სტეფან ელ შაარავი - "ფარაონი" იტალიის ნაკრებში

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში იტალიური "მილანის" შემტევი ნახევარმცველი სტეფან ელ შაარავი ჩინებულ ფორმაშია. 20 წლის ფეხბურთელს გოლები კლუბის მაისურითაც გააქვს და ეროვნულ ნაკრებშიც.

მეტიც, "მილანის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლის გატანა შეძლო, სწორედ "ფარაონი" (ელ შაარავის მეტსახელია. - ავტ.) გახლავთ - სტეფანი 19 წლის და 342 დღის იყო, როცა "ზენიტის" მეკარე დაამწუხრა.

სწორედ შედეგიანი თამაშის წყალობით "დაიმსახურა" ეგვიპტური წარმოშობის მქონე ფეხბურთელმა უფასო შვებულება, 20 წლის იუბილე "ჯენოას" კარში გატანილი გოლით აღნიშნა, სერია A-ს ბოლოსწინა ტურში კი, "ნაპოლისთან" 2:2 დასრულებულ
მატჩში დუბლი შეასრულა და "მილანს" ქულა მოუტანა.

Sportall.Geროგორც აღმოჩნდა, ელ შაარავის ოცნება მეგობარი გოგონასგან, მოდელ ელენა კარტელიასგან შვილის გაჩენა ყოფილა. კარტელიამ, რომელიც თავს 2009 წლის "მის იტალიას" ტიტულით იწონებს, ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ ფეხბურთელისგან ბავშვის გაჩენას გეგმავს.

სტეფან ქარიმ ელ შაარავი 1992 წლის 27 ოქტომბერს სავონაში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ლეჯინოს საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო, მოგვიანებით კი "ჯენოას" ახალგაზრდულ გუნდში აღმოჩნდა.

2008 წლის 21 დეკემბერს 16 წლის "ფარაონის" დებიუტი შედგა სერია A-ს მატჩში, თუმცა იმ სეზონში ძირითად გუნდში მეტად აღარც გამოჩენილა და მხოლოდ ახალგაზრდულ შემადგენლობაში თამაშის შანსი ეძლეოდა.

2010 წლის ივნისში სტეფანი სერია B-ს კლუბ "პადოვაში" გაანათხოვრეს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ელ შაარავი "მილანის" საკუთრება გახდა.

2011 წლის 18 სექტემბერს პირველად ითამაშა ახალი კლუბის შემადგენლობაში, მომდევნო ტურში კი "როსონერის" მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა.

"ფარაონმა" წელს უკვე ორჯერ მოახერხა დუბლის შესრულება, 3 ოქტომბერს კი, სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული მატჩის დროს, ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველი გოლიც გაიტანა...

"ფარაონს" 20 წელიწადი 2012 წლის 27 ოქტომბერს შეუსრულდა, იუბილე კი იმით აღნიშნა, რომ "ჯენოასთან" მატჩში გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.

Sportall.Geმიმდინარე სეზონში ეს სტეფანის მიერ გატანილი მე-7 გოლი გახლდათ და გარდა იმისა, რომ "მილანს" სამი ქულა მოუტანა, სანაძლეოც მოიგო.

საქმე ის არის, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ელ შაარავი და "მილანის" კაპიტანი მასიმო ამბროზინი დანაძლევდნენ: თუ სტეფანი 7 გოლის გატანას შეძლებდა, მისი საზაფხულო შვებულების თანხას სწორედ ამბროზინი გადაიხდიდა.

ამგვარად, გამარჯვებულ ელ შაარავის ისღა დარჩენია, ზაფხულს და შვებულებას დაელოდოს. მით უმეტეს, სტეფანმა უკვე იცის, რომ "არდადეგებს" კარიბის კუნძულებზე გაატარებს:

"შვებულება უკვე დავგეგმე და ამის შესახებ კაპიტანსაც აუცილებლად ვაცნობებ. თავის დროზე ბერლუსკონიმ მითხრა, რომ თმა შევიჭრა, მაგრამ არა მგონია, ჩემი ვარცხნილობა დიდად ანაღვლებდეს, სანამ გოლების გატანას ვაგრძელებ", - თქვა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

გოლები კი მართლაც ბევრი გააქვს - იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში "მილანს" ნეაპოლიდან ქულა სწორედ მისმა დუბლმა წამოაღებინა. მანამდე იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც გაიტანა, გასულ ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურშიც გაიბრწყინა.

სხვათა შორის, "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ ელ შაარავის თამაშთან დაკავშირებით კომენტარი ანდრეი შევჩენკომაც გააკეთა:

"ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ ამ ფეხბურთელის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, თუმცა მისი თამაშით უკვე მოხიბლული ვარ. "ნაპოლისთან" ბრწყინვალე გოლები გაიტანა. ძალიან მობილური მოთამაშეა, იცის, როგორ იმოძრაოს მოედანზე და შეტევასთან ერთად, დაცვასაც ხშირად ეხმარება.

ოღონდ ჩემთან შედარებას ნუ მომთხოვთ - ასეთი რაღაცები არ მიყვარს. ს
ტეფანი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ თუ ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას, უდიდეს მოთამაშედ ჩამოყალიბდება.

"მილანისთვის" უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ცოტა ხანში ასეთივე იქნება იტალიის ნაკრებისთვისაც".


ასე მიაჩნია "მილანის" ყოფილ ვარსკვლავს. თავად ელ შაარავი კი...

"მინდა, რაც შეიძლება ხშირად ვიყო მოედანზე და სეზონის ბოლომდე 15 გოლი მაინც გავიტანო. რაც შეეხება გუნდის მიზნებს, ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, ისევ გავიხსენოთ გამარჯვებების გემო.

ამისთვის კი საჭიროა, შექმნილი სახიფათო მომენტები უკეთ გამოვიყენოთ და დაცვაშიც უფრო მეტი ყურადღებით ვიმოქმედოთ. რაც შეეხება გუნდურ სულს, მის ნაკლებობას ისედაც არ ვუჩიოდით - ყოველთვის გულიანად ვთამაშობთ",
- ამბობს სტეფან ელ შაარავი, "მილანის" და იტალიის ნაკრების ახალი ვარსკვლავი.

ყოველკვირეული ჟურნალი "რეიტინგი"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XIV ტური: "მილანმა" "იუვენტუსი" წააქცია [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]
სტევან ელ შაარავი: იმედია, მარიო ბალოტელისთან ერთად თამაშს შევძლებ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული