დიდი წმენდა "ინტერში": მწვრთნელი აღარ არის, ფეხბურთელებიც წავლენ

AutoSharing Option
"ინტერმა" სეზონი ჩააგდო და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, გუნდში დიდი წმენდაა მოსალოდნელი. კლუბის მესვეურები ახალ მწვრთნელს ეძებენ, თუმცა აქედანვე აქვთ მონიშნული იმ ფეხბურთელების გვარები, რომლებსაც გუნდის დატოვება მოუწევთ.

შესაძლოა, "ინტერი" ლიდერებმა დატოვონ და მათ შორის, მაურო იკარდიმ, რომლის გვარსაც ყოველ ზაფხულს უკავშირებენ ინგლისურ და ესპანურ გრანდებს. ცნობილია, რომ იკარდის ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და ამ საკითხით მისი მეუღლე და პირადი აგენტი ვანდა ნარა აქტიურად სპეკულირებს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 24 წლის ფორვარდს 24 გოლი აქვს გატანილი, კარგ ფორმაშია და
მასზე მოთხოვნა ისევ დიდია. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, იკარდის საბაზრო ღირებულება 110 მილიონი ევროა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგეს, "ინტერი" არგენტინელ ფორვარდში 80 მილიონ ევროსაც სიამოვნებით აიღებს.

"ინტერიდან" აბარგებას უწინასწარმეტყველენ ივან პერიშიჩსაც, რომლის გადაბირებით პრემიერლიგის გრანდები არიან დაინტერესებულნი - 28 წლის ხორვატის დამატება "ჩელსის", "არსენალს" და "მანჩესტერ სიტის" სურთ, მისი საბაზრო ღირებულება კი 50 მილიონი ევროა. "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რაც პერიშიჩისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი იყოს და მან ინგლისში არჩიოს კარიერის გაგრძელება.

"ინტერის" მესვეურები ფეხბურთლთა უმეტესობის გარჯით უკმაყოფილონი არიან და მათ ტრანსფერზე დაყენებას აპირებენ - ერთ-ერთი ჟოაო მარიო იქნება, რომელმაც ვერ გაამართლა გაცემული ავანსები და მის სანაცვლოდ გადახდილი კოლოსალური თანხა. "გაძეტას" მტკიცებით, ცნობილია 5 ფეხბურთელის გვარი, რომლებსაც მილანური გრანდის მესვეურები არ შეეხებიან - ლაპარაკია სამირ ჰანდანოვიჩზე, დანილო დამბროზიოზე, გარი მედელზე, რობერტო გალიარდინისა და ანტონიო კანდრევაზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული