ფერნანდო ლორენტე: იტალია სხვა სამყაროა

AutoSharing Option
წინა სეზონმა "იუვენტუსის" ხელმძღვანელებისთვის ცხადი გახადა, რომ "ბებერ ქალბატონს" ახალი, მაღალი კლასის ცენტრფორვარდი სჭირდებოდა და ტურინელებმა არჩევანი ფერნანდო ლორენტეზე შეაჩერეს.

თუმცა იმის გამო, რომ ბასკი გოლეადორის "იუვეში" გადასვლა ზედმეტად ადრე გადაწყდა, 28 წლის ლორენტეს "ბილბაოში" ბოლოს აღარ ათამაშებდნენ, რამაც ფორმიდან ამოაგდო. ფერნანდოს "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება თავიდან გაუჭირდა, ახლა კი "იუვეს" თავკაცი ანტონიო კონტე უკვე ხშირად ენდობა.

შესაბამისად, ლორენტე ფორმაში შევიდა და გოლების გატანაც დაიწყო. მართალია, იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ 2 გოლის გატანა მოასწრო (9 თამაშში), მაგრამ ჩემპიონთა
ლიგაშიც ორი გოლი აქვს გატანილი და თანაც, ორივე მადრიდის "რეალს" გაუტანა.

ლორენტე საუკეთესო ფორმისგან შორს აღარ არისო, ამბობს კონტე და უკეთესობის ტენდენცია უშუალოდ ფერნანდოს თამაშიდანაც ჩანს. "გაძეტა დელო სპორტში" ლორენტეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მხოლოდ "იუვენტუსის" ქომაგებს როდი დააინტერესებს.

- კონტემ თქვა, ლორენტე საუკეთესო ფორმისგან შორს აღარ არისო. თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას როდის უნდა ველოდოთ?
- ფაქტია, რომ დღითიდღე ვუმატებ. მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა რომ დაშავდნენ, მივხვდი, შანსი აუცილებლად მომეცემოდა და ვარჯიშებზე უფრო მოვუმატე. ასეც მოხდა და მწვრთნელი უფრო და უფრო დიდხანს მათამაშებდა. შესაბამისად, თავს მეც სულ უფრო და უფრო უკეთ ვგრძნობდი. ზოგადად, ცენტრალური თავდამსხმელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელის ნდობაა, რადგან გოლების გატანა, მით უმეტეს, იტალიაში, არც ისე ადვილია და მიხარია, რომ კონტე მენდობა.

- თავიდან თავდაჯერებაც გაკლდათ...
- არა მგონია, რომ ეს ვინმეს უკვირდეს. ზაფხულში ჩემთვის აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვალა: სხვა ქვეყანაში გადმოვბარგდი, ახალი მეგობრები შევიძინე, სხვა კლუბი, სხვა ქალაქი, სხვა გარემო - რა გასაკვირია, რომ ამდენ სიახლესთან შესაგუებლად დრო დამჭირდა. რაც მთავარია, "იუვეში" ყველამ მეგობრულად მიმიღო. ახლა კი, მას მერე, რაც ხშირად ვთამაშობ და გოლებიც გავიტანე, თავს მშვიდად ვგრძნობ და ვატყობ, რომ უკეთესადაც ვთამაშობ.

- წინა სეზონის მეორე ნახევარი თქვენთვის მძიმე იყო. რა ხდებოდა "ბილბაოში"?
- წარსულზე ლაპარაკი აღარ მინდა. ფაქტია, რომ ეს ჩემთვის კრიზისული პერიოდი გამოვიდა. ახლა ვხვდები, რომ შევცდი, "იუვენტუსში" გადასვლის ამბავი იანვარში რომ გავახმაურე, მაგრამ მე გულახდილი ვარ და გულახდილობა მიყვარს.

კრიზისის ბრალი იყო ისიც, რომ ტურინში ჩამოსვლისას თავდაჯერებული აღარ ვიყავი. თანაც, "იუვეს" თავდასხმაში უდიდესი კონკურენციაა - კონტეს განკარგულებაში ხომ ხუთი თავდამსხმელია. თანაც, ხუთივე ერთმანეთზე უკეთესია და ასეთ კომპანიაში შესაძლებლობების დამტკიცება არც ისე ადვილია. თუმცა მალევე მივხვდი, რომ გულმოდგინედ უნდა მევარჯიშა, ბევრი უნდა მეშრომა - შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს.

- საინტერესოა, რას გეუბნებოდათ და როგორ გარიგებდათ კონტე?
- მეუბნებოდა, მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნებაო. მე კი არა, "იუვენტუსში" თავის დამკვიდრება თავის დროზე ზინედინ ზიდანს და უფრო ადრე მიშელ პლატინისაც გაუჭირდათ. სერია A სხვა სამყაროა, რომელთან შეგუებაც ძალიან ძნელია, მაგრამ თუ ერთხელ შეეგუები და მიეჩვევი, მერე ყველაფერს მიაღწევ.

"იუვენტუსის" პირველ ვარჯიშებზე საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, მაგრამ მწვრთნელისა და თანაგუნდელებისგან მხარდაჭერას ვგრძნობდი და ამან თავდაჯერება დამიბრუნა. "სანტიაგო ბერნაბეუზე", "რეალთან" მატჩის წინ კონტე ძალიან დიდხანს მესაუბრა. მითხრა, რომ ასი პროცენტით მენდობოდა და დასძინა, ეს შენი მატჩიაო.

მართალია, წავაგეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მე კი გოლი გავიტანე, რომელმაც უდიდესი შვება მომგვარა.

- იტალიის ჩემპიონატს ბევრი მოსაწყენ ტურნირს უწოდებს. თქვენ რას ფიქრობთ?
- ჰო, იტალიის ჩემპიონატის კრიტიკა მეც ხშირად მესმოდა. გააჩნია, რას ვიგულისხმებთ მოსაწყენში. პირადად მე იტალიის ჩემპიონატი ახლაღა აღმოვაჩინე. ფეხბურთელისთვის ეს ძალიან დაძაბული და ტაქტიკურად საინტერესო ტურნირია. თანაც, აბსოლუტურად გამართლდა ჩემი მოლოდინი იმის თაობაზე, რომ იტალიაში თამაშის მოგება და გოლის გატანა გაცილებით ძნელია, ვიდრე ესპანეთში.

- "რომამ" ქულების დაკარგვა დაიწყო...
- ცხადი იყო, რომ "რომა" ყველა შეხვედრას ვერ მოიგებდა. ადრე თუ გვიან, უნდა წაეფორხილა და შესაძლოა, ახლა კრიზისიც კი დაეწყოს. "იუვენტუსი" კი სწორედ ასეთ დროს სარგებლობს ხოლმე. მგონია, რომ "რომას" მალე გადავასწრებთ.

ზოგადად, ბოლო წლებში მეგონა, რომ იტალიაში სერიოზული კონკურენცია არ იყო, მაგრამ რასაც აქ ვხედავ, სულ სხვა ვითარებაა. "იუვენტუსის" გარდა, მოსალოდნელზე ბევრი მართლა ძლიერი გუნდია: "ნაპოლი", "რომა", "ფიორენტინა", "ინტერი"... განსაკუთრებით, "ფიორენტინა" მომწონს.

- "იუვენტუსში" ყველაზე მეტად რომელმა ფეხბურთელმა გაგაოცათ?
- ანდრეა პირლომ. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ საოცარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როცა მისი თანაგუნდელი ხდები, პირლოს სულ სხვა კუთხით აღმოაჩენ. ჩემი მეგობრები და ახლობლები რომ მეკითხებიან, რა არის ყველაზე კარგი, რაც მანდ აღმოაჩინეო, ერთი სიტყვით ვპასუხობ: პირლო.

უკვე ვხედავ, რომ გარედან ან ტელევიზორში ამ ფეხბურთელის გენიალურობა ისე არ ჩანს, როგორიც სინამდვილეშია. მას მერე, რაც "იუვენტუსში" ვთამაშობ, სულ ვფიქრობ, ახლა არ გამოუვა პასი, ახლა ნამდვილად აღარ გამოუვა-მეთქი, მაგრამ მაინც ახერხებს, მაინც გამოსდის.

- "იუვეს" ტიფოზები პოლ პოგბაზეც გიჟდებიან...
- პოგბაზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ იანვრის მერე "იუვენტუსის" თამაშების ყურება დავიწყე და ამ ბიჭითაც აღვფრთოვანდი. პოგბას აქვს იმის პოტენციალი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

- ესპანეთის ნაკრებშიც დაბრუნდით...
- აქაც გამიმართლა: დიეგო კოშტამ ტრავმა მიიღო და მე გამომიძახეს. ვეცდები, რომ ეს შანსი გამოვიყენო და ვისენტე დელ ბოსკეს ნდობაც დავიმსახურო. დიეგო კოშტას გამო კი ძალიან ვწუხვარ და მას მთელი გულით ვქომაგობ. ვფიქრობ, რომ მის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფერნანდო ლორენტე მადრიდის "რეალსაც" მოუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული