ლუჩანო სპალეტისთვის პირველი ასეთი ფეხბურთელი ანტონიო რიუდიგერია, რომელსაც "რომადან" იცნობს. როგორც "კორიერე დელო სპორტი" წერს, გარიგება მოხდა 30 მილიონი ევროს ფარგლებში და თან "უკიდურესი გულისხმიერებისა" და "ჯენტლმენური მომენტების" დაცვით.
ალბათ, გამოცემა გულისხმობს იმას, რომ კლუბებმა უხმაუროდ მონახეს გამოსავალი იმ პირობებში, როცა "რომა" 35 მილიონს ითხოვდა, ხოლო "ინტერი" 25 მილიონზე მეტს ვერ იმეტებდა გერმანიის ნაკრების
რა თქმა უნდა, "ნერაძურის" აქტივობა ამით არ შემოიფარგლება. განსახილველ საკითხთა შორისაა ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერიც. უკვე ვწერდით, რომ "ფიორენტინას" შემტევი "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროშიცაა, მაგრამ ეტყობა, მხარეები ვერ თანხმდებიან ფასზე, რომელიც ჯერჯერობით 50 მილიონ ევროზე დაბლა არ ჩამოდის.
სხვათა შორის, თავად ფეხბურთელს "იუვენტუსში" სურდა გადასვლა, მაგრამ ჩანს, "ფიორენტინას" ხელმძღვანელობამ აუხსნა, რომ ისტორიულ მტერთან გარიგებას არ აპირებდა და იძულებული გახადა ბერნარდესკი, "ინტერის" წინადადებაზე დათანხმებულიყო.
მილანურ გრანდს სხვა არჩევანიც ჰქონდა - დომენიკო ბერარდი, მაგრამ სპალეტიმ საბოლოოდ 23 წლის ბერნარდესკი არჩია, ხოლო ბერარდი, ისეთი პირი უჩანს, სპალეტის ყოფილ გუნდში მივა, სადაც ეუსებიო დი ფრანჩესკო უკვე იწყებს სათავისო ფეხბურთელების თავმოყრას.
სპალეტის სამიზნეშია ლუის გუსტავოც. "ვოლფსბურგის" ნახევარმცველის კონტრაქტს მომავალ ზაფხულს გასდის ყავლი. თან ბრაზილიელი (41 მატჩი ნაკრებში) 30 წლისაა და "ვოლფსბურგში" ხვდებიან, რომ ახლა სწორედაც საუკეთესო დროა მის გასაყიდად.
ეს, რაც შეეხებათ პოტენციურ მომსვლელებს, მაგრამ სპალეტის უფროსობასთან ლაპარაკი ექნება არსებული, საჭირო რესურსის შენარჩუნებაზეც და პირველ რიგში, ეს ივან პერიშიჩს ეხება. 28 წლის ხორვატის გადაბირებას დაჟინებით ცდილობს "მანჩესტერ იუნაიტედი" და მზადაა კიდეც, შეთავაზება 55 მილიონ ევრომდე გაზარდოს.
მაგრამ როგორი ამბავია ასეთ წინადადებაზე უარის თქმა?..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"