ერთადერთი გრანდი, რომელიც საერთო ფერხულში ვერ ეწერება, "ინტერია", რომელმაც რამდენიმე საშუალო დონის ფეხბურთელი დაიმატა და რეალურად, არც გაძლიერებულა.
ამიტომ, მილანური გრანდი ბევრმა უკვე ჩამოწერა და მას სატურნირო ცხრილის ზედა ათეულისთვის ბრძოლა უწინასწარმეტყველა.
შესაძლოა, ბევრს ეს ზედმეტად მკაცრად მოეჩვენოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ ჩემპიონატში "ნერაძურიმ" მხოლოდ მეცხრე ადგილი დაიკავა.
მოკლედ, "ინტერი" ლამის აუტსაიდერად გამოაცხადონ, თუმცა გამოჩნდნენ გამონაკლისებიც, რომლებმაც ვალტერ მაცარის გუნდს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს.
"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად ვალტერ მაცარის გუნდთან თამაში მიჭირდა.
მისი შეგირდები ფიზიკურად ყოველთვის იდეალურად არიან მომზადებულნი და ბრწყინვალედ იციან, რა უნდა აკეთონ მოედანზე.
ბოლო წლებში, "ნაპოლისთან" თამაშები ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რადგან თითოეული მონაკვეთისთვის თავდაუზოგავი ბრძოლა გვჭირდებოდა.
"ინტერში" მაცარის ზუსტად ისეთი ფეხბურთელები დახვდნენ, რომლებიც უსიტყვოდ დაუჯერებენ და მის ნებისმიერ მითითებას პირნათლად შეასრულებენ.
დარწმუნებული ვარ, "ნერაძური" მალე დიდ სიმაღლეებს მიაღწევს, კონკურენტუნარიანი კი უკვე ამ სეზონში იქნება და იოლად არაფერს დათმობს. ეს ჩვენც წაგვადგება, რადგან არ შეიძლება დიდი იტალიური დერბი უთანასწორო ბრძოლაში მიმდინარეობდეს. ძლიერი "ინტერი" იტალიის ჩემპიონატს მხოლოდ წაადგება," - ამბობს კიელინი.
ამასობაში, ფრედი გუარინმა ამოიდგა ენა და "ინტერში" პორტუგალიელი მცველის, როლანდოს მისვლას მიესალმა: "ვფიქრობ, როლანდო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დასამალი არაა, რომ გასულ სეზონში დაცვას უჭირდა და ამ რგოლის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.
როლანდო ჩემი ძველი მეგობარია და მინდა მის პიროვნულ თვისებებსაც გავუსვა ხაზი - ყოველთვის იდეალური ურთიერთობა ჰქონდა როგორც ფეხბურთელებთან, ისე მწვრთნელთან და გამომდინარე აქედან, ახალ გარემოს უპრობლემოდ მოერგება.
"ინტერის" მთავარი იარაღი ერთსულოვნებაა და როლანდო უკვე ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"