ვალტერ მაცარის სია

AutoSharing Option
"ინტერი" ახალი სეზონისთვის სამზადისს 10 ივლისს დაიწყებს და შეკრებაზე კურორტ ვალ-რენდენაზე გაემგზავრება, სადაც მოსამზადებელი ციკლის პირველი ეტაპია დაგეგმილი.

ვალტერ მაცარიმ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებსაც შეკრებაზე იახლებს... ჯერ შემადგენლობას გავეცნოთ და შემდეგ განვავრცოთ თემა...

მეკარეები: სამირ ჰანდანოვიჩი, ლუკა კასტელაცი, ხუან პაბლო კარისო.

მცველები: ვალტერ სამუელი, კრისტიან კივუ, ანდრეა რანოკია, ჟუან ჟესუსი, ჯონათანი, იბრაიმა მბაიე, უგო კამპანიარო, მარკო ანდრეოლი, იუტო ნაგატომო, ალვარო პერეირა.

ნახევარმცველები: ესტებან კამბიასო, რიკი ალვარესი, მატეო კოვაჩიჩი, გაბი მუდინგაი, ჟოელ ობი, ფრედი გუარინი, ზდრავკო კუზმანოვიჩი.

თავდამსხმელები: როდრიგო
პალასიო, დიეგო მილიტო, სამუელ ლონგო, ისაკ ბელფოდილი, მაურო იკარდი.

ახალგაზრდული გუნდიდან: ისაკ დონკორი, ლეონარდო ლონგო, პატრიკ ოლსენი, მორტენ კნუდსენი, ნიკოლო ბელონი, მატეო კოლომბი.

იტალიურ სპორტულ პრესაში არაერთხელ აღინიშნა, რომ ასეთი არავარსკვლავური შემადგენლობა "ინტერს" ათწლეულებია, არ ჰყოლია და ეს რეალობა ანტონიო კასანოს "პარმაში" გადასვლამ კიდევ უფრო გაამყარა. რაც მთავარია, ჯერჯერობით არაფერი ისმის იმის შესახებ, რომ მილანური გრანდის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას და ექსტრაკლასის ფეხბურთელთა დამატებას აპირებენ. ექსპერტთა ნაწილმა "ინტერი" უკვე ჩამოწერა სკუდეტოს მაძიებელთა რიგებიდან და მეტიც, გასული სეზონის შედეგის (მე-9 ადგილი) გაუარესება უწინასწარმეტყველა.

ასეთი პროგნოზების კეთება ცოტა ნაადრევი კია, მაგრამ ალბათ, არა უსაფუძვლო.
მასიმო მორატი ღიად აცხადებს, რომ აქცენტს გუნდის გაახალგაზრდავებაზე აკეთებს და შესაბამისად, შეტევის ხაზში ისეთი ფეხბურთელების იმედზეა, როგორებიც იკარდი, ბელფოდილი და ლონგო არიან. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შესწევთ კი ამ მოთამაშეებს ძალა, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ?

მასიმო მორატი: ვერ შეგპირდებით
ამ და სხვა საინტერესო თემებზე "კორიერე დელო სპორტს" თვით კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი ესაუბრა...

- ეს ის "ინტერია", რომელიც ახალ სეზონში დიდ მიზნებს შეეჭიდება?
- მაგას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თუ ახალ სეზონში ყველა ტროფეი ვერ მოვიგეთ, ამით ქვეყანა არ დაიქცევა. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ ახალ მწვრთნელთან ერთად და ეს პროექტი აუცილებლად წარმატებული იქნება.

- სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას აპირებთ?
- საინტერესო ფეხბურთელებს მუდმივად ვაკვირდებით და და რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ კიდეც. თუმცა ვერ შეგპირდებით, რომ უახლოეს მომავალში ხმაურიან ტრანსფერებს გავჩარხავთ. მე უკვე კმაყოფილი ვარ იმ ტრანსფერებით, რომლებიც შედგა.

- ალბათ, ახალგაზრდა თავდამსხმელთა გადაბირებას გულისხმობთ...
- იკარდი, ლონგო, ბელფოდილი - ამ ფეხბურთელებს დიდი მომავალი აქვთ და ბედნიერი ვარ, რომ "ინტერში" ითამაშებენ. "ინტერის" მომავალი ახალგაზრდებზე დგას და ეს აქამდეც არაერთხელ მითქვამს.

- არ შიშობთ, რომ ასეთი შემადგენლობით გუნდი განწირულია წარუმატებლობისთვის?
- როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც გამოცდილ ვეტერანებთან ერთად, ერთ მთლიან მექანიზმს შექმნიან. გვყავს მწვრთნელი, რომელსაც ბოლომდე ვენდობით. არ ვჩქარობთ, რადგან გუნდი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ანტონიო კასანოს გაშვება შეცდომა იყო...
- როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც აირჩევს კიდეც მოთამაშეებს. პირადად მე, კასანოს თამაში ყოველთვის მხიბლავდა და "პარმაში" დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მაცარიმ თავისი არჩევანი გააკეთა და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

* * *
მაცარიმ მართლაც გააკეთა თავისი არჩევანი და შეკრებაზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა სიაში მატიას სილვესტრი და ესეკილ სკელოტო არ შეიყვანა. სკელოტო "ატალანტას" საკუთრებაა და ბერგამოში დაბრუნდება, სილვესტრი კი "პალერმოს" ეკუთვნის და შესაბამისად, სიცილიაზე გადაბარგდება. მაცარის ამგვარი გადაწყვეტილება არავის გაკვირვებია, რადგან ვერც სილვესტრიმ და ვერც სკელოტომ თავი ვერაფრით წარმოაჩინეს, მათი გამოსასყიდი თანხა კი ერთად 15 მილიონ ევრომდე იყო. მართალია, ესეკილმა მილანურ დერბიში გაიტანა, მაგრამ ერთი გოლით "გაზაფხულს ვერ მოიყვანდა".

აქვე ვთქვათ, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო "ნერაძურიმ" უარი თქვა ტრადიციულ ტურნირში მონაწელეობაზე, რომელსაც "ტროფეო ტიმი" ეწოდება და რომელშიც აქამდე "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" მონაწილეობდნენ. ტურნირის ორგანიზატორებმა უკვე განაცხადეს, რომ მილანური გრანდის ნაცვლად, გათამაშებაში სერია A-ში აღზევებული "სასუოლო" ითამაშებს.

უახლოეს დღეებში "ინტერის" საწვრთნელი ციკლის მთელი პროგრამა გამოცხადდება და იმასაც გავიგებთ, ვისთან დაგეგმეს მილანელებმა ამხანაგური მატჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი "ინტერს" ჩემპიონობისთვის ამზადებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაშა, შეძლება შენთვის იყოს გაუგებარი რო "ტროფეო ტიმზე" თუ რატომ არ იღებს წელს მონაწილეობას ინტერი. ამ ტურნირისთვის ინტერი ყოველთვის ადრე ბრუნდებოდა ამერიკის ტურნედან და ამიტომ მაცარი მირჩევნია გუნდი ვაავარჯიშო შენ გემოზე ვიდრე ეს ტურნირი ვითაშოო... მორატიმ პაწა ჯარიმა გადაიხადა და ეგ იყო სულ.
რეზი
20:27 10-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული