დონარუმას არჩევანი: "მილანი" თუ რაიოლა?

AutoSharing Option
"მილანის" მესვეურები ჯანლუიჯი დონარუმას ახალ, 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის განმავლობაში, მეკარე სეზონში 4,5 მილიონ ევროს მიიღებს. ჯერჯერობით, დონარუმას პასუხი უცნობია და თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, მხარეები პირობებზე ვერ თანხმდებიან.

18 წლის გოლკიპერის აგენტი მინო რაიოლაა, რომელიც ჯიჯის გაყიდვით უფროა დაინტერესებული, ვიდრე "მილანთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებით - არცაა გასაკვირი, რადგან ტრანსფერებიდან აგენტები დიდ თანხებს იღებენ. იგივე რაიოლამ პოლ პოგბას ტრანსფერიდან დაახლოებით 20 მილიონი ევრო აიღო (ეს ოფიციალურად).

"მილანის" მესვეურებს არ მოსწონთ ის, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და დონარუმას ულტიმატუმს უყენებენ
- ფეხბურთელმა ან მშობლიურ გუნდზე უნდა თქვას უარი, ან პირად აგენტზე. რაიოლას შედარებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა "როსონერის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან, კლუბის ახალ მესვეურებთან კი ვერ გამონახა საერთო ენა. ამაზე "მილანის" სპორტული დირექტორის, მასიმო მირაბელის სიტყვები მოწმობს:

"დონარუმას "მილანში" სურს დარჩენა და ეს ყველამ კარგად ვიცით. ვისაც თუნდაც ერთხელ უსაუბრია ჯიჯისთან, ის დარწმუნდებოდა იმაში, რომ ის ჩვენთან ბედნიერია და არსად წასვლა არ უნდა. თუმცა, დღეს ფეხბურთელებზე პირადი აგენტები დიდ გავლენას ახდენენ და ასეა დონარუმას შემთხვევაშიც.

ჩვენ ჯიჯის ვთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იტალიაში და ვუცხადებთ სრულ ნდობას - ის გუნდის მომავალია და ჩვენი პრიორიტეტული მიზანი სწორედ ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა. იმედია, შეთანხმება მალე შედგება თავად ფეხბურთელთან და არა მის აგენტთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული