ეჭვმიტანილი, რომელსაც მოედანზე არავისი ეშინოდა - ინტერვიუ ჯენარო გატუზოსთან

AutoSharing Option
ის 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მინდვრიდან არ გავიდა, აი ასე, უბრალოდ განუცხადა მწვრთნელს არსადაც არ გავალ, თამაშს ვაგრძელებო და კარლო ანჩელოტის ცვლილების გასაკეთებლად სხვა ფეხბურთელის გაყვანა მოუხდა.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების მერე, მან მარჩელო ლიპის სიხარულისგან სახეში ხელი გაარტყა, სიყვარულით.

მან ერთი სეზონი გაატარა შოტლანდიაში და გიჟმაჟ სკოტებს თავი შეაყვარა, თავად კი იქიდან ცოლი გამოიყოლა. იგი ყელში წვდა მხცოვან ჯო ჯორდანს და ცოტა ხანი თავისზე არანაკლებად ექსცენტრიულ მაურიციო ძამპარინის "პალერმოში" იმუშავა უკვე მწვრთნელის სტატუსით.

ახლახან კი, ის
მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, მაგრამ ირწმუნება არაფერ შუაში ვარ და ეს დამტკიცდებაო.

ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რაც შეიძლება ჯენარო გატუზოზე ვთქვათ და აჯობებს, ახლა თავად რინოს მოვუსმინოთ...

- "რეინჯერსში" მხოლოდ ერთი სეზონი გაატარეთ, მაგრამ ის პერიოდი გამორჩეული იყო, არა?
- ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო. გლაზგოში გავიაზრე, რომ მართლა კარგი ფეხბურთელი შემეძლო გავმხდარიყავი. ჩემი ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ვოლტერ სმიტის დარ მწვრთნელთან მუშაობა.

- თქვენ პირველად გიწევდათ იტალიის ფარგლებს გარეთ თამაში და მომავალი ცოლიც მაშინ გაიცანით. რას გვეტყვით კიდევ შოტლანდიაში გატარებულ პერიოდზე?
- მე ჩემი მეუღლე მამამისის რესტორანში გავიცანი, სადაც მეგობრებთან ერთად საჭმელად მივედი. მამამისი თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი გახლავთ, ხოლო მე ძალიან გამიმართლა, რომ ეს შეხვედრა შედგა.

Sportall.Ge

- ვოლტერ სმიტი წავიდა და ახალი მწვრთნელის დიკ ადვოკაატის შემდეგ, სიტუაცია აირია...
- "რეინჯერსის" მარცხენა მცველი დაშავდა და ადვოკაატი მის შემცვლელად მათამაშებდა, მაგრამ მისი დაბრუნების მერე, სათადარიგოთა სკამზე დამსვა, რადგან სხვაგან ჩემს ადგილს ვერ ხედავდა. მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ნახევარდაცვაში შემეძლო თამაში და ამის გამო, იტალიაში დაბრუნებას და "სალერნიტანაში" ტრანსფერს დავთანხმდი. დიახ, მე და ადვოკაატი ერთმანეთს კარგად ვერ ვუგებდით.

- თქვენ უამრავ კარგ მწვრთნელთან გიმუშავიათ. კარლო ანჩელოტი, ჯოვანი ტრაპატონი, მარჩელო ლიპი... რომელი იყო ტაქტიკურად ყველაზე მრავალმხრივი?
- ყველანი ძალიან ძლიერი პიროვნებები არიან. ცოტა განსხვავებულები, მაგრამ უაღრესად ნიჭიერები. ტრაპატონი მამასავით იყო, ლიპი მძლავრი გახლდათ, ხოლო ანჩელოტი ტრაპატონის მსგავსი, მაგრამ თანამედროვე და ტაქტიკურად ბრწყინვალედ მომზადებული. ლიპი დაცვითი სქემებისა და დეტალებისადმი განსაკუთრებით ყურადღებიანი და მრავალმხრივი გახლდათ, რაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებამაც დაადასტურა.

- რამდენად ძნელი იყო კონცენტრირება 2006 წლის მუნდიალზე, მაშინ, როდესაც კალჩოპოლის სკანდალი ახალი აგორებული გახლდათ?
- ეს ლიპის უდიდესი დამსახურებაა. იგი გარკვეულ წილად დაკავშირებული იყო ამ სკანდალთან, მისი ვაჟის გამო, მაგრამ ოლიმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ეს სიმშვიდე და თავდაჯერება გადმოგვდო ჩვენც.

- ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის თასის აღმართვა განსაკუთრებული მიღწევაა, მაგრამ კიდევ რომელი მოგონებაა თქვენთვის გამორჩეული?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. საბოლოოდ, სამ მუნდიალზე ვიასპარეზე. თუ იქ გამარჯვებას შევძლებდი ვერც წარმომედგინა. ასევე ძალიან ემოციური იყო "მილანთან" ერათად მოგებული პირველი ჩემპიონთა ლიგა, როდესაც ნახევარფინალში "ინტერი" დავამარცხეთ, ხოლო ფინალში ბრწყინვალე "იუვენტუსი".

- 2003 წელს მომხდარი ინციდენტის გამო, რაიმე პრობლემა ხომ არ იყო თქვენსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს შორის, როდესაც შემდგომ "მილანში" თანაგუნდელები გახდით?
- არასოდეს არ ყოფილა პრობლემა. ჩვენ ვიყავით და ვართ კარგი მეგობრები. მაშინ უბრალოდ ვცდილობდი არაფერი დამეთმო მეტოქისთვის, რომელიც ორი ჩემხელა იყო! მინდორზე არასდროს არაფრის და არავისი არ მეშინოდა.

Sportall.Ge

- 2011/2012 წლების სეზონის მერე, "მილანი" "სენატორებს" შეელია. როგორ დაიგეგმა ამდენ ლეგენდასთან ერთობლივად განშორება და როგორ გამცნოთ ამის შესახებ ადრიანო გალიანიმ?
- ბოლო წამს, "მილანს" უნდოდა ჩემი შენარჩუნება და კონტრაქტიც მომიმზადეს, მაგრამ მე მესმოდა, რომ ეს ისტორია დამთავრებული იყო, თანაც როდესაც ვხედავდი თუ როგორ ტოვებდა გუნდს ჩემი ამდენი ძველი მეგობარი.

- როგორ შეხვდით ანდრეა პირლოს "იუვენტუსში" გადასვლას თქვენ, ალესანდრო ნესტა, მასიმო ამბროზინი, კლარენს ზეედორფი და სხვანი?
- ჩვენ პროფესიონალები ვართ და გარკვეულ წესებს უნდა დავმორჩილდეთ. რა თქმა უნდა, პირლოს წასვლა "მილანისთვის" დიდი დანაკარგი იყო, ხოლო "იუვენტუსისთვის" მისი მისვლა დიდი შენაძენი.

Sportall.Ge

- "ტოტენჰემის" სამწვრთნელი შტაბის წევრ ჯო ჯორდანთან იმ სკანდალური ინციდენტის მერე თუ გქონიათ კონტაქტი? თქვენს შორის უთანხმოება ამოწურულია?
- პრობლემა აღარ არის. მე მაშინ შეცდომა დავუშვი და მისდამი პატივისცემა არ გამოვიჩინე. თუმცა ჩემს პროვოცირებასაც ჰქონდა ადგილი.

- ვინ იყო ყველაზე უხერხული მეტოქე მინდორზე?
- უამრავი ძალიან კარგი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ყველაზე არაპროგნოზირებადი ზინედინ ზიდანი გახლდათ.

- თვლით, რომ მედია ზოგჯერ ამეტებდა თქვენს სათამაშო სტილთან დაკავშირებით და ამუქებდა სურათს?
- არა, მე ყოველთვის ხისტად ვთამაშობდი, მაგრამ ფეირ პლეის წესების დაცვით. ჟურნალისტები კი თავის საქმეს აკეთებდნენ, როდესაც ჩემს მებრძოლს ხასიათს და სათამაშო სტილს აღწერდნენ ხოლმე.

- მწვრთნელიც ისეთი თავდაუზოგავი და შემართული იქნებით, როგორიც ფეხბურთელი იყავით?
- ფეხბურთელობისას საკუთარი შესაძლებლობები ზუსტად ვიცოდი და თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი. უდიდეს შრომას მოითხოვს მწვრთნელობაც, მაგრამ ცხადია, სხვა სპეციფიკაა... აქ შენი შრომის გარდა, ხვდები, რომ მინდორზე ათი გატუზო არ არის და ყველას თავისი სტილი და ხასიათი აქვს.

Sportall.Ge

- როგორია მაურიციო ძამპარინისთან ერთად მუშაობა? ბოლო წლებში ის ზედმეტად ნაჩქარევად და ხშირად ხომ არ ცვლის მწვრთნელებს?
- მიუხედავად გარკვეული აზრთა სხვადასხვაობისა, ძამპარინის მიერ მოცემული შანსის წყალობით, მე გარკვეული გამოცდილება მივიღე და ახლა უკვე არა მხოლოდ ყოფილი ფეხბურთელის, არამედ მწვრთნელის თვალებითაც ვხედავ ყველაფერს.

- თქვენ ძალიან წარმატებული "მილანის" წევრი იყავით. ახლა კი გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს. ელოდით ასეთ ჩავარდნას?
- ჩემთვის ეს სიურპრიზი არ არის. მთლიანად იტალიურ ფეხბურთშია პრობლემები და კრიზისი. სისტემური ცვლილებებია საჭირო. თუმცა "მილანმა" იცის სირთულეების დაძლევა, გუნდს ამის რესურსი და გამოცდილება ნამდვილად აქვს. "როსონერის" სისხლში გამარჯვებაა.

- რამდენად ცუდად იმოქმედა თქვენზე მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებით ახლახან აგორებულმა სკანდალმა, რომელსაც თქვენც გიკავშირებენ?
- ეს რთული და არასასიამოვნო გამოცდილებაა, მაგრამ პრობლემა წყდება და მალე ყველაფერი გაირკვევა. ძალიან მესიამოვნა ჩემდამი სიმპათიით განწყობილი უცნობი ხალხის, არამარტო "მილანის" გულშემატკივრების, თბილი და გამამხნევებელი გამოხმაურებები, რომლებიც მრავლად არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჯენარო გატუზო მზადაა, თავი მოიკლას, თუ...
მკითხველის კომენტარები / 1 /
იგი ყელში წვდა მხცოვან ჯო ჯორდანს და ცოტა ხანი თავისზე არანაკლებად ექსცენტრიულ მაურიციო ძამპარინის ---------------------------------------------ასევე, მომავალ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული