იგლი ტარე: ერნანესი არ იყიდება

AutoSharing Option
ზაფხული არ გავა, რომ ერნანესის "ლაციოდან" შესაძლო აბარგების შესახებ ცნობები არ გავრცელდეს და გამონაკლისი არც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდია.

მით უმეტეს, 28 წლის ბრაზილიელს კლუბთან მომდევნო ზაფხულს უმთავრდება ხელშეკრულების ვადა და ჯერჯერობით, მისი გახანგრძლივება არა და არ მოხერხდა. მოკლედ, ჟურნალისტებმა მშვენიერი საბაბი მიიღეს საიმისოდ, რომ ერთი ამბავი ატეხონ და ერნანესის მომავალი სხვადასხვა გუნდებს დაუკავშირონ. ამ შემთხვევაში, წინა პლანზე "ტოტენჰემის" ვარიანტმა წამოიწია, სადაც თურმე ნახევარდაცვის გაძლიერებას ეშურებიან და თვალი ბრაზილიის ნაკრების შუახაზელზე დაუდგამთ. ამ საკითხზე "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ისაუბრა:

"ერნანესის
გასხვისებას ნამდვილად არ ვაპირებთ და გავრცელებული ინფორმაციები სრული სისულელეა. ვერ ვხედავ ლოგიკას იმაში, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გავასხვისოთ და შემდეგ, სხვა მოთამაშეებში მილიონები გადავიხადოთ - ასე მთელ ბიუჯეტს გავხარჯავთ და რეალურად,

გუნდი არ გაძლიერდება. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელი შევინარჩუნოთ და რამდენიმე უმაღლესი კლასის მოთამაშე დავიმატოთ. ერნანესს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეველევით, თუ ამას თვითონ მოინდომებს. საბედნიეროდ, მას "ლაციოში" სურს კარიერის გაგრძელება".

"ლაციოსთან" დაკვშირებით, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც კლუბის მესვეურები "ბოლონიას" ნახევარმცველის საფირ ტაიდერის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. 20 წლის ალჟირელი ორი სეზონია, რაც "ბოლონიას" ღირსებას იცავს და ეროვნულ ნაკრებშიც სტაბილურად ასპარეზობს. ტაიდერის შესაძლო გადაბირების საკითხზე ტარეს შემდეგი მოსაზრება აქვს:

"ტაიდერს დიდი ხანია ვაკვირდებით და უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი გადაბირების საკითხი დრის წესრიგში დგას. ფეხბურთელს ამჟამად მცირე ტრავმა აქვს და შეკრებაზე არ იმყოფება; შესაბამისად, მასთან მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია - საკითხი კი სწორედ ისე დგას, რომ მოთამაშეს უნდა შევუთანხმდეთ, რადგან "ბოლონიას" მესვეურები ალჟირელთან განშორების წინააღმდეგნი არ არიან.

ტაიდერი უნივერსალური თვისებებით დაჯილდოვებული ფეხბურთელია, ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში და შეტევაშიც - ამიტომ, მისი გადმოყვანისთვის ძალღონეს არ დავიშურებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანოლო გაბიადინი "ლაციოში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული