იტალიაში 2013 წლის საუკეთესოები გამოავლინეს

AutoSharing Option
2014 წელი ძალას იკრებს, იტალიაში კი 2013 წლის საფეხბურთო სეზონი შეაჯამეს. ფედერკალჩომ წლის საუკეთესო ფეხბურთელები, მწვრთნელი, მსაჯი და გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულებს ქვემოთ გაგაცნობთ...

საუკეთესო მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)
წლის საუკეთესო მეკარედ სამირ ჰანდანოვიჩი აღიარეს, რომელმაც "ინტერში" ჟულიო სეზარი წარმატებით შეცვალა. მიმდინარე სეზონშიც, თუ ვინმეს მიმართ ვერ ექნებათ პრეტენზიები "ნერაძურის" ქომაგებს, ეს სწორედ სამირი გახლავთ. ჰანდანოვიჩის კონკურენტები იყვნენ ჯანლუიჯი ბუფონი და ფედერიკო მარკეტი.

საუკეთესო მარჯვენა მცველი: კრისტიან მაჯო (ნაპოლი)
თითქოს კრისტიან მაჯო ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც ორი-სამი წლის წინ, მაგრამ იტალიაში
ასე არ ფიქრობენ. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ნეაპოლელი კვლავაც პირველია და თანაც, ისეთ კონკურენტებს უსწრებს, როგორებიც შტეფან ლიხტშტაინერი და ინაციო აბატე არიან. არადა, ბოლო დროს მაჯოს ტრავმები აწუხებს.

საუკეთესო მარცხენა მცველი: მატია დე შილიო (მილანი)
ახალგაზრდა მცველი, რომელიც სწორედ 2013 წელს გაიცნო საფეხბურთო მსოფლიომ. მატია დე შილიომ თინეიჯერულ ასაკში მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და თანაც, რა გუნდში, თვით "მილანში". მეტიც, დე შილიოს სამსახურით ჩეზარე პრანდელიც დაინტერესდა და იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. ერთი სიტყვით, მატიასთვის 2013 წელი სულაც არ გამოდგა თარსი.

საუკეთესო ცენტრალური მცველები: ანდრეა ბარცალი, ჯორჯო კიელინი (ორივე - იუვენტუსი)
საგულისხმოა, რომ საუკეთესო ცენტრალური მცველების ნომინაციაში ანდრეა ბარცალის და ჯორჯო კიელინის კიდევ ერთი "იუვენტინო", ლეონარდო ბონუჩი უწევდა კონკურენციას. ბოლო დროს ბონუჩის პოზიციები უფრო მყარად მოჩანს და ბარცალისთვის საუკეთესოდ დასახელება უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

საუკეთესო ნახევარმცველები: ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი (ორივე - იუვენტუსი), ბორხა ვალერო (ფიორენტინა)
შუა ხაზშიც ტურინელები დომინირებენ, რაშიც გასაკვირი არაფერია - "იუვემ" ხომ ერთი ამოსუნთქვით მოიგო ჩემპიონატი. ამ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს ანდრეა პირლომ და არტურო ვიდალმა. მათთან ერთად, ბორხა ვალერო გამოარჩიეს, რომელიც იტალიურ ფეხბურთს იდეალურად მოერგო. ესპანელი "ფიორენტინას" ლიდერი გახდა და ჯერჯერობით პოზიციის დათმობას არ აპირებს.

ედინსონ კავანი (ნაპოლი/პსჟ), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), მარიო ბალოტელი (მილანი)
სამ საუკეთესო ფორვარდშია ედინსონ კავანი, რომელიც მიმდინარე სეზონში ფრანგულ პსჟ-ში ასპარეზობს. ურუგვაელი "ნაპოლის" მთავარი დამრტყმელი ძალა იყო და ნახევარ წელში მოასწრო იმდენი, რომ საუკეთესოებში მოხვდა. აქვეა მარიო ბალოტელი, რომელიც სწორედ 2013 წლის სტარტზე გახდა "მილანის" წევრი და ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. მიმდინარე სეზონში მარიომ გოლებს მოუკლო, მაგრამ გუნდისთვის ისევე შეუცვლელია, როგორც წინა სეზონში. აქვეა ანტონიო დი ნატალე და მასზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რაც ბალოტელის შემთხვევაში - ტოტო უფრო გასულ სეზონში ბრწყინავდა და რადგან ბოლო დროს დათმო პოზიციები, კარიერის დასრულებაც განიზრახა.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეა პირლო (იუვენტუსი)
ანდრეა პირლოს მთავარი კონკურენტი არტურო ვიდალი გახლდათ, რომელსაც ფანტასტიკური წელი ჰქონდა. მიმდინარე სეზონში ჩილელი, უბრალოდ, შეუდარებელია, რაზეც მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა მეტყველებს. თუ ასე გააგრძელა არტურომ, 20 გოლს მაინც მოუყრის თავს, რაც ნახევარმცველისთვის გასაოცარი შედეგია.

თუმცა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ანდრეა პირლო დაასახელეს, რომელსაც კალჩოში განუზომელი ავტორიტეტი აქვს. პირლო მაინც პირლოა - თავისი განუმეორებელი თამაშის მანერით, უბადლო ტექნიკით, საოცარი მოედნის ხედვით, ბრწყინვალე გადაცემებით და საჯარიმო დარტყმებით.

სერია B-ს საუკეთესო ფეხბურთელი: დომენიკო ბერარდი (სასუოლო)
დომენიკო ბერარდის უკვე კარგად ვიცნობთ, რადგან მან უკვე სერია A-შიც გაიბრწყინა. ახალგაზრდა ფორვარდმა "მილანს" პოკერი შეუსრულა და საფეხბურთო მსოფლიოს გააცნო თავი. თუმცა, სანამ მას მსოფლიო გაიცნობდა, იტალიაში სერია B-ში ასპარეზობით გაითქვა სახელი; ბრწყინვალედ გაისარჯა და "სასუოლოს" აღზევებაში ლომის წილი დაიდო.

საუკეთესო მწვრთნელი: ანტონიო კონტე (იუვენტუსი)
მესამე სეზონია, ანტონიო კონტეს "იუვენტუსი" იტალიურ საკლუბო ფეხბურთში დომინირებს. ახალგაზრდა მწვრთნელმა შეძლო და ისეთი გუნდი შექმნა, რომელიც სეზონს ერთი ამოსუნთქვით, სერიოზული ჩავარდნის გარეშე ატარებს. ჯერჯერობით კონტეს "იუვემ" ევროარენაზე ვერ მიაღწია წარმატებას, მაგრამ საშინაო ასპარეზზე სრული დომინანტია - კონტე 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელია იტალიურ ფეხბურთში.

საუკეთესო გუნდი: იუვენტუსი
"იუვენტუსი" მიჯრით ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მაგრამ ამ გუნდს მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ ექმნება. 2013 წელს "ვეკია სენიორამ" არაერთი რეკორდი დაამხო, საკუთარი მიღწევები გააუმჯობესა და ახალი ფურცელი ჩაწერა კლუბის მდიდარ ისტორიაში. "იუვე" უდავოდ იტალიის საუკეთესო გუნდია.

საუკეთესო მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
2013 წელს ნიკოლა რიცოლიმაც განსაჯა ისეთი მატჩები, რომლებმაც ბევრი კითხვის ნიშანი დაბადა, მაგრამ მთლიანობაში, ის მაინც საუკეთესო გახლდათ. რიცოლი არა მარტო იტალიური, ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული რეფერია და შემთხვევითი არაა, რომ აპენინიდან მუნდიალზე სწორედ ის მიემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული