ფაბიო კვალიარელა: მე ვარ ხელგაშლილი და იმპულსური

AutoSharing Option
ფაბიო კვალიარელა ტრავმას იშუშებს, უქმადაა და ამით კარგადაც ისარგებლა. "იუვენტუსის" 30 წლის ფორვარდმა ტიფოზების შეკითხვებს ინტერნეტით უპასუხა, კითხვა-პასუხებმა კი იტალიური სპორტული მედია მოიცვა. დროა, სიტყვა კვალიარელას გადავცეთ...

ვის წავიყვანდი უკაცრიელ კუნძულზე?
სიმონე პეპეს, რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებშიც შეუძლია გაგამხიარულოს. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს და ყოველთვის კარგ ხასიათზეა. სიმონესთან ვმეგობრობ და კუნძულზეც მასთან ერთად გავემგზავრებოდი.

რა სიტყვებით შეიძლება დავახასიათოთ "იუვენტუსი"?
ერთი სიტყვა არ მყოფნის, ორი უნდა ვთქვა: "გამარჯვებულის მენტალიტეტი"... ანტონიო კონტეც იმით განსხვავდება სხვა მწვრთნელებისგან, რომ შესანიშნავად შეუძლია, საკუთარი თავის რწმენა
გაგიმყაროს.

დაიკეტა თუ არა ჩემთვის "სკუადრა აძურას" კარი?
არა, ნამდვილად არ დაკეტილა. ჩეზარე პრანდელის ვესაუბრე და მითხრა, რომ ყურადღებით მაკვირდება. თუ კიდევ უკეთ ავთამაშდები, იტალიის ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად მიმიწვევენ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ.

რას გავაკეთებდი "რეალის" კარში გადამწყვეტი გოლის გატანის სანაცვლოდ?
ანტონიო კონტეს ვარჯიშზე გაორმაგებული დროით დავრჩებოდი. დამიჯერეთ, ეს უდიდესი მსხვერპლია.

ყველაზე უცნაური ნაბიჯი ჩემს ცხოვრებაში?
ერთ ნაბიჯს ნამდვილად ვერ გავიხსენებ, მაგრამ მეგობრები ყოველთვის დამცინიან, როდესაც გასართობად ატრაქციონების პარკში მივდივარ. ეს ჩემთვის საუკეთესო გართობაა, არადა, ბავშვობის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი.

ფეხბურთის გარდა, რომელ სპორტს გამოვარჩევ?
ფეხბურთელები ხშირად თამაშობენ გოლფს, მაგრამ პირადად მე, სპორტის ეს სახეობა საერთოდ არ მაინტერესებს. არც კალათბურთს და ჩოგბურთს ვეტანები. ერთადერთი, ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ ფორმულა 1-ს - "ფორცა ფერარი".

ჩემი საუკეთესო გოლი?
ყველაზე მეტად "პესკარასთან" და "კიევოსთან" ვარდნაში გატანილი გოლები მომწონს. ასევე, "უდინეზეს" კარში ქუსლით შეგდებული ბურთი მახსენდება, როდესაც "იუვენტუსში" პირველ სეზონს ვატარებდი. ხშირად აღნიშნავენ, რომ ეფექტური გოლები გამაქვს, რაც ძალიან მსიამოვნებს.

ფეხბურთი რომ არა, რა პროფესიას ავირჩევდი?
ვფიქრობ, მსახიობი გავხდებოდი, რადგან კინოხელოვნება ყოველთვის მიტაცებდა. გავრისკავ და ვიტყვი, რომ ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა. შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ ვცადო კიდეც ბედი, თუმცა ეს მაინც არ იქნება ჩემი უმთავრესი საქმე - მწვრთნელობას ვაპირებ და მსურს, ჩემი გამოცდილება ბავშვებს გავუზიარო.

როდის გამიცრუვდა იმედი?
ბევრჯერ, მაგრამ მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 5 წლის ვიყავი, როდესაც მამამ "სტადიო სან პაოლოზე" პირველად წამიყვანა; მაშინ ყველას დიეგო მარადონა ეკერა პირზე და მეც მისი ხილვა მინდოდა. სამწუხაროდ, დიეგო თადარიგში დარჩა და მეც ბევრი ვიტირე.

საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია?
ასეთი ბევრია: ალესანდრო დელ პიერო, ანტონიო დი ნატალე, ანდრეა პირლო, ჯანლუიჯი ბუფონი. კიდევ შეიძლება ჩამოთვლა, მაგრამ აქ გავჩერდები.

როგორ დავახასიათებდი ჩემს თავს?
ხელგაშლილი და იმპულსური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფაბიო კვალიარელა ბოლომდე იბრძოლებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული