ფერნანდო ლორენტე: დიდ გუნდში დიდი მიზნებით მივედი

AutoSharing Option
"იუვენტუსი" ახალი სეზონისთვის ემზადება, ფეხბურთელები კი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი. განსაკუთრებით, ეს ახალწვეულებზე ითქმის, რომლებზეც დიდი ავანსებია გაცემული. ერთ-ერთი ახალწვეული 28 წლის ფერნანდო ლორენტეა, რომელმაც ბრიფინგი გამართა და საინტერესოდ ისაუბრა...

"იუვენტუსი"
რატომ ავირჩიე "იუვენტუსი"? - შეთავაზება მართლაც ბევრი მქონდა, მაგრამ არჩევანი ტურინულ გრანდზე შევაჩერე. მიზეზი მარტივი და გასაგებია: "იუვენტუსი" ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც პროგრესირებს და წლიდან წლამდე უფრო მაღალ მიზნებს ისახავს.

თუ აქამდე ტურინელთა სამიზნე სკუდეტო იყო, მომდევნო სეზონში ყველა ფრონტზე გვსურს პირველობა. ვფიქრობ, შემადგენლობით "იუვენტუსი" არც ერთ
გრანდს არ ჩამორჩება. დიახ, ჩემი აზრით, "ვეკია სენიორა" არაფრით ჩამოუვარდება "რეალს", "ბარსელონას" და "ბაიერნს". ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ კრიტიკოსთა გასაჩუმებლად წინ მთელი სეზონი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურინელი გულშემატკივრები გავახაროთ.

სერია A
"იუვენტუსის" ერთადერთი მიზანი სკუდეტოს შენარჩუნებაა, რისთვისაც თავდაუზოგავად ვიშრომებთ. ცნობილია, რომ მწვერვალზე დარჩენა უფრო რთულია, ვიდრე იქ ასვლა. ამიტომ მოდუნება არც ერთი წუთით არ შეიძლება. მით უმეტეს, ძალიან ძლიერი კონკურენტები გვყავს, რომლებიც ყოველდღიურად ძლიერდებიან. "ნაპოლიმ", "რომამ" და "ფიორენტინამ" არაერთი ფეხბურთელი დაიმატეს, "მილანი" და "ინტერი" კი, ტრადიციულად, ძლიერები არიან.

ვფიქრობ, სერია A-ში არნახულად დიდი კონკურენციაა და ამ მხრივ, იტალიაში თამაში ყველაზე საინტერესოა. ვფიქრობ, სერია A ერთ სიმაღლეზე დგას ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატებთან.

უფრო კონკრეტულად კონკურენტებზე საუბარი გამიჭირდება, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და აგვისტოს ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. "ნაპოლი" ძლიერდება და ეს გუნდი აუცილებლად იბრძოლებს სკუდეტოსთვის. "მილანი" გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია და ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ვფიქრობ, კარგი გუნდი ეყოლება "რომას", რადგან რუდი გარსია შესანიშნავი სპეციალისტია.

მიზანი
ბედნიერი ვიქნები, თუ "იუვენტუსის" წარმატებებში წვლილს შევიტან და ამ უდიდესი გუნდის ისტორიაში კვალს დავტოვებ. მომდევნო სეზონში სკუდეტოს, იტალიის თასს და ჩემპიონთა ლიგას ვუმიზნებთ - ასე იქნება ყოველთვის და იმედი მაქვს, თასები არ მოგვაკლდება. თითოეული ფეხბურთელის მიზანი დიდი გამარჯვებების მოპოვებაა და "იუვენტუსში" ამის შესანიშნავი შანსი მომეცა.

ბილბაოში ჩემი გული დარჩა, მაგრამ ფაქტია, რომ "ატლეტიკთან" ამ სიმაღლეებს ვერ შევწვდებოდი. თუმცა, უპირველესი მიზანი მწვრთნელისთვის თავის მოწონება და "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ლორენტე: ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" დონის გუნდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული