"ლაციოს" პრეზიდენტმა ტიფოზები დაამშვიდა

AutoSharing Option
სატრანსფერო ბაზარზე "ლაციო" დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ კლუბის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, წამყვან ფეხბურთელთა შენარჩუნებაც დიდი საქმეა.

მით უმეტეს, ნელი ტემპებით, მაგრამ მეთოდურად, გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება. რამდენიმე დღის წინ "ბიანკოჩელესტეს" მესვეურებმა ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ანდერსონი გადაიბირეს და ჯერჯერობით ამით კმაყოფილდებიან. რა იქნება მომავალში, ამაზე კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო საუბრობს:

"ამ ეტაპზე ჩვენი უმთავრესი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა. კრისტიან ლედესმას და ანტონიო კანდრევას მიმართ დიდი ინტერესია და სერიოზული შეტევის მოგერიება გვიწევს. კანდრევამ კონფედერაციათა თასზე გაიბრწყინა და მისი გადაბირების სურვილიც
ბევრს გაუჩნდა. რაც მთავარია, თავად ფეხბურთელს ჩვენთან სურს დარჩენა და შესაბამისად, მისი შენარჩუნება მყარად გვაქვს გადაწყვეტილი.

ვგეგმავთ გაძლიერებასაც და რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ალესანდრო მატრი? – არა, ის ჩვენს გეგმებში არ შედის. ვფიქრობთ ჰერმან დენისის დამატებას და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. ვაპირებთ შუა ხაზის გაძლიერებას და ფელიპე მელოს ვუმიზნებთ, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ შორია. რამდენიმე დღეში გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ პეტკოვიჩს დაველაპარაკები და ყველა საკითხს მასთან შევათანხმებ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლაციო": ლუკას ბილია გაირკვა, სარატე არა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული