იტალია. სერია A. XV ტურის შეჯამება და სიმბოლური: კონტეს მომგებიანი სისტემა

AutoSharing Option
XV ტურის უკანასკნელი შეხვედრა "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართა, სადაც "ინტერმა" "პარმას" უმასპინძლა. მატჩი მეტად დრამატული და სანახაობრივი გამოდგა - ტურის შეჯამებაც სწორედ ამ პაექრობით დავიწყოთ.

შემტევებმა იძალეს
"ინტერი"-"პარმას" პაექრობა ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მთლიანობაში, შემტევებმა აშკარად დაჯაბნეს მცველები. გუნდებმა სამ-სამი გოლი გაუტანეს ერთმანეთს და კიდევ ერთი შედეგიანი ფრე მივიღეთ. ამავე ტურში, 3:3 დასრულდა "ნაპოლი"-"უდინეზეს" ჯახი, "ლივორნომ" და "მილანმა" კი 2-2 გოლი გაცვალეს.

"ინტერი" ფავორიტად იყო შერაცხილი, მაგრამ თამაშს ეს არაფრით ეტყობოდა - "პარმამ" არათუ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, მთელ რიგ ეპიზოდებში
ჯობდა კიდეც. შემთხვევითი არაა, რომ ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლით და კარში დარტყმების რაოდენობით, უპირატესობა სწორედ ემილიელებს ჰქონდათ. მატჩის დასკვნითი ნაწილიც უფრო სტუმართა შეტევებში გაილია და თუ ვინმეს შეეძლო მეოთხე გოლის გატანა, უპირველესად, ეს სწორედ "პარმა" გახლდათ. თუმცა გოლები ისედაც საკმარისი რაოდენობით გავიდა.

ვალტერ მაცარი (ინტერი):
"როგორც აღმოჩნდა, "ინტერის" ბევრი ფეხბურთელი მზად არ არის, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. უამრავი შეცდომა დავუშვით და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით. ზონები მუდმივად ცარიელი გვრჩებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დაცვაზე სერიოზული სამუშაო გვაქვს. იმედია, მომდევნო შეხვედრას გაცილებით უკეთესად ჩავატარებთ".

სისტემა, რომელიც იგებს
"იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის "გალათასარაისთან" და გასაკვირი არ არის, რომ ანტონიო კონტემ "ბოლონიასთან" შეხვედრისთვის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა. მან კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე თადარიგში დატოვა, შეტევის წინა ხაზზე კი მირკო ვუჩინიჩი და ფაბიო კვალიარელა გაამწესა.

"იუვემ" თავის სტილში - მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და თითქოს, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაიწერა სამი ქულა აქტივში. როგორ ახერხებს "ვეკია სენიორა" ასე სტაბილურად ასპარეზობას და განურჩევლად იმისა, თუ როგორ შემადგენლობას დააყენებს კონტე? - ამაზე თავად მწვრთნელმა ისაუბრა:

"ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც იგებს და ეს განურჩევლად იმისა, თუ ვინ გადის მოედანზე სათამაშოდ. "იუვენტუსი" არის მობილური გუნდი, რომელიც სწორად რეაგირებს ყველა სათამაშო ნიუანსზე. თუმცა ამით სულაც არ ვაკნინებ თავად ფეხბურთელთა როლს და მნიშვნელობას - სწორედ ისინი ასრულებენ ჩემს დავალებებს და ქმნიან ამ სისტემას. "ბოლონია" ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ, კარგ ფორმაში ვართ და თურქეთშიც მოსაგებად მივდივართ".

ბერლუსკონი: "მილანს" მე ვჭირდები!
მარიო ბალოტელი ათამაშდა, გოლს გოლზე იტანს, მაგრამ "მილანს" მაინც არ ეშველა არაფერი - გუნდი ისევ კოჭლობს და ანიავებს ქულებს გასვლაზე თუ სახლში. ამჯერად ლომბარდიულმა გრანდმა "ლივორნოს" ვერ მოუგო და კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი. მატჩის შემდეგ პრესასთან გასაუბრება კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განიზრახა:

"გასული სეზონის პირველი ნახევარი კოშმარულად ჩავატარეთ, რასაც ჩემი კლუბის საქმეებში უფრო აქტიური ჩარევა და პროგრესი მოჰყვა. საბოლოოდ, გუნდი მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ. იძულებული ვარ, კვლავაც აქტიურად ჩავერთო კლუბის საქმეებში, რათა არსებული კრიზისი რაც შეიძლება მალე დავძლიოთ. ტრანსფერები? - არ არის გამორიცხული, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ექსტრაკლასის ფეხბურთელი გადავიბიროთ, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ გადაჭრის პრობლემას."

სილვიო ბერლუსკონიმ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს თავსატეხი დაუტოვა - კიდევ რა სჭირდება "მილანს" და რას აპირებს ბერლუსკონი - მწვრთნელის გამოცვლას თუ მწვრთნელის საქმეებში ჩარევას, რასაც მას პერიოდულად აბრალებენ?..

დაბრუნდა, გაიტანა, მოაგებინა...
ლაპარაკია "რომას" თავდამსხმელზე, მაგრამ არა ფრანჩესკო ტოტიზე, არამედ მატია დესტროზე. 22 წლის თავდამსხმელმა ტრავმა მოიშუშა და მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა. თანაც რა გოლით, მისმა შედეგიანმა დარტყმამ "რომას" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ნათლად გამოჩნდა, რომ "ჯალოროსის" სჭირდება კარგი ცენტრფორვარდი, დამგვირგვინებელი, რადგან რაც უნდა კარგად ირბინონ ფლანგებზე ჟერვინიომ, ადემ ლიაიჩმა და ალესანდრო ფლორენციმ, შეტევებს დაბოლოება სჭირდება. ეს დამგვირგვინებელი სწორედ დესტრო აღმოჩნდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მწვრთნელი მას მომავალშიც დაეყრდნობა.

და ერთი საგულისხმო ამბავი - დაახლოებით ორი თვის წინ პრესაში მატია დესტროს ფოტო დაიბეჭდა, სადაც ჩანდა, რომ ფეხბურთელს 10 კილო მაინც ჰქონდა მომატებული. მაშინ ჟურნალისტებმა ლამის ჩამოწერეს ახალგაზრდა ფორვარდი და ბლომადაც აშაყირეს - მაგალითად, ერთ-ერთი სტატია ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "როგორც ჩანს, მატიას დედა კარგ ღვეზელს აკეთებს".

როგორც ხედავთ, დესტრო არათუ გამოჯანმრთელდა, წონაშიც სწრაფად დაიკლო და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგა.

პეტკოვიჩი წასვლის პირას
გასული სეზონი "ლაციოსთვის" წარმატებული გამოდგა - კარგა ხანს გუნდი სკუდეტოს მოპოვების პრეტენდენტად ითვლებოდა, საბოლოოდ კი იტალიის თასი მოიგო და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა. თანაც, თასის ფინალში "ლაციომ" "რომა" დაამარცხა, რითაც გულშემატკივრები გააბედნიერა. მოკლედ, ვლადიმირ პეტკოვიჩის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეფასდა და ახალ სეზონსაც რომაელები დიდი იმედებით შეხვდნენ.

თუმცა მიმდინარე სეზონში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც "ბიანკოჩელესტეს" ბანაკში სურთ. რომაული გუნდი, პრაქტიკულად, ყველაფერს აგებს და დიდი ნაბიჯებით მიექანება სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ. "ტორინოსთან" წაგება შესაძლოა ფატალური გამოდგეს პეტკოვიჩისთვის, რომლის წასვლაც ბევრს უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია. კულუარული ინფორმაციით, 10 დეკემბერს "ლაციოს" დირექტორთა საბჭოს რიგგარეშე ყრილობა შედგება და შესაძლოა, ბალკანელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითონ.

ტურის სიმბოლური ნაკრები (4-3-3)
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XV ტური: ორი გამოიკვეთა: "იუვე" და "რომა" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული