იტალიის თასი. 1/8-ფინალი: "იუვენტუსი" პირველი მერცხალია

AutoSharing Option
წინასაშობაოდ იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, დანარჩენი შეხვედრები კი უკვე 2014 წელს შედგება. პირველი მეოთხედფინალისტი "იუვენტუსია", რომელმაც სერია B-ს ბინადარ "აველინოს" უმასპინძლა და მეტოქე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა.

ანტონიო კონტემ იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებსაც სერია A-ში ნაკლებად ენდობა. მაგალითად, კარში მარკო სტორარი იდგა, დაცვაში მარტინ კასერესი და ანჯელო ოგბონა ვიხილეთ, შუახაზში სიმონე პადოინი, პაოლო დე ჩელიე და მარკო მოტა, შეტევაში კი სება ჯოვინკო და ფაბიო კვალიარელა. მიუხედავად ამისა, ტურინელები იოლად გაუმკლავდნენ მეტოქეს და საქმე
პირველივე ტაიმში მოამთავრეს.

ჯერ კიდევ მე-7 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჯოვინკო მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა, 1:0. სულ მალე ტურინელებმა სტანდარტულით იხეირეს - საჯარიმოში ჩააწოდეს ბურთი, სადაც კასერესმა შორეული ძელი დაკეტა და ანგარიში გააორა. მესამე გოლი კვალიარელას ანგარიშზეა, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე. მეორე ტაიმში ტურინელებმა ბურთი გააგორეს და ანგარიშიც აღარ შეცვლილა 3:0.

ნამატჩევს, ანტონიო კონტე საპრესკონფერენციო დარბაზში არ გამოჩენილა და ამბობენ, რომ ამის მიზეზი ჟურნალისტებზე გაბრაზებაა - როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო თავსდამტყდარი კრიტიკა "იუვეს" თავკაცმა მძიმედ გადაიტანა.

ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი შეხვედრები უკვე 2014 წელს გაიმართება - ტურინელები განსაკუთრებული ყურადღებით "რომა"-"სამპდორიას" პაექრობას მიადევნებენ თვალს, რადგან მეოთხედფინალში სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა. აქვე დავძინოთ, რომ ნახევარფინალამდე, წყვილში გამარჯვებულს მხოლოდ ერთი მატჩი ავლენს.

იუვენტუსი-აველინო 3:0
გოლები: 1:0 ჯოვინკო (7), 2:0 კასერესი (16), 3:0 კვალიარელა (34).
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი - კასერესი, ოგბონა, პელუზო - მოტა (82. ლიხტშტაინერი), პადოინი, მარკიზიო, ასამოა (68. ბუი), დე ჩელიე - ჯოვინკო (82. პეპე), კვალიარელა.

1/8-ფინალის დარჩენილი მატჩები

9 იანვარი:
ფიორენტინა-კიევო, რომა-სამპდორია; 10 იანვარი: უდინეზე-ინტერი; 15 იანვარი: ლაციო-პარმა, კატანია-სიენა, მილანი-სპეცია; 16 იანვარი: ნაპოლი-ატალანტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული