პაოლო დი კანიო: "ლაციოს" დღემდე ვგულშემატკივრობ, მაგრამ გამორიცხულია...

AutoSharing Option
"ლაციო" ღრმა კრიზისშია, კლუბის მესვეურები კი გამოსავალს ეძებენ. პრესასთან კომენტარი პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ გააკეთა და უმჯობესია, ჯერ მას გადავცეთ სიტყვა:

"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - ფაქტია, რომ სერიოზული ცვლილებები გვჭირდება. თუმცა არ მსურს ცვლილებების გაკეთება ცვლილებებისთვის; მთავარია, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სერიოზული საფუძველი ჰქონდეს.

ვესაუბრე ვლადიმირ პეტკოვიჩს და სიმართლე გითხრათ, ბოლომდე თავდაჯერებული არ მომეჩვენა. რამდენიმე სპეციალისტზე ვფიქრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწვრთნელი აუცილებლად შეიცვლება. ფაქტია, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ"
.

კლაუდიო ლოტიტოს კომენტარი ისეთივე არეულია, როგორც "ლაციოს" თამაში მიმდინარე სეზონში,
მაგრამ ერთი ცხადია - პრეზიდენტი ცვლილებებს გეგმავს. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2014 წლის მუნდიალის შემდეგ ვლადიმირ პეტკოვიჩი შვეიცარიის ნაკრებს ჩაიბარებს და საკითხავი მხოლოდ ისაა, ზაფხულამდე მაინც თუ დატოვებენ ბალკანელს "ბიანკოჩელესტეს" სათავეში.

აქვე ვლადიმირის მოკლე კომენტარი:

"ვამაყობ, რომ შვეიცარიის საფეხბურთო ასოციაციიდან შემოთავაზება მივიღე. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა და მზად ვარ, ეროვნული გუნდის საკეთილდღეოდ თავი არ დავზოგო. ამასთან, ვამაყობ, რომ "ლაციოს" მწვრთნელი ვარ, რადგან ამ გუნდით იტალიის თასის გათამაშება მოვიგე.

არც მიმდინარე სეზონში ვირჯებით ურიგოდ, მაგრამ ფატალურად არ გვიმართლებს. "ლაციო" არასდროს იქნება ჩემთვის სულერთი"
.

იტალიურ სპორტულ პრესაში პეტკოვიჩის შესაძლო შემცვლელზე ალაპარაკდნენ და პაოლო დი კანიოს მიადგნენ - ძირძველ "ლაციალეს", თუმცა...

დი კანიომ "ლაციო" გამორიცხა
იტალიელი ჟურნალისტები მყისვე დაუკავშირდნენ დი კანიოს და მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს...

- ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში "ლაციოს" ჩაიბარებთ...
- "ლაციოს" დღემდე ვგულშემატკივრობ, მაგრამ გამორიცხულია, რომ უახლოეს მომავალში ამ გუნდს ჩავუდგე სათავეში.

- რატომ?
- მიზეზი მარტივია: "ლაციოს" პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტოა, რომელთანაც საშინელი ურთიერთობა მაქვს. უფრო სწორად, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს.

- რა დაგიშავათ ასეთი ლოტიტომ?
- ჩვენი ხედვები არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში. ვლადიმირ პეტკოვიჩი არაფერ შუაშია. ძნელია მუშაობა, როდესაც ყველაფერი წინასწარაა ცნობილი. ლოტიტო ვერასდროს შექმნის ისეთ გუნდს, რომელიც დიდ მიზნებს შეეჭიდება.

- მაინც რაში ცდება ასე კლაუდიო ლოტიტო?
- ჩვენ ბევრჯერ მოგვსვლია კამათი, მაგრამ ის კაცი არ ვარ, პრივატული საუბრები ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანო. უბრალოდ, ვიტყვი, რომ კლაუდიოსთვის კლუბის სპორტული წარმატებები მეორეხარისხოვანია, მთავარი კი მისი ბიზნესი და შემოსავლებია. ანუ მისთვის მთავარია, "ლაციო" კომერციულად მომგებიანი პროექტი იყოს.

- ზოგადად თუ გსურთ "ლაციოს" მწვრთნელობა?
- "ლაციოს" ჩემი გული ეკუთვნის და ამით ყველაფერია ნათქვამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული