ნეაპოლური ვნებათაღელვა. მარეკ ჰამშიკი: ადრე უკეთ ვთამაშობდი

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლიდერი მარეკ ჰამშიკი ამბობს, რომ მისი გუნდი მეორე ადგილისთვის იბრძვის და სკუდეტოს მოგება უკვე არარეალურია. 26 წლის სლოვაკის აზრით, იგი ვალტერ მაცარის ხელში უკეთ თამაშობდა, მაგრამ მან ამასაც თავისი ახსნა მოუძებნა და აღნიშნა, რაფაელ ბენიტესისა და ახალი პროექტის მჯერაო.

ნეაპოლიტანელთათვის ყველაზე სასიხარულო კი მის სიტყვებში ის იყო, რომ ჰამშიკმა კიდევ დიდი ხნით დაუკავშირა თავი "ვეზუვიანის", არსად წასვლას არ ვაპირებო.

"ჩვენ მეორე ადგილისთვის ვიბრძვით, რათა პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ, "რომა" არც ისე შორსაა. სკუდეტოს მოპოვება ძალიან ძნელი იქნება.
სამწუხაროდ, "იუვენტუსს" შესანიშნავი სერია აქვს, საგრძნობლად წინაა და არა მგონია, ამდენი ქულა დაკარგოს.

"ფიორენტინა"? დიახ, ფლორენციელები მოგვიახლოვდნენ და მათი ნახევარდაცვა ძალიან მომწონს, ანდერსონი "იებს" ნამდვილად გამოადგებათ. "რომაში" ყველაზე მეტად მირალემ პიანიჩი მომწონს, მას რამდენიმე წელია ვაკვირდები. დედაქალაქელები ძალიან კარგად ასპარეზობენ, მათ ასეთ თამაშს არ ველოდი, მაგრამ არა მგონია, რომ "რომას" გადასწრება არ შეგვიძლია.

ჩემი თავით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ. წინა წლამდე ყოველთვის მარცხენა ნახევარმცველად ვთამაშობდი, ბენიტესის მოსვლის მერე კი გარკვეული ცვლილებაა. შესაძლოა, მაცარის დროს უკეთ გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ ამ მწვრთნელთან ერთად დიდი ხანი ვიმუშავე. ვწუხვარ თუ არა, რომ "ინტერში" მისი საქმეები კარგად არ მიდის?

კი, ვწუხვარ პირადად მაცარის გამო და არა "ინტერზე". სანამ აქ თავს ბედნიერად ვიგრძნობ და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ვიქნები, წასვლაზე არ ვიფიქრებ. "ნაპოლის" მაისურით კიდევ 200 მატჩის ჩატარებას ვაპირებ. არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. სიმორცხვის გამო არა, ზოგადად. ვფიქრობ, ამ კუთხითაც კიდევ უფრო უნდა გავიზარდო და მოვუმატო"
- განაცხადა ჰამშიკმა.

გონალონის უარის მიზეზი
პარალელურად, "სან პაოლოს" ბინადრები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებენ. როგორც იცით, "ნაპოლი" დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა "ლიონიდან" მაქსიმ გონალონის გადაყვანას და თითქოს, ამით თავად ფეხბურთელიც დაინტერესებული გახლდათ, მაგრამ... აქამდე ვიცოდით, რომ ბოლო წამს ფრანგულმა კლუბმა ახალგაზრდა ნახევარმცველის ფასი გაზარდა და შეთანხმება ამან ჩაშალა; საქმე სხვა რამეში ყოფილა, ამას თავად გონალონი გვეტყვის:

"მართალია, "ნაპოლის" მწვრთნელსა და პრეზიდენტს ვესაუბრე. თუმცა ბოლო მომენტში "ლიონს" ვერ ვუღალატე, მე ამ გუნდის კაპიტანი ვარ და მინდა, მის წევრად დავრჩე. ასევე, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა მსურს"
- განაცხადა გონალონმა.

იტალიაში მხოლოდ "ნაპოლი"
კარგი ამბავი "ვეზუვიანის" ფანთათვის, ანუ მთელი ქალაქისთვის ისაა, რომ ესეკიელ ლავეცის თქმით, თუ იგი იტალიაში დაბრუნდება, მისი პირველი არჩევანი სწორედ "ნაპოლი" იქნება და მხოლოდ მერე განიხილავს სხვა შემოთავაზებებს. თუ როგორ უყვართ "პოჩო" ნეაპოლიტანელებს, ამას თქმაც არ უნდა, არგენტინელს დიეგო მარადონასავით აღმერთებდნენ. ბოლო დროს, ლავეცის ხშირად უკავშირებდნენ "ინტერს", მაგრამ თავად თავდამსხმელის თქმით, მილანელები მას არ შეხმიანებიან.

ესეკიელ ლავეცი: "თუ ვალტერ მაცარი დამირეკავს, მე მას ვუპასუხებ, მაგრამ "ინტერის" მხრიდან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ეს ყველაფერი ჭორია, სიმართლე კი ის არის, რომ პსჟ-ში ვარ და თავს აქ კარგად ვგრძნობ. თუ იტალიაში დავბრუნდები, ჩემი პირველი არჩევანი "ნაპოლი" იქნება, რომელიც სამუდამოდ ჩემს გულშია. ვფიქრობ, რაფაელ ბენიტესი ძალიან კარგად მუშაობს და ფანები კმაყოფილები უნდა იყვნენ".

"მესტალიისკენ"
ამასობაში, როგორც ჩანს, "ნაპოლიმ" ახალი თავშესაფარი უპოვა ედუ ვარგასს, რომელიც თავის დროზე დიდი იმედით მოიყვანეს, მაგრამ მისი ნეაპოლური კარიერა არ აეწყო. ჩილელი "გრემიოში" იყო განათხოვრებული, ახლა კი ალბათ "ვალენსიაში" ჩაირიცხება, სადაც არგენტინელი მწვრთნელი ხუან ანტონიო პიცი ვარგასს ალბათ უკეთ "გახსნის" და აათამაშებს.

24 წლის შემტევი, წესით, დღეს შეათანხმებს ყველა დეტალს "მესტალიას" ბინადრებთან და თუ მხარეები საბოლოოდ მოილაპარაკებენ, მისი დებიუტი უკვე მომავალ უიქ-ენდზე შეიძლება შედგეს. ესპანურ-იტალიური პრესის ცნობით, "ვალენსია" ვარგასის ხელფასის ნაწილს დაფარავს და ჯამში, "ნაპოლის" 1,5 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო მომავალ ზაფხულს, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, არენდა შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული