ანდრეა პირლო "იუვედან" წასვლას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
იტალია-გერმანიის ამხანაგურ შეხვედრაში ანდრეა პირლომ კიდევ ერთხელ მოახდინა კლასის დემონსტრირება და გვაჩვენა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე სწორედ ის იქნება "სკუადრა აძურას" ხერხემალი. მატჩის შემდეგ ანდრეა "კორიერე დელო სპორტს" გაესაუბრა და თამაშის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც გაამახვილა ყურადღება...

ნაკრები
იტალიის ნაკრების სამუნდიალე შანსებს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეა თითქმის ყველა დიდი საფეხბურთო ფორუმის წინ. კარგად მახსოვს, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატამდეც არავის სჯეროდა ჩვენი წარმატების და დაახლოებით ანალოგიური ვითარება იყო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე. გერმანელებთან შეხვედრაში
ნათლად გამოჩნდა, რომ მუნდიალის ფავორიტებს ბევრი არაფრით ჩამოვრჩებით. პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოლებთ.

სკუდეტოსთვის ბრძოლა
ჯერჯერობით საუკეთესო ფეხბურთს "რომა" აჩვენებს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ ტურში ქულები დაკარგეს. დედაქალაქელებს ძლიერი დაცვა და სახიფათო შეტევა ჰყავთ, რასაც მოაქვს კიდეც შედეგი. თუმცა არც ჩვენ ვართ ნაკლებნი და ვფიქრობთ, სკუდეტოს მოპოვების კარგი შანსი გვაქვს.

წესით, ჩემპიონობისთვის ბრძოლა სამ გუნდს შორის უნდა გაჩაღდეს და მესამე, რა თქმა უნდა, "ნაპოლია". უნდა მივაქციოთ ყურადღება "ფიორენტინასაც", რომელიც მარიო გომესის გარეშეც ახერხებს ძლიერი მეტოქეების დამარცხებას. ვფიქრობ, სკუდეტოსთვის ბრძოლა უპრეცედენტოდ საინტერესო იქნება.

მომავალი
"იუვენტუსიდან" ჩემ შესაძლო წასვლაზე ბევრს საუბრობენ და უნდა ვაღიარო, რომ ეს თემა ჩემთვისაც აქტუალურია. სეზონის ბოლოს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი მიმთავრდება და ჯერ კიდევ არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. დიდი შანსია, "ბიანკონერიში" დავრჩე, თუმცა არც წასვლას გამოვრიცხავ. არა იმიტომ, რომ გუნდის მწვრთნელთან და კლუბის მესვეურებთან კონფლიქტი მაქვს; შესაძლოა, უბრალოდ, ახალი გამოწვევა მივიღო. თუმცა დღეს ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია.

"მილანი"
"მილანიდან" წასვლა არასდროს მინანია და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში ჩემი გულის ნაწილი დარჩა. სამი წლის წინ არჩევანი გავაკეთე და ვფიქრობ, რომ ამით მხოლოდ მოვიგე. სამწუხაროა, რომ "როსონერი" ღრმა კრიზისშია, მაგრამ შეუძლებელია, ასე დიდხანს გაგრძელდეს - დარწმუნებული ვარ, მილანელები მალე იპოვიან გამოსავალს. მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომლებიც აუცილებლად ათამაშდებიან. ვფიქრობ, მილანს" ჯერ კიდევ შეუძლია მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა პირლო ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული