ფაბრიციო მიკოლი, უმამოდ გაზრდილი გამომძალველი თუ უბრალოდ კარგი ბიჭი?

AutoSharing Option
მის ადგილზე, ზოგი დაემალებოდა პრესას, მაგრამ ის ლაპარაკობს, ინტერვიუს არ გაურბის... ფაბრიციო მიკოლი, იტალიაში დიდად პოპულარული ფორვარდი, "სკუადრა აძურასა" და "იუვენტუსში" ნათამაშები, "პალერმოს" კაპიტანი...

ეს კაცი დღეს გამომძალველობაშია მხილებული, თან დამამძიმებელი ფორმებით, რაც მუქარასა და მაფიოზურ კლანებთან კავშირს გულისხმობს. მან ურთიერთობა დაამყარა ვინმე მაურო ლაურიჩელასთან, რომელის "კაპსას" მაფიოზური დაჯგუფების ბოსის, ნინო ლაურიჩელას შვილია. მიკოლიმ მას სთხოვა, ვალების "ნებაყოფლობით" დაბრუნებაში დახმარებოდა...

პოლიციას ხელში ჩაუვარდა სატელეფონო საუბარი, სადაც მიკოლი ვინმე ფრანჩესკო გუტადაუროს ატყობინებს - "პალერმოს" ბაზაზე არ მოხვიდე, აქ ბევრი პოლიციელიაო.

ეს
ვიღაც ფრანჩესკოც ერთ-ერთი ცნობილი მაფიოზის შვილი აღმოჩნდა. მამამისი, ფილიპო, 90-ანი წლების "კოზა ნოსტრას" წევრი იყო, ფრანჩესკოს ფუნქციებში კი შედიოდა მეკავშირეობა (მათ შორის ნათესაური კავშირიც იყო) მატეო მესინასთან, კიდევ ერთ ცნობილ მაფიოზთან, რომელიც აგერ უკვე 20 წელია სიცილიაში იმალება(?!) და პოლიცია ჯერჯერობით ახლოს ვერ ეკარება. სწორედ გუტადაუროს საუბრების მოსმენისას ამოტივტივდა მიკოლის საქმეც...

ცნობილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, სიმართლე თქვას. "სპორტვიკის" ჟურნალისტს ის სან დონატო დი ლეჩეში, საკუთარ სახლთან რომელიღაც ბარში შეხვდა, იქ სადაც რამდენიმე მეტრში საფეხბურთო ცენტრია გაშენებული, სახელწოდებით - "ფაბრიციო მიკოლი"...

34 წლის მიკოლი სერია C-ში (გნებავთ, "ლეგა პრო" იყოს) ჩარჩენილი "ლეჩეს" წევრია. ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტში ეს ტრანსფერი ჯერ არ იყო განხორციელებული...

- მართლა არ იცოდით, რომ მაურო ლაურიჩელა მაფიის ბოსის შვილია?
- თავიდან არ ვიცოდი. ის სრულიად შემთხვევით, "პალერმოს" საწვრთნელ ბაზაზე გავიცანი. ადრე თურმე რომელიღაც დაბალ ლიგაში თამაშობდა ფეხბურთს...

- მერე?
- მერე გავიგე, ვინც იყო.

- ...და მაინც აგრძელებდით მასთან ურთიერთობას?
- ძირითადად ზაფხულობით ვხვდებოდით ერთმანეთს. ვლაპარაკობდით, ვსვამდით... საერთოდ, ადამიანებს გვარებისა და წარმომავლობის მიხედვით არ ვახარისხებ. ვფიქრობ, მაურო წესიერი კაცია, ცუდ საქმეებში არ არის გარეული, რამდენადაც ვიცი, ნასამართლებიც არ არის.

- მისი ცხოვრების სტილი არ გაეჭვებდათ? ძვირადღირებული "ფერარი", იახტები...
- (იცინის) იმ "ფერარიზე" ამბობთ, რომელიც ფოტოზეა? ეს ჩემი მანქანაა.

- არ მიგიქცევიათ ყურადღება მის ტატუზე? ეს ფრაზა განგსტერული ფილმიდანაა (Amo la famiglia, e mio padre მ il mio amore - მიყვარს ჩემი ოჯახი, მამა კი ჩემი სიყვარულია - ავტ).
- სხვისი ტატუ არ მაინტერესებს. მასთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ რაღაც არ ჰყოფნიდა ცხოვრებაში... სითბო და გარშემო მყოფი ხალხისგან სიყვარული აკლდა, ამიტომაც მინდოდა, დავხმარებოდი...

- რაღაცით ხომ არ ჰგავს ერთმანეთს თქვენი წარსული?
- შეიძლება... სახლიდან რომ წავედი, 12 წლის ვიყავი. ეკლესიის საერთო საცხოვრებელში ვიზრდებოდი, მამას მხოლოდ შობის დღესასწაულზე ვხედავდი და ეს ძალიან მტანჯავდა.

- გამომძიებელი ეჭვობს, რომ თქვენ უბრალოდ ლაურიჩელას გვარის გავლენას იყენებდით, რათა დისკო-კლუბში ჩადებული ინვესტიცია დაგებრუნებინათ...
- ამაზე მხოლოდ სასამართლოში ვილაპარაკებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იმ დისკო-კლუბში, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, არასოდეს ვყოფილვარ, არც ვიცი, სად არის და არც მის მფლობელებს ვიცნობ.

- არ გრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ თქვენი მეგობარი ზოგიერთებში შიშს იწვევდა?
- არა. ვხედავდი, რომ მასთან ყველას კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

- არასოდეს უთქვამს თქვენთვის, რომ თუ პრობლემები შეგექმნებოდათ, დაგეხმარებოდათ მის მოგვარებაში?
- პალერმოში ამას ან რაღაც მსგავსს ყველა მეუბნებოდა. და რა დახმარება უნდა დამჭირვებოდა? ან რა პრობლემები მქონდა? უცნაურია ეს ყველაფერი...

- გახსოვთ ის დღე, როცა მაფიის წინააღმდეგ მებრძოლ მოსამართლე ჯოვანი ფალკონეს ნაძირალა უწოდეთ?
- ძალიან კარგად მახსოვს. ეს იყო 2011 წლის 13 აგვისტოს. დროც გაინტესერებთ? სადღაც გამთენიისას, დილის ხუთის ნახევარზე... წინა დღეს "პალერმომ" ავსტრიული შეკრება დაასრულა და ერთ-ერთ ბარში მოვილხინეთ.

- ვის ელაპარაკებოდით ტელეფონზე?
- არავის. მოსასმენი აპარატურა ადგილზე იყო დამონტაჟებული... მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, საშინელება იყო ეს ფრაზა და მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო ფალკონეს ოჯახს.

- ფალკონეს შეურაცხყოფით თქვენ გინდოდათ იმ ხალხის კეთილგანწყობა მოგეპოვებინათ, ვისგანაც გარკვეულ საქმეში დახმარებას ელოდით?
- მაშინ არ მიფიქრია, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. ამ სიტყვებს ხშირად ვიყენებთ მოედანზე, ხანდახან ხუმრობითაც... შეიძლება მიჩვეული ვარ და... თუმცა ეს არ მამართლებს. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს...

- მაშინ, პრესკონფერენციაზე თქვით, რომ მაფია ცხოვრების თქვენეული სტილისგან შორსაა...
- სწორედ ასეა.

- გინდათ, რამე დაამატოთ?
- მინდა. მაფია მეზიზღება!

- შეგიძლიათ, თქვათ, რომ მაფიის ბოსები ნაძირლები არიან? ისევე, როგორც ეს ჯოვანი ფალკონეს უწოდეთ...
- რა თქმა უნდა, ვიტყვი, თუ ის ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც თქვენ ან სხვები ფიქრობენ მაფიის ბოსებზე.

- მიუხედავად ამისა, თქვენ მოგაწერენ ნაცნობობას ფრანჩესკო გუტადაუროსთან, რომელიც მატეო მესინას დის შვილია. ის ხომ მართლმსაჯულებას ემალება?
- ვერაფერს გეტყვით განსაკუთრებულს. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის მხოლოდ სამ-ოთხჯერ მყავს ნანახი. კიდევ გიმეორებთ - პალერმოში ბევრს ვუყვარვარ და მეც უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი.

- თქვენი ქორწინება საფრთხის ქვეშაა?
- არა, მაგრამ მე და ფლავიანა ხშირად ვჩხუბობდით. ის მსაყვედურობდა - სულელივით იქცევიო. ახლა ვხვდები, რომ მართალი იყო.

- რატომ "სულელივით"?
- იმიტომ, რომ ყველას ვხვდებოდი, ყველასგან ვიღებდი მიწვევებს, სხვადასხვა საღამოებსა და წვეულებებზე უარს არავის ვეუბნებოდი... ვფიქრობდი, რომ პალერმოში მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი, ოღონდ, როგორც ფეხბურთელი, მეტი არაფერი...

- არადა, თქვენი ბევრი კოლეგა ამისგან შორს იჭერს...
- ...და სწორადაც იქცევიან.

- პოლიტიკოსებიც ითხოვდნენ თქვენგან ყურადღებას?
- პალერმოს პროვინციის ხელმძღვანელთან ერთად ხშირად დავდივართ სკოლებში... მაგრამ მოდით, ნუღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს ამ თემაზე. ახლა რომ დავიწყო იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რაც ჩემი საყვარელი ქალაქისთვის, ან მთლიანად რეგიონისთვის გამიკეთებია, ორი კვირა დამჭირდება...

- მაგრამ ის რით ავხსნათ, რომ კორლეონეს საპატიო მოქალაქის წოდება ჩამოგართვეს?
- რა გითხრათ... არიან უმადური ადამიანებიც... არა უშავს, პასუხისმგებლობა ნაკლები მექნება და ყველაფერს წარსულში დავტოვებ.

- თქვენთან ფულის სათხოვნელად მოდიოდნენ?
- რამდენიც გნებავთ! ყველამ იცოდა ჩემი სახლი. სამი წლის წინ, "უდინეზესთან" თამაშის დროს, სახლი გაქურდეს. ყველაფერი წაიღეს. გადავწყვიტეთ, სხვაგან გადავსულიყავით... მარტო ფულს კი არა, ტანსაცმელსაც მთხოვდნენ. წელიწადში დაახლოებით 30 ათასი ევროს მაისურებს ვყიდულობდი, ბავშვებს და მოზარდებს ვურიგებდი. ამას გარდა, ფულს ვწირავდი სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას... ნუთუ ერთმა შეცდომამ შეიძლება ეს ყველაფერი გადახაზოს?

- დამეთანხმეთ: ძალიან ცოტა საფუძველია იმისთვის, რომ საფეხბურთო კუმირები გააიდეალონ?
- ეჭვგარეშეა. რომ არა ფეხბურთი, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიქნებოდი...

- "პალერმოსთან" კონტრაქტი ამოგეწურათ. ახლა რომელია თქვენი "ოცნების გუნდი"?
- მგონი, ძნელი არ უნდა იყოს ამის მიხვედრა...

- "ლეჩე"?
- რა თქმა უნდა?! აბა სხვა რომელი?!

- ხელფასი?
- ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ ამ საკითხზე.

- ...და დისკვალიფიკაცია რომ მოგისაჯონ?
- ფეხბურთში დღეს უამრავი ხალხი ტრიალებს, ვისაც ერთი კარის ძელი არ მოუპარავს, თორემ ისე... არა მგონია, საქმე დისკვალიფიკაციამდე მივიდეს.

- მაინც რომ მივიდეს?
- ხედავთ ამ ხეს? სან დონატოში ათ ჰექტარზე მაქვს გაშენებული ზეთის ხილის ხეები. თუ რამეა, მიწის ჩიჩქნასაც არ ვითაკილებ...

გიორგი გელაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფაბრიციო მიკოლი და სიცილიური მაფია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული