ამ თემაზე კომენტარი არაერთმა ცნობილმა პერსონამ გააკეთა, რომლებსაც ქვემოთ გაგაცნობთ...
ფაბიო კაპელო: "ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ იტალიაში ყველაზე რთულია ერთ კლუბში დიდხანს გაჩერდე. ერთხელ ეს მოვახერხე "მილანში" და დიდ შედეგებსაც მივაღწიე. ამ მხრივ, გაცილებით კომფორტული ვითარებაა ინგლისში.
მასიმილიანო ალეგრი კარგი მწვრთნელია, მან იცის თავისი საქმე, მაგრამ ვეჭვობ, რომ "როსონერიში" შესაძლებლობები ამოწურა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში
მოვიაზრებ თუ არა თავს ალეგრის შესაძლო მემკვიდრედ? - არა, ამაზე არც კი მიფიქრია. სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები ამ გუნდში გავატარე, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ამ ეტაპზე ჩემი "მილანში" დაბრუნება არც კი განიხილება".
ჩეზარე პრანდელი: "თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩემი "მილანის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნა გამორიცხულია. ბოლო დღეებში ამ თემაზეც ალაპარაკდნენ და მინდა ვითარებას ნათელი მოვფინო. ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, დავრჩები თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ეროვნული ნაკრების სათავეში - თუ წასვლა გადავწყვიტე, მინიმუმ ერთი სეზონი დავისვენებ. ასე რომ, ახლო მომავალში ჩემი "როსონერიში" დანიშვნა არ იგეგმება.
რაც შეეხება კრიზისს, ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს. ვფიქრობ, "მილანს" აქვს იმის რესურსი, რომ მძიმე დროება გადალახოს და აღმავლობის გზას უახლოეს მომავალში დაადგეს. მარიო ბალოტელი? - არაა საჭირო მასზე ამდენი ლაპარაკი, დანავსულ პერიოდს გადალახავს და ბევრ გოლსაც გაიტანს - ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".
პაოლო მალდინი: "ჩემს დროს თუ ყოფილა "მილანი" ასეთ მძიმე ვითარებაში? - კრიზისში არაერთხელ ვყოფილვართ და ვერაფრით გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მასიმილიანო ალეგრის ხელში გუნდი უპრეცედენტოდ ცუდ ფეხბურთს თამაშობს. შესაძლოა, 1982 წლის შემდეგ გუნდი ასე დაბლა არ დაშვებულა სატურნირო ცხრილში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითი მოვლენაა.
"მილანს" აქვს პოტენციალი და ეს "ჯენოასთან" შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა. სტუმართა კართან უამრავი მომენტი შეიქმნა, მაგრამ ბურთს არაფრით სურდა ბადეში გახვევა. ვფიქრობ, ალეგრის უნდა დასცალდეს, მას შეუძლია ვითარების გამოსწორება".
ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "ტრაგედიის შექმნა არ ღირს, რადგან კრიზისისგან დაზღვეული არც ერთი გუნდი არაა. "ჯენოასთან" ბალოტელი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წინა შეხვედრებში და ეს, მიუხედავად იმისა, რომ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. სუპერმარიო აუცილებლად ათამაშდება და მას გამოჯანმრთელებული სტეფან ელ შაარავიც მიეშველება. ცნობისთვის, მალე მატია დე შილიოც დაგვიბრუნდება, მათთან ერთად კი კრიზისს აუცილებლად დავძლევთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XIII ტური: მილანში დენთის სუნი ტრიალებს