იტალია. სერია A. რომა-ნაპოლის წინ: არ გამოგრჩეთ ნამდვილი კალჩო

AutoSharing Option
"რომა"-"ინტერის" მატჩი შაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ იტალიის დედაქალაქში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამო ერთი დღით ადრე გადმოიწია.

მოკლედ, დიდი ჯახია - ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონატის ლიდერი და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები ხვდებიან…

"ნაპოლი" საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული - ეს გუნდი წლიდან წლამდე პროგრესირებს და თითქოს მომწიფდა კიდეც დიდი გამარჯვებისთვის. "რომამ" ბევრისთვის მოულოდნელად სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგო.

18 ოქტომბერს ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან, "სტადიო ოლიმპიკოს" ტრიბუნებზე კი არანორმალური ატმოსფერო დაისადგურებს. ნეაპოლელებმა დედაქალაქში უკვე აურიეს, ადგილობრივ ტიფოზებთან შეტაკება
მოუვიდათ და რამდენიმე ადამიანი დაშავდა კიდეც.

სამართალდამცავ ორგანოებს მობილიზება აქვთ გამოცხადებული, რადგან ყველამ კარგად იცის, რა შეიძლება მოხდეს იტალიაში კალჩოს ნიადაგზე.

და მაინც, მთავარი ფეხბურთია, რომელიც, წესით, ჩინებული უნდა გაჩაღდეს.

"რომა"
რომაელთა ბანაკში სიმშვიდეს ინარჩუნებენ და კომენტარებიც შესაბამისი კეთდება. "ჯალოროსის" მთავარმა მწვრთნელმა შეგირდებს სრული კონცენტრაციისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ "ნაპოლისთან" მატჩი მისი გუნდისთვის მორიგი გამოცდაა.

გარსია მხოლოდ ფედერიკო ბალცარეტის მოისაკლისებს, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, მატია დესტრო კი იმდენი ხანია ლაზარეთში, მხედველობაში აღარ მიიღება.

შეტევაში ფრანჩესკო ტოტის, ჟერვინიოს და ალესანდრო ფლორენცის ვიხილავთ - ამ უკანასკნელმა სადებიუტო გოლი გაიტანა "სკუადრა აძურაში" და თანაც, ლორენცო ინსინიეს პასით, ვინც 18 ოქტომბერს მისი მეტოქე იქნება. მოკლედ, "რომა" მზადაა დიდი ბრძოლისთვის.

"ნაპოლი"
"ნაპოლის" დანაკლისი ხუან კამილო ცუნიგათი შემოიფარგლება, რომელიც ტრავმირებულია. რადგან პაბლო არმერო ფორმაში არაა, დაცვის მარცხენა ფრთაზე ალბათ ჯანდომენიკო მესტოს ვიხილავთ.

მესტოს მთელი კარიერა მარჯვენა ფრთაზე აქვს გატარებული, მაგრამ ამჯერად მისი საჭიროება საპირისპირო ფლანგზეა.

რაფაელ ბენიტესი კვლავაც 4-2-3-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ გონსალო იგუაინს უკნიდან ტრიოს დაახმარს: ლორენცო ინსინიეს, მარეკ ჰამშიკს და ხოსე კალეხონს. მოკლედ, ცუნიგას როგორმე მოევლება და მთლიანობაში, "ნაპოლი" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

ბენიტესი მეტოქეს აქებს, თავისი შეგირდების კი სჯერა:

"მეტოქე ძლიერი გვყავს და ამაში დასარწმუნებლად სატურნირო ცხრილში ჩახედვაა საჭირო.

"რომა" დაბალანსებული გუნდია და თანაბრად კარგად ირჯება როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გველოდება, რომლის პროგნოზირება წარმოუდგენელია.

მჯერა ჩემი შეგირდების და ვიცი, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად თავს არ დაზოგავენ"
.

18 ოქტომბერი. რომი, "ოლიმპიკო"
რომა-ნაპოლი 22.45
დისკვალიფიკაცია: ბალცარეტი (რომა).
ტრავმა: დესტრო - ცუნიგა.
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +13=8-5, (51-32)
ბოლო 6 თამაში
6-0-0 5-1-0

სავარაუდო შემადგენლობები:
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, ტოროსიდისი - პიანიჩი, დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი, ტოტი, ჟერვინიო.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, მესტო - ინლერი, ბერამი - კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე - იგუაინი.

ბომბარდირები: 6 - ჩერჩი (ტორინო); 5 - როსი (ფიორენტინა), ჰამშიკი (ნაპოლი); 4 - ფლორენცი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. VII ტურის შეჯამება: როგორ აჯობა "იუვენტუსმა" "მილანს"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისევ ფორით:D:D:D
bacho
11:19 18-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული