ისტორია ახლა კი არა, ფინიშზე შევქმნათ!
ზედიზედ 5 გამარჯვების მიუხედავად, "რომას" თავკაც რუდი გარსიას ურჩევნია, გუნდმა ისტორია შექმნას არა ახლა, არამედ სეზონის ფინიშზე - ახალი ჩემპიონის რანგში.
"დავწერეთ თუ არა უკვე "რომას" ახალი ისტორია? ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. რა თქმა უნდა, ასეთი სტარტი იმედით აღგვავსებს, მაგრამ სჯობს, ისტორია შევქმნათ ჩემპიონატის ბოლოს. ჯერჯერობით კი წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი", - ამბობს გარსია, რომელიც ზედმეტი
ფრანჩესკო ტოტი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და ცხადია, პრესკონფერენციაზე გარსიას ამაზეც მოუწია პასუხის გაცემა. ისე კი, საკვირველია, როცა ამგვარი კითხვები ისმის იმ ფეხბურთელზე, რომელიც 27 სექტემბერს 37 წლისა შეიქნება.
"ჩვენ ვერავინ გვასწავლის ტოტის მიმართ პატივისცემას. ის მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია და ალბათ ნახეთ, როგორ შევიდა მოედანზე და რა როლი ითამაშა გამარჯვების განმტკიცებაში. თუმცა გუნდში არიან სხვა ფეხბურთელებიც და თან - ძალიან ნიჭიერებიც".
თამაშს თამაშამდე ვერ მოიგებ
უზომო ქება-დიდების შემდეგ "ნაპოლიმ" ქომაგები გააწბილა - "სასუოლოს" ქულა გაატანა და ასპროცენტიანი შედეგი გააფუჭა. რა თქმა უნდა, ყველა თამაშს ვერ მოიგებ და რაფა ბენიტესი ამაში მართალია, მაგრამ საინტერესოა უფრო კონკრეტული მიზეზი.
"ვერ ვიტყვი, რომ ხარისხობრივად ცუდად ვითამაშეთ იმასთან შედარებით, რაც წინა მატჩებში იყო, მაგრამ ამჯერად თავი იჩინა ფსიქოლოგიურმა პრობლემამ, რაზეც მომავალში აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ - არ შეიძლება, მოგებული იყო თამაშის დაწყებამდე! როცა ხვდები გუნდს, რომელმაც წინა თამაში 0:7 წააგო, ეს მოდუნებას იწვევს. ამიტომაც დავრჩით ქულის ამარა", - ასე შეაჯამა თამაში ბენიტესმა.
შეფასება გააკეთა გუნდის ლიდერმა მარეკ ჰამშიკმაც: "კარგად ვიცი, რომ სერია A-ში იოლი თამაშები არ არსებობს. იცით, რატომ ვერ მოვიგეთ? იმიტომ, რომ 0:7-ის წაგების შემდეგ "სასუოლო" დღეს სამჯერ უფრო მეტად მონდომებული იყო, ვიდრე ჩვენ".
იყო თუ არა თამაშგარე?
ანტონიო კონტემ თქვა, რომ "იუვენტუსს" ბედმა გაუღიმა "კიევოსთან" საგარეო მატჩში (2:1 ტურინელთა სასარგებლოდ), რომელშიც თავიდან აგებდა. ჩემპიონმა ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა, თუმცა მალევე კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდებოდა, ალბერტო პალოსკის ნაღდი გოლი (ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ "კიევოს" ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში არ ყოფილა) რომ არ გაეუქმებინათ.
კონტე აღფრთოვანებული დარჩა "კიევოს" პრეზიდენტ ლუკა კამპედელის საქციელით - მატჩის შემდეგ ის გასახდელში ჩავიდა და ლაინსმენს, რომელიც მისი მეტოქის სასარგებლოდ შეცდა, მხარდაჭერა აღუთქვა.
"ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითო უნდა იყოს "კიევოს" პრეზიდენტის ჟესტი. იმედი მაქვს, პრესაც არ დაიხვევს ხელზე ამ ინციდენტს იმ მოტივით, თითქოს მსაჯები მუდმივად "იუვენტუსს" სწყალობენ. აქვე შეგახსენებთ "ლაციოსთან" მატჩში ჩვენ სასარგებლოდ არდანიშნულ 11-მეტრიანს, როცა ტევესის წინააღმდეგ დაარღვიეს წესები... ჩვენ უნდა ვეხმარებოდეთ მსაჯებს, მედია კი ცდილობს, ყველაფერში სკანდალი დაინახოს", - თქვა კონტემ.
რა დროს რისკზე წასვლა იყო?!
"მილანს" ბოლონიაში 2002 წლის მერე არ ჰქონდა წაგებული და მასპინძელი თითქოს ახლოს იყო ნავსის გატეხვასთან, მაგრამ უკვე მეორედ ამ სეზონში მასიმო ალეგრის გუნდმა ორბურთიანი დეფიციტი გააბათილა და ნატანჯი ქულა აიღო.
მატჩის შემდეგ ალეგრიმ თქვა, რომ კმაყოფილია თავისი შეგირდების თამაშით იმ ფონზე, რა საკადრო სირთულეების წინაშეც "მილანი" აღმოჩნდა. ერთადერთი, რასაც მწვრთნელი შეუწუხებია, თურმე ეს ყოფილა:
"გავბრაზდი იმის გამო, რომ 3:3-ის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა მეოთხე გოლის გატანაც მოინდომეს. არადა, მეოთხე გოლი აქეთ შეიძლებოდა მიგვეღო. ეს გაუმართლებელი რისკი იყო".
ამ მატჩში საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ მასპინძელთაგან სამივე გოლი იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, რომლებიც პირველად იყვნენ სასტარტო შემადგენლობაში - არგენტინელმა ჯონათან კრისტალდომ 3:1 გახადა ანგარიში, მანამდე კი ურუგვაელმა დიეგო ლაქსალტმა დუბლი გაიფორმა.
იტალია. სერია A. V ტური
ინტერი-ფიორენტინა 2:1
გოლები: 0:1 ჯ. როსი (60-პენ), 1:1 კამბიასო (72), 2:1 ჯონათანი (83)
ბომბარდირები: 5 - ჩერჩი (ტორინო); 4 - ჰამშიკი (ნაპოლი), ჯ. როსი (ფიორენტინა); 3 - კალიეხონი (ნაპოლი), პაულინიო (ლივორნო), პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ვიდალი (იუვენტუსი), ბალოტელი (მილანი), იგუაინი (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. V ტური: "რომა" გაფრინდა, "ნაპოლიმ" დაამუხრუჭა [VIDEO]