათი მოგებაც. გაჩნდა ახალი შანსიც ევროასპარეზზე...

ბოლო წლებში ჩვენ ვხედავდით "ბარსელონას", "რეალისა" და "ბაიერნის" ძლევამოსილებას. მეოთხე გუნდი იცვლებოდა - ხან "ატლეტიკო", ხან რომელიმე ინგლისური კლუბი...

ახლა აქ "იუვენტუსიცაა", აღიარებული ტოპ-კლუბი, დიდი "იუვეს" ერთგვარი რეინკარნაცია, რომელსაც შანსი აქვს, შური იძიოს "რეალზე" 1998 წელს ამსტერდამულ ფინალში დამარცხების გამო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფორცა იუვე
gocha
16:38 16-05-2017
0
ძალიან კარგი სტატიაა, მადლობა ავტორს
პაპიკოო
15:39 16-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული