აურელიო დე ლაურენტისი: კავანიმ მიიღო დიდი ფული, მაგრამ დღეს ის ზლატანის ჩრდილშია

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც იტალიური კლუბების მესვეურთა უმეტესობა ტრანსფერებში დიდძალი თანხის დახარჯვისგან თავს იკავებს, აურელიო დე ლაურენტისმა თავზე ხელი აიღო და ზამთარ-ზაფხულს კოლოსალური დანახარჯები აქვს.

თუ "მილანმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას სანაცვლოდ აღებული მილიონების დიდი ნაწილი ფინანსური პრობლემების მოგვარებას მოახმარა, ნეაპოლელებმა ესეკილ ლავეცისა და ედინსონ კავანიში აღებული თანხა ტრანსფერებში ჩააბრუნეს - მეტიც, სამხრეთელთა პრეზიდენტმა დაახლოებით 70 მილიონი ზემოდან დაამატა და მივიღეთ ის "ნაპოლი", რომელიც ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

სენიორ აურელიომ "რაი სპორტს" ინტერვიუ მისცა და ისეთი განცხადება გააკეთა, რომელმაც მთელი
საფეხბურთო იტალია აალაპარაკა. "ნაპოლის" პრეზიდენტის თქმით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალი ფეხბურთელების გადაბირებას 50 მილიონ ევროს მოახმარს. დიახ, დე ლაურენტისი რაფაელ ბენიტესს და რაც მთავარია, გუნდის უამრავ გულშემატკივარს დიდ საშობაო საჩუქარს უმზადებს. დე ლაურენტისმა სხვა თემებზეც ისაუბრა და დროა, კითხვა-პასუხზე გადავიდეთ...

- ელოდით, რომ "ნაპოლი" "იუვენტუსთან" ასე განადგურდებოდა?
- სამი ბურთის სხვაობით წავაგეთ, მაგრამ არ დამრჩენია განცდა, რომ ჩვენ გავნადგურდით. ბრძოლა იყო, რომელშიც თავისუფლად შეგვეძლო არათუ ქულა აგვეღო, მოგვეგო კიდეც. თუმცა მომენტები "იუვემ" გამოიყენა და მთლიანობაში, დამსახურებულად გაიმარჯვა. სეზონი გრძელია და არც ერთი გუნდი არაა დაზღვეული ასეთი მარცხისგან, თანა,ც ასეთ ძლიერ გუნდთან.

- "იუვენტუსის" ტიფოზები ნეაპოლელთა შეურაცხყოფისთვის დასაჯეს. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
- იტალიაში სამხრეთის და ჩრდილოეთის დაპირისპირებას ძველი ისტორია აქვს, რაც ხშირად ფეხბურთშიც ვლინდება. ვფიქრობ, სადისციპლინო კომიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ტურინელი ტიფოზები მთელი თამაშის განმავლობაში სწორედ სამხრეთელებს და კერძოდ, ნეაპოლიტანელებს შეურაცხყოფდნენ.

იმედია, მკაცრი სასჯელი შედეგს გამოიღებს და ასეთი რამ აღარ განმეორდება. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენს გულშემატკივრებზეც, რომლებიც ასევე შემჩნეულნი არიან ჩრდილოელთა ლანძღვა-გინებაში.

- როგორ აფასებთ რაფაელ ბენიტესის გაწეულ სამუშაოს?
- ბენიტესი ახალი ხედვით, ახალი იდეებით მოვიდა, ეს კი ჰაერივით გვჭირდებიდა. ჩვენ წლების განმავლობაში ვუყურებდით 3-5-2 ტაქტიკით მოასპარეზე "ნაპოლის" და მქონდა განცდა, რომ ამ სქემამ თავისი რესურსი ამოწურა. ამიტომ რაფას 4-2-3-1 მისწრება იყო გუნდისთვის და ვფიქრობ, შედეგებიც შესანიშნავი გვაქვს. სკუდეტოსთვის ვიბრძვით და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის მშვენიერი შანსი გვაქვს. ამიტომ რაფას მუშაობას ცალსახად დადებითად ვაფასებ.

- ადრე არასდროს გისაუბრიათ ტაქტიკა-სტრატეგიებზე...
- ფეხბურთში იდეალურად ნამდვილად ვერ ვერკვევი და თავს იშვიათად ვაძლევ იმის უფლებას, რომ ასეთ თემებზე ვისაუბრო. გაცილებით კარგად მესმის კინემატოგრაფია და იქ უფრო თავისუფლადაც ვსაუბრობ. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია: ბენიტესმა გუნდს ახალი სისხლი გადაუსხა.

- ვალტერ მაცარიზე რას გვეტყვით?
- მაცარის დღეს უდიდესი ავტორიტეტი აქვს და ამაში მას "ნაპოლი" დაეხმარა. ვფიქრობ, ჩვენი ღვაწლი არანაკლებ დიდია მაცარისადმი, ვიდრე მაცარის "ნაპოლისადმი". ვალტერმა თავი "ინტერს" მიჰყიდა. ეს აქამდე არასდროს მითქვამს, მაგრამ ყოველთვის ასე ვფიქრობდი. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა მას წარმატებები ვუსურვო.

- იგივე შეგიძლიათ თქვათ ედინსონ კავანიზეც?
- დიახ, ასეა, რადგან კავანის გაყიდვა ჩვენი ინიციატივა არ იყო. ედინსონმა კონტრაქტში ჩადებული პუნქტით ისარგებლა და იქ წავიდა, სადაც მეტი ფული იყო. პსჟ 65 მილიონ ევროს იხდიდა. ერთადერთი, ვინც ამ ტრანსფერს ჩაშლიდა, თავად ფეხბურთელი იყო, მაგრამ მან ეს არ მოისურვა. კავანიმ მიიღო დიდი ფული, მაგრამ დღეს ის ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილშია.

- კავანის სანაცვლოდ აღებული ფულით თქვენ არაერთი ტრანსფერი გაჩარხეთ...
- ჩვენ არაერთი ფეხბურთელი გადავიბირეთ და ამ საქმეს მხოლოდ კავანის სანაცვლოდ აღებული ფული ნამდვილად არ ეყოფოდა. მთლიანობაში, ახალწვეულთა თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ხოსე კალეხონმა გადააჭარბა ჩემს მოლოდინს; რაულ ალბიოლი ისეთი დამაჯერებელია, როგორც წარმომედგინა, ისევე, როგორც პეპე რეინა; დრის მერტენსს მეტი შეუძლია; გონსალო იგუაინი კი ახალი კავანია და კიდევ უკეთაც შეუძლია თამაში; კმაყოფილი ვარ სატრანსფერო პერიოდში გაწეული მუშაობით, თუმცა არანაკლებ საინტერესო ამბები ზამთარში გველოდება...

- რას გულისხმობთ?
- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერება გვაქვს განზრახული და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით და თუ მწვერვალზე ასვლა გვინდა, ახალი ფეხბურთელების დამატება აუცილებელია. კიდევ 50 მილიონი ევროს დახარჯვას ვაპირებთ და ფეხბურთელთა შერჩევის პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. ბუნებრივია, ამ საქმეში მთავარი სიტყვა ბენიტესს ეკუთვნის.

- მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ არ დამარცხებულა, არ გაშინებთ ამხელა თანხების ხარჯვა?
- "ნაპოლი" ევროპული საკლუბო ფეხბურთის გრანდი უნდა გახდეს და თუ ამ მიზნის მიღწევა გვსურს, კრიზისზე ფიქრის და მით უმეტეს, შიშების დრო არ უნდა გვქონდეს. კლუბის მენეჯმენტი კარგად მუშაობს, ფინანსური ფეარ პლეის პრინციპებს ვიცავთ და ამ პირობებში ვახერხებთ ახალი ფეხბურთელების შეძენას.

- ალბათ, ვერ ჩამოგვითვლით იმ ფეხბურთელთა გვარებს, რომლებსაც აკვირდებით...
- კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს რაფაელ ბენიტესის და სამწვრთნელო შტაბის კომპეტენციაა. პირადად მე, არავის ვაკვირდები, რადგან არც მწვრთნელი ვარ და არც სელექციონერი. ერთადერთი გუნდი, რომლის თამაშებსაც ყურადღებით ვადევნებ თვალს, ეს "ნაპოლია".

- ცნობილია, რომ იტალიის სარაგბო ნაკრების თამაშებს არ აცდენთ. რაგბიშიც ხომ არ აპირებთ ფულის ჩადებას?
- რაგბი ძალიან მომწონს და როდესაც ჩვენი ნაკრები რომში თამაშობს, ვცდილობ, ამ მოვლენას არ გამოვაკლდე. თუმცა, ფულის ჩადებას სპორტის ამ სახეობაში ჯერჯერობით არ ვაპირებ. ჩემი მთავარი გატაცება მაინც ფეხბურთია, ჩვენი ქალაქი ხომ სპორტის უპირველესი სახეობის გარეშე წარმოუდგენელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აურელიო დე ლაურენტისი გონსალო იგუაინის ტრავმის გამო 100 მილიონ ევროს ითხოვს
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე , იმედია ერთ კარგ ნახევარმცველს იყიდი ... ან ფორვარდს , მარტო იგუაინით შორს ვერ წავა ნაპოლი , ლორენცო ინსინიე კი , არ არის მაინც და მაინც ფორვარდი :)) უფრო მის უკან თამაშობს.
COTNESHUKVANI
11:48 15-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული