სერია A. ტრანსფერები: ედინსონ კავანის იტალიაში ვეღარ აჩერებენ

AutoSharing Option
მართალია, სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება, მაგრამ იტალიური კლუბები უკვე აქტიურად მუშაობენ ბაზარზე და რამდენიმე საინტერესო გარიგება უკვე გაიჩარხა. მთავარი რა თქმა უნდა წინ გველოდება, როდესაც კლუბებს არა მარტო თავისუფალი აგენტების დამატება, არამედ სრულფასოვანი ტრანსფერების გაჩარხვა შეეძლებათ. გადავავლოთ თვალი სატრანსფერო ციებცხელებას, ბოლო ცნობებს და უკვე შემდგარ გარიგებებს...

კავანის რეალში სურს...
ედინსონ კავანის "ნაპოლიდან" შესაძლო აბარგება იტალიურ სპორტულ პრესაში მთავარი სასაუბრო თემაა. 26 წლის ურუგვაელის საბაზრო ღირებულება 63 მილიონი ევროა და საკითხავი ისაა, ვინ გადაიხდის ასეთ თანხას.., მსურველები არიან და
ყველაზე ხშირად "მანჩესტერ სიტის", "ჩელსის" და მადრიდის "რეალის" ვარიანტს ასახელებენ. ამ თემაზე ხშირად დაგვიწერია, გუშინ კი ედისონის მამამ გააკეთა საგულისხმო განცხადება - მოვუსმინოთ ლუის კავანის:

"კონფედერაციათა თასის დასრულებამდე არაფერი გადაწყდება, მაგრამ რაღაცეების თქმა აქედანვე შეიძლება. 63 მილიონი ევროს გადახდა ევროპაში მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეიძლია, ედინსონს კი ყველაზე მეტად "რეალის" ვარიანტი ხიბლავს. ამის შესახებ პირად საუბარში მითხრა და არც გამკვირვებია, რადგან "სამეფო გუნდს" ბავშვობიდან ქომაგობდა. როგორც ვიცი, "რეალის" და "ნაპოლის" მესვეურები შეხვედრას გეგმავენ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ლუის კავანის განცხადებას იტალიურ სპორტულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - შვილთან შეთანხმების გარეშე ასეთ კომენტარს არ გააკეთებდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ედინსონმა გააკეთა თავისი არჩევანი. თუმცა, მხოლოდ ფეხბურთელის სურვილი არ კმარა და ტრანსფერის გაჩარხვამდე ჯერ მაინც შორია...

ისლა ინტერში?
25 წლის მაურისიო ისლამ "უდინეზეში" ასპარეზობით გაითქვა სახელი, გასულ სეზონში კი "იუვენტუსში" გადაბარგდა. თუმცა, ტურინულ გრანდში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და ახალი გუნდის ძიებაშია. როგორც ფეხბურთელის პირადმა აგენტმა განაცხადა, ისლას გადაბირებას "ინტერი" ლამობს და შეთანხმების ალბათობა მაღალია:

"მაურისიოს სატრანსფერო უფლებებს "იუვენტუსი" და "უდინეზე" იყოფენ, ფეხბურთელის საბაზრო ფასი კი 10 მილიონი ევროა. ჩემი კლიენტის გადაბირებით "ინტერია" დაინტერესებული და სამმხრივი მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია შესული. ბოლო ინფორმაციით, საკითხების დიდი ნაწილი შეთანხმებულია და ისლას მილანურ გრანდში გადასვლის ალბათობა მაღალია".


სამუელი კიდევ ერთი წლით
35 წლის ვალტერ სამუელმა "ინტერთან" კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება და ამით, წერტილი დაესვა სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს არგენტინელი კარიერის დასრულებას აპირებდა. ვალტერმა უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი და მოკლე კომენტარიც გააკეთა:

"ძალიან სასიამოვნოა იმის განცდა, რომ გენდობიან და შენი იემედებათ. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის მესვეურებს გამოცხადებული ნდობისთვის და დავპირდე გულშემატკივრებს, რომ მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებ. მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის უნდა ვიბრძოლოთ, სხვა რამეზე ფიქრიც კი არ მინდა".

ტაციაობა ნაინგოლანზე
25 წლის რაჯა ნაინგოლანის გადაბირება სერია A-ს ერთბაშად სამ გუნდს: "ინტერს", "ფიორენტინას" და "რომას" სურთ. "კალიარის" ნახევარმცველმა გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ამად არის, რომ მასზე ტაციაობაა გაჩაღებული.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერი" უფრო იმ შემთხვევაში გააქტიურდება ნაინგოლანის მიმართულებით, თუ ფრედი გუარინის წასვლის საკითხი გადაწყდება, ამიტომ, რეალური კონკურენცია "რომას" და "ფიორენტინას" შორისაა. ამ დუელში ფავორიტი რომაული კლუბია და ამის შესახებ ნაინგოლანის აგენტმა ალესანდრო ბელტრამიმ განაცხადა: "რაჯა სარდინიაზე თავს შესანიშნავად გრძნობს, მაგრამ ალბათ დადგა დრო, გარემო გამოიცვალოს. ყველაზე რეალური მისი "რომაში" გადაბარგებაა, რადგან დედაქალაქელები მზად არიან სარდინიელთა პირობები სრულად დააკმაყოფილონ".

5.5 მილიონი სეზონში
სამაგიეროდ, "ფიორენტინა" მარიო გომესის მიმართულებით მოსჩანს ფავორიტად და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, 27 წლის გერმანელის ფლორენციაში გადაბარგება ერთობ რეალურია. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა თანხას ითხოვენ მიუნხენის "ბაიერნის" მესვეურები მარიოში, მაგრამ ფლორენციელებს რომ 20 მილიონი აქვთ გადადებული, უკვე გაცხადებულია... თანხა საკმაოდ სოლიდურია და წესით, გერმანელებმა უარი არ უნდა თქვან - მით უმეტეს, გომესის გაშვება მყარად აქვთ გადაწყვეტილი.

გაირკვა ისიც, რომ გომესმა უკვე შეათანხმა ტოსკანელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები, რომლის მიხედვითაც სეზონში 5.5 მილიონ ევროს აიღებს. ასეთი ხელფასები იტალიაში იშვიათობაა და ტრანსფერის შემთხვევაში, გომესი კალჩოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება.

ბედნიერი ხოაკინი
31 წლის ესპანელმა შემტევმა ხოაკინმა "ფიორენტინასთან" ხელშეკრულება გააფორმა და იტალიელ ჟურნალისტებს გაესაუბრა. სანამ სიტყვას ახლადგამომცხვარ ფლორენციელს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ ფეხბურთელმა "ვიოლას" ბედი 3 წლით დაუკავშირა:

"ბედნიერი ვარ, რომ "ფიორენტინაში" გადმოვედი, რადგან იტალიის ჩემპიონატში თამაში ყოველთვის მინდოდა. ეს ახალი გამოწვევაა ჩემთვის, რომელსაც სიამოვნებით ვიღებ. ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს, რადგან იტალია და ესპანეთი ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. ამასთან, ფლორენციაში ორი მეგობარი დამხვდა - ბორხა ვალეროსთან და ჯუზეპე როსისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ისინი მაქსიმალურად დამეხმარებიან. "ფიორენტინა" ამბიციური გუნდია და იმედია, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ".

ცალი ფეხით სანტოსში
"გაძეტა დელო სპირტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ რობინიო "მილანს" დატოვებს და კარიერას ბრაზილიურ "სანტოსში" გააგრძელებს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელი უკვე დაყაბულდა შეთავაზებულ პირობებს და დანარჩენი უკვე კლუბებზეა დამოკიდებული. ამბობენ, რომ რობინიოს სანაცვლოდ "მილანი" 6 მილიონ ევროს ითხივს, ბრაზილიელებს კი 4 მილიონის გადახდა სურთ. დიდი ალბათობით, მხარეები პრობლემების გარეშე მივლენ კომპრომისამდე.

უკვე განხორიციელებული ტრანსფერები სერია ა-ში

იუვენტუსი

წავიდნენ: იაკვინტა, ანელკა (ორივე თავისუფალი აგენტი), ბენდტნერი (არსენალი, ინგლისი).
მივიდნენ: ლორენტე (ატლეტიკი, ესპანეთი), ფელიპე მელო (გალათასარაი, თურქეთი).

ნაპოლი

წავიდნენ: კამპანიარო (ინტერი), რინაუდო (თავისუფალი აგენტი), როლანდო (პორტუ).
მივიდნენ: ვარგასი (გრემიო, ბრაზილია), გარგანო (ინტერი).

მილანი

წავიდნენ: იეპესი, ამბროზინი (ორივე თავისუფალი აგენტი), კრკიჩი (ბარსელონა, ესპანეთი).
მივიდა: საპონარა (ემპოლი).

ფიორენტინა

წავიდა: ვივიანო (პალერმო).
მივიდნენ: იაკოვენკო (ანდერლეხტი, ბელგია), მარკოს ალონსო (ბოლტონი, ინგლისი), მუნუა (ლევანტე, ესპანეთი), ხოაკინი (მალაგა, ესპანეთი).

უდინეზე

წავიდნენ: პადელი (ტორინო), ბენეტია (რომა).
მივიდნენ: ბუბნიჩი (სლავენი, ხორვატია), მლინარი (ინტერი, ხორვატია), ფერნანდეში (ნოვარა).

რომა

წავიდნენ: სტეკელენბურგი (ფულჰემი, ინგლისი).
მივიდა: ბენეტია (უდინეზე).

ლაციო

წავიდნენ: დიაკიტე (სანდერლენდი, ინგლისი), გარიდო (ნორვიჩი, ინგლისი), ფოჯა (თავისუფალი აგენტი).
მივიდნენ: პერეა (დეპორტივო, კოლუმბია), ნოვერეტი (ტოლუკა, მექსიკა), კარისო (ინტერი).

კატანია

წავიდნენ: აუგუსტინი, პოტენცა, რიკიუტი (ყველა თავისუფალი აგენტი), მარკეზე (ჯენოა).
მივიდნენ: ლეტო (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), დომბერი (ბანსკა, სლოვაკეთი).

ინტერი

წავიდნენ: გარგანო (ნაპოლი), კარისო (ლაციო).
მივიდნენ: კამპანიარო (ნაპოლი), ლაკსალტი (დეფენსორი, ურუგვაი), ბოტა (ტიგრე, არგენტინა), ანდრეოლი (კიევო).

პარმა

წავიდა: პეპე (ფეიენოორდი, ჰოლანდია).
მივიდნენ: პედრო მენდეში (სპორტინგი, პორტუგალია), ანტონისი (სიდნეი, ავსტრალია), შარიჩი (ინტერი, ხორვატია).

კალიარი

წავიდა: არავინ
მივიდნენ: აველარი (კარპატი, უკრაინა), ავენატი (რივერ პლეიტი, არგენტინა).

კიევო

წავიდა: ანდრეოლი (ინტერი).
მივიდნენ: ბელომო (ბარი), ტავარესი (სტანდარდი, ბელგია).

ბოლონია

წავიდა: ალიარდი (თავისუფალი აგენტი).
მივიდა: იაისენი (პსჟ, საფრანგეთი).

სამპდორია

წავიდნენ: ტისონე, კასტელინი (ორივე თავისუფალი აგენტი).
მივიდა: არავინ

ატალანტა

წავიდა: არავინ
მივიდა: არავინ

ტორინო

წავიდნა: ბიანკი (თავისუფალი აგენტი).
მივიდნა: პადელი (უდინეზე).

ჯენოა

წავიდა: მარკეზე (ჯენოა).
მივიდა: არავინ

სასუოლო

წავიდა: არავინ
მივიდა: არავინ

ვერონა

წავიდა: არავინ
მივიდა: არავინ

ლივორნო

წავიდა: არავინ
მივიდა: არავინ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ედინსონ კავანიმ მანუელ პელეგრინი და ჟოზე მოურინიო შეაქო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული