იტალია. სერია A. XX ტურის შეჯამება და სიმბოლური: არის კი ინტრიგა?

AutoSharing Option
მე-20 ტურში "იუვენტუსმა" და "რომამ" ისევ წყვილად გაიმარჯვეს; სამაგიეროდ, "ნაპოლის" დაუცდა ფეხი და პრაქტიკულად, გამოეთიშა სკუდეტოსთვის ბრძოლას.

კლარენს ზეედორფმა "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩი მოიგო, ექსმილანელმა ალესანდრო მატრიმ კი ახალ გუნდში ბენეფისი მოიწყო; "ინტერი" გენუურ ტალახში ჩავარდა, ჩეზარე პრანდელი კი სასუოლოს სანაკრებო კანდიდატებზე დასაკვირვებლად ესტუმრა - ამ ყველაფერზე ქვემოთ...

ზეედორფის დებიუტი
ტურის უკანასკნელი შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "ვერონას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით მარიო ბალოტელიმ გაიტანა.

ეს მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე
მოხდა. "მილანმა" უფერული მატჩი ჩაატარა და თამაშით ალბათ არც იმსახურებდა გამარჯვებას. "ვერონა" ორგანიზებულად იცავდა თავს და მეტოქისთვის ბევრი შანსი არ მიუცია. ერთი ეგაა, ბოლოს სტუმართა მცველებმა კონცენტრაცია დაკარგეს, სრულიად უწყინარ ეპიზოდში კაკა საჯარიმოში მოცელეს.

ერთი სიტყვით, კლარენს ზეედორფს მძიმე, მაგრამ წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. მართალია, ჰოლანდიელი ოდნავ მოკრძალებული ჩანდა სათადარიგოთა სკამზე და თითქოს, თამამად ვერც კარნახობდა შეგირდებს, მაგრამ სქემა კი შეუცვალა გუნდს... "როსონერი" 4-2-3-1 ტაქტიკით გაისარჯა.

ნამატჩევს, ზეედორფმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "წინ დიდი სამუშაო გვაქვს და ვეცდებით, არსებული ხარვეზები უმოკლეს დროში აღმოვფხვრათ. კარგად მესმის, რომ ეს ის "მილანი" არაა, რომლის ნახვაც გულშემატკივრებს სურთ. გამარჯვება საქმეს გაგვიადვილებს, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს. ბალოტელი ბრწყინვალე ფორვარდია, მასზე უდიდეს იმედს ვამყარებ".

არის კი ინტრიგა?
"იუვენტუსი", პრაქტიკულად, შეუჩერებელია - ანტონიო კონტეს გუნდი ერთი ამოსუნთქვით იგებს მატჩებს და დამაჯერებლად უდგას სატურნირო ცხრილს სათავეში. არის კი სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში საჩემპიონო ინტრიგა თუ კალჩოს მოყვარულები ხავსს ეჭიდებიან? - ამ თემაზე საინტერესო კომენტარები გააკეთეს თავად მწვრთნელებმა:

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "თითოეული მატჩის წინ ვცდილობ, შევახსენო ფეხბურთელებს, რომ წინ კიდევ ნახევარი სეზონია და მოდუნება ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს. "იუვენტუსის" ისტორიას ახსოვს ფაქტები, როდესაც თითქმის მოგებული სკუდეტო ხელიდან გაუშვია. ასე რომ, ბრძოლა ბოლომდეა საჭირო. არის თუ არა ინტრიგა? - "რომა" ბრწყინვალედ ასპარეზობს და ამ გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედაქალაქში ვართ ჩასასვლელები".

რუდი გარსია (რომა): "ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს ამ ტვირთით ვამძიმებ. ჩვენი უმთავრესი მიზანი მუდმივი პროგრესი და წინსვლაა, დანარჩენი კი თავისით მოვა. "იუვენტუსი" არანორმალურად ძლიერია და ეს პირადად ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. შეიძლება კი "ბიანკონერის" კრიზისი დაეწყოს? - კი, ამისგან არავინაა დაზღვეული და სწორედ ესაა ჩვენი შანსი".

"ნაპოლი" მზად არაა
"ნაპოლიმ" კიდევ ერთხელ წაიფორხილა ბოლონიაში, სადაც ამ გუნდს არასდროს სწყალობდნენ. "ნაპოლი", უბრალოდ, არაა მზად, იბრძოლოს სკუდეტოსთვის. რაფაელ ბენიტესის მუშაობა სეზონის ბოლოს შეფასდება, მაგრამ ერთი ცხადია - პირველივე სეზონში გუნდი განვითარების ახალ ეტაპზე ვერ აიყვანა.

"ნაპოლი" იბრძვის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ეს რეალობა უკვე მე-20 ტურში დადგა - ვალტერ მაცარის გუნდი კი სკუდეტოსთვის უფრო დიდხანს იბრძოდა. მიუხედავად ამისა, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა და ერთი გაჩარხული ტრანსფერის შესახებ გვამცნო:

"განვლილი პერიოდით კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ გუნდი სწორად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რაფაელ ბენიტესის ხელში დიდ წარმატებებს მივაღწევთ. აქვე გამცნობთ, რომ "ვერონას" შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო ფრელო უკვე ნეაპოლშია და მასთან ხელშეკრულებას გავაფორმებთ. მხოლოდ 22 წლისაა და ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს".


მატრის გარდასახვა
ტურის მიმოხილვაშიც აღვნიშნეთ, რომ ის, რაც ალესანდრო მატრიმ "მილანში" ნახევარ სეზონში ვერ შეძლო, "ფიორენტინაში" ერთ ტაიმში გააკეთა.

ფლორენციელები "კატანიას" ესტუმრნენ, სამი გოლი გაუტანეს და სახლში ამდენივე ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ. მატრის აქტივში ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა - ასეთ წარმატებულ დებიუტზე ალბათ მხოლოდ ოცნებობენ.

"ფიორენტინას" სჭირდებოდა ცენტრფორვარდი, ამ შემთხვევაში მატრი და ალბათ, ეს უკანასკნელიც ისეთ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც მწვრთნელისგან განსაკუთრებული ნდობა სჭირდება. არიან მოთამაშეები, რომლებიც დიდ კონკურენციაში იკარგებიან და მათი შანსისთვის გამოყოფილ კონკრეტულ დროში თავის გამოჩენა უჭირთ - სამაგიეროდ, როდესაც ალტერნატივა არ ჰყავთ და მთელი იმედები მათზეა, საქმეს ხუთიანზე ასრულებენ.

პრეზენტაციაზე "ფიორენტინას" პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ ალესანდრო მატრის 10 გოლის გატანა სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო - სოციალურ ქსელებში ეს დიალოგი "მილანის" ტიფოზებმა გააშარჟეს და მასხრად აიგდეს. არადა, პირობის მეხუთედი მატრის უკვე შესრულებული აქვს.

"ლაციოს" ტიფოზები ჩვეულ სტიქიაში
ედუარდო რეიას ხელში "ლაციომ" მკვეთრად მოუმატა და სატურნირო ცხრილშიც დაწინაურდა. რომაული გუნდი ლიდერებს მიუახლოვდა და თუ ასე გააგრძელა, ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოლებს. გასულ უქმეებზე "ბიანკოჩელესტემ" უდინეში მოიგო და თანაც ისე, რომ გადამწყვეტი გოლები კაცნაკლულმა გაიტანა. მოკლედ, "ლაციო" ფორმაში შედის და "იუვენტუსს", რომელთანაც მომდევნო ტურში უწევს დაპირისპირება, კარგ ხასიათზე ხვდება, მაგრამ...

"ლაციოს" ულტრასებმა გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებს მიმართეს და "იუვენტუსთან" წაგება მოსთხოვეს. ეს თემა მყისვე აიტაცეს სოციალურ ქსელებში და "ბიანკოჩელესტეს" ქომაგთა აბსოლუტურმა უმეტესობამ სწორედ ულტრასთა პოზიცია გაიზიარა. მიზეზი გასაგებია - სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვეს" კონკურენტი "რომაა" და "ლაციოს" ქომაგებს უპირველესი მტრის ხელშეწყობა არ სურთ.

დაახლოებით ამგვარი ვითარება იყო წლების წინ, როდესაც "რომა" "ინტერის" კონკურენტი იყო სკუდეტოსთვის ბრძოლაში - მაშინ, "ლაციო"-"ინტერის" პაექრობისას, "ბიანკოჩელესტეს" ქომაგები სწორედ მილანელებს უჭერდნენ მხარს და როდესაც "ნერაძურიმ" მათი გუნდის კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, დიდი ბანერი გამოფინეს ირონიული შინაარსით: OH, Noooo.

"ინტერი" ტალახში
ლიგურიის რეგიონში სტიქია მძვინვარებდა და ვალტერ მაცარის გუნდსაც მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მოუხდა ასპარეზობა. "ჯენოამ" და "ინტერმა" ბურთი ტალახში აგორეს და საბოლოოდ, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ უფრო მონდომებულნი სწორედ მასპინძლები ჩანდნენ. "ინტერს" უჭირს და ჯერჯერობით არც ტრანსფერები ჩანს.

ნამატჩევს ვალტერ მაცარიმ იღბალს შესჩივლა, მომენტები გვქონდა და არ ვიცი, რატომ ვერ გამოვიყენეთო. გულშემატკივრებს ხარვეზების აღმოფხვრას შეპირდა და კითხვას ტრანსფერებზე თავი აარიდა.

პრანდელი სასუოლოში
"სასუოლო"-"ტორინოს" პაექრობას არც მივაქცევდით ყურადღებას, ამ ქალაქში ჩეზარე პრანდელი რომ არ ჩასულიყო. იტალიის ნაკრების თავკაცი სწორედ ამ პატარა ქალაქს ესტუმრა და ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი. "ტოროში" "სკუადრა აძურას" ორი კანდიდატი ასპარეზობს: ალესიო ჩერჩი და ჩირო იმობილე, "სასუოლოში" კი დომენიკო ბერარდის ვარსკვლავი ამობრწყინდა.

ტურინელებმა აშკარად დაჯაბნეს მეტოქე და დამაჯერებლად გაიმარჯვეს, ჩამოთვლილ შემტევთაგან კი ყველაზე უკეთ იმობილე გაისარჯა. ჩირო ბომბარდირთა დავაშიც ჩართულია, "სასუოლოსაც" გაუტანა და მთლიანობაში, ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებს პრანდელი.

ტურის სიმბოლური ნაკრები (3-4-3)
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XX ტური: "ბებერ ქალბატონს" მხოლოდ "რომა" ხედავს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორზა ტორო
torino fc
11:36 21-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული