პირლო და ვიცე-პირლო: ანტონიო კონტემ შეგირდები დაახასიათა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და სხვადასხვა თემაზე საკუთარი შეხედულება გაუზიარა. ამ საუბრიდან ყველაზე საინტერესო მაინც შეგირდთა დახასიათება გახლდათ, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ...

ანდრეა პირლო
ჩემი აზრით, ანდრეა პირლო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და თუ რამე ბუცი, ბურთი და თასი არსებობს, ყველაფერი მას ეკუთვნის. როდესაც მოედანზეა, მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ გუნდი გამართულ ფეხბურთს ითამაშებს. ვგონებ, ანდრეასგან კარგი მწვრთნელიც დადგება და იმედია, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყოფს ხელს.

პოლ პოგბა
მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე ერთ-ერთი
საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ყველაზე უფრო საინტერესო კი ისაა, რომ უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა და სხვა არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. არჩევანი სხვა რგოლებშიც მაქვს და საკადრო პრობლემებს არ ვუჩივი, თორემ პოლ პოგბას გამოყენება თავდასხმაშიც შეიძლება. რაც მთავარია, მას მომატების რესურსი აქვს და ადგას კიდეც პროგრესის გზას.

არტურო ვიდალი
ვიდალის ყაიდის ფეხბურთელებზე ამბობენ, რომ შავ სამუშაოს ასრულებს და არ ჩანსო... არტუროს პლუსი კი ის გახლავთ, რომ შავ სამუშაოსაც ასრულებს, ჩანს კიდეც და ყველა ასპექტში ძლიერია. თანაბრად კარგია დაცვით და შეტევით ფაზაში, რაც იშვიათი უნარია. არტურო იშვიათი ფიზიკური მონაცემების პატრონია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში.

პრაქტიკულად, არადროს იღლება და მისი ეს თვისება ჩემში გაოცებას იწვევს. ვარჯიშების შემდეგ საწვრთნელ ბაზაზე რჩება და კიდევ ორი საათი იტვირთება. არ იფიქროთ, ბურთით ერთობოდეს, ტრენაჟორებზე ვარჯიშობს ან დარბის. მოკლედ, ვიდალი სამაგალითო სპორტსმენია, ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტეს 10 რჩევა კარლოს ტევესს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული